Accessibility links

logo-print

რატომ არ დადიან პარლამენტარები სხდომებზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო სესია 28 ივნისს გაიმართება. დარჩენილი სამი სასესიო კვირის მანძილზე პარლამენტს უამრავი კანონპროექტი აქვს განსახილველი და მისაღები.

საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის სტილის გათვალისწინებით, საეჭვოა, სამუშაო გეგმა რეალობად იქცეს. სამწუხაროდ, ერთ დროს აშშ-ის მთავრობის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე რეფორმატორულად აღიარებულ საქართველოს პარლამენტში რამდენიმე წლის წინათ დაწყებული კრიზისი კვლავ გრძელდება.

პარლამენტში კვორუმის შეკრება ისევ დიდი პრობლემაა. 22 მაისს შუადღის 4 საათამდე პარლამენტში 118 პარლამენტარის შეკრება ვერ მოხერხდა, რაც სხდომის დაწყების აუცილებელი პირობა გახლდათ. ცნობისთვის: 22 მაისს, გეგმით, პარლამენტს უნდა მოესმინა მთავრობის მოხსენება ბიუჯეტის შესრულების შესახებ, სახელმწიფო მინისტრის განმარტება თავისი განცხადების თაობაზე, რომ 1999 წლის საპარლამენტრო არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, და დაეწყო საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა.
რატომ არ მოვიდნენ პარლამენტარები სხდომაზე? - ამ კითხვასთან დაკავშირებით სხვადასხვა ფრაქციას სხვადასხვა ვერსია აქვს. ოპოზიციის განცხადებით, კვორუმის არარსებობა განსაზღვრეს სახელისუფლებო ფრაქციებმა, რომლებიც ასე ცდილობენ თავიდან აიცილონ მთავრობის ანგარიშის მოსმენა. ნაციონალური მოძრაობის წევრის კოტე კემულარიას განცხადებით:
[კოტე კემულარიას ხმა] " დღეს აქ არ შედგა კვორუმი და, როგორც ჩანს, არც შედგება სწორედ იმიტომ, რომ მთავრობაა მოსასვლელი. არ სურს ამ ხალხს, რომ აქ დღეს მოსახლეობამ მოისმინოს, რა სჭირს ამ მთავრობას, ამ ქვეყანას ამათი გამოისობით. ამიტომ, კვორუმი დღეს სწორედ სამთავრობო ფრაქციების მიერ არის შეგნებულად ჩაგდებული."
პარლამენტარ ჯუმბერ პატიაშვილს სამთავრობო ფრაქციების გამოუცხადებლობის მიზეზად საარჩევნო კანონმდებლობა მიაჩნია, რადგან ფიქრობს, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია არსებული კანონის შენარჩუნებით:
[ჯუმბერ პატიაშვილის ხმა] " ჩვენ უნდა დაგვეწყო მუშაობა საარჩევნო კოდექსის განხილვით. თუ რომელიმე თქვენგანს ჰგონია, რომ მართლაც დაინტერესებულია პარლამენტი ამ კოდექსის მიღებით, ძალიან შემცდარხართ, ვინაიდან საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია."
სახელისუფლებო ფრაქციების ვერსიით, საარჩევნო კანონმდებლობის განხილვის დროში გაწელვით სწორედ ოპოზიციაა დაინტერესებული. ფრაქცია მოქალაქეთა კავშირის წევრის თამაზ გიორგაძის განცხადებით:
[თამაზ გიორგაძის ხმა] "როგორ შეიძლება, რომ პრეზიდენტს და ჯორბენაძეს დაბრალდეს ის, რომ ნახევარი პარლამენტი საქეიფოდაა წასული და მოსვლა ეზარებათ."
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დღის განმავლობაში რამდენჯერმე წაკითხული სიის თანახმად, დარბაზში პროცენტულად სამთავრობო ფრაქციები საკმაოდ სოლიდურად იყვნენ წარმოდგენილნი. შესაბამისად, ვიტალი ხაზარაძე აცხადებს:
[ვიტალი ხაზარაძის ხმა] " რეგისტრაციამ დაგვანახვა, რომ, ფაქტობრივად, სახელისუფლებო წარმომადგენლობა იყო 72%-ით მოქალაქეთა კავშირი და სხვებს არ დავასახელებ, ვინ რა პროცენტით იყო. ასე რომ, აქეთ კენჭების გადმოგდებას თავი დაანებეთ. ყველას გთხოვთ, მობრძანდეთ, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა."
შუადღის 4 საათისთვის კვორუმი მოგროვდა და პარლამენტმა მუშაობა დაიწყო. იმ დროისთვის, როცა მასალა მომზადდა, პარლამენტს ჯერ დაწყებული არ ჰქონდა საარჩევნო კოდექსის პროექტის განხილვა.
XS
SM
MD
LG