Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძველი ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითგადარჩენას ცდილობს


საქართველოს პოლიტიკური ძალების უუნარობამ შეთანხმებას მიაღწიონ საარჩევნო კოდექსზე, ანუ არჩევნების ორგანიზების წესზე, ძველ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თვითგადარჩენის ინსტინქტი გააღვიძა.

საარჩევნო კომისია ცდილობს არჩევნებისთვის საჭირო სამუშაო დაგეგმოს და სათანადო დაფინანსებაც მიიღოს. თუმცა, პარლამენტის მსგავსად, ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისია ახერხებს მუშაობის დასაწყებად საჭირო კვორუმის შეგროვებას.

საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო კანონმდებლობის ნებისმიერ ვარიანტზე შეთანხმება ავტომატურად გამოიწვევს ცნტრალური საარჩევნო კომისიის შეცვლას. თუმცა ზოგიერთი პოლიტიკური ძალა, საერთოდ, საარჩევნო კოდექსის მიღებამდეც კი მოითხოვს მოქმედი ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტას. ასეთი ვითარება ნეგატიურ გავლენას ახდენს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის ხარისხზე, ასე ფიქრობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გია ზესაშვილი:
[ზესაშვილის ხმა] „ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს და ახდენს კიდევაც, მე მგონი, ადმინისტრაციაზე ასე ლაპარაკი. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ადმინისტრაცია, არამედ, საერთოდ - უნდობლობის ფაქტორს აჩენს, ძალიან სერიოზულ უნდობლობის ფაქტორს."

როგორც ჩანს, ამ უნდობლობითაა გამოწვეული ისიც, რომ პოლიტიკურ პარტიათა ნაწილი თავს ვალდებულად აღარც კი მიიჩნევს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკუთარი წარმომადგენელი მიავლინოს. სწორედ ამ მიზეზით ვერ მოხერხდა 22 მაისს 12 საათისთვის დანიშნული საარჩევნო ადმინისტრაციიის სხდომის ჩატარება. კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გია ზესაშვილი 1 საათი ელოდა 10 კაცის - საარჩევნო კომისიის სხდომის გასახსნელად საჭირო კვორუმის - შეგროვებას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მთავარი ოპოზიციონერი დენის დავითაშვილი კომისიის მუშაობის ჩაშლას გარე ოპოზიციას აბრალებს.

[დენის დავითაშვილის ხმა] „უკვე ძალიან დიდი სირცხვილია, აი, ამ პირობებში, აი, ამ კომისიის არსებობა. დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა წარმომადგენლებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათ საქართველოს ბედ-იღბალი არ აინტერესებთ. არ გამოცხადდა არც ერთი ოპოზიციური იმის წარმომადგენელი, აი, ამაშია მთელი უბედურება." [სტილი დაცულია]

22 მაისის 18 საათზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მაინც მოახერხა კვორუმის შეგროვება და სხდომის ჩატარება. კომისიას დასამტკიცებელი აქვს საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების ძირითად საარჩევნო ღონისძიებათა გეგმა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა, ასევე საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების შექმნა და სხვ. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი 5 მილიონ ლარიანი ხარჯთაღრიცხვა გაცილებით აღემატება ბიუჯეტით განსაზღვრული თანხის მოცულობას, 2 მილიონ ლარს. გია ზესაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თვითგადარჩენის ინსტინქტის გამოღვიძებას ასე განმარტავს:

[ზესაშვილის ხმა] „ჩვენ მუშაობა გვევალება ორგანული კანონით და ამის გამო ვმუშაობთ ჩვენ და არა იმიტომ, რომ ვიღაცას უნდა შეცვლა ან არშეცვლა. ჩვენ კანონით გვევალება ეს საქმე და მე ვფიქრობ, რომ ბოლომდე უნდა შევასრულოთ ეს საქმე. თუ ისევ გაჭიანურდება 2-3 თვე გადაწყვეტილების მიღება, ამომრჩეველთა სიების შედგენა ჩაიშლება".
XS
SM
MD
LG