Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა მრავალმხრივი კომენტარით გამოეხმაურა მსოფლიო პრესა ცნობას იმის შესახებ, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ 22 მაისის სხდომაზე ერთხმად მიიღო რეზოლუცია,

რომელმაც წერტილი უნდა დაუსვას ერაყის წინააღმდეგ 13 წლის მანძილზე მოქმედ ეკონომიკურ სანქციებს. როგორც გაზეთი "ლოს ანჯელეს ტაიმსი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, შეერთებულმა შტატებმა, ხუთშაბათს, დიპლომატიური გამარჯვება მოიპოვა. გაზეთი წერს:

"შეერთებულმა შტატებმა უშიშროების საბჭოს წევრებისა და თავად საფრანგეთის აზრსაც გაუწია ანგარიში, როცა ცვლილებები შეიტანა თავდაპირველად წამოყენებული რეზოლუციის პროექტში, რითაც გაეროს როლი გააფართოვა ერაყში მიმდინარე აღდგენით პროცესში. ამდენად, ვაშინგტონს მიეცა შესაძლებლობა ნატოს ჯარიც ჩართოს ერაყის სამშვიდობო ოპერაციაში, რაც, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს".

გაზეთი "ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნი" უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რეზოლუციაში, რომელიც ხუთშაბათს მიიღო უშიშროების საბჭომ, არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ერაყის ოკუპაციას არ ჰქონდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. ამავე აზრისაა უშიშროების საბჭოს წევრთა უმრავლესობაც, განაგრძობს გაზეთი, თუმცა ამ ქვეყნებს ისიც კარგად მოეხსენებათ, რომ რეზოლუციის ჩაგდებას არ ჰქონდა აზრი. გაზეთი დასძენს:

"უშიშროების საბჭოს წევრებმა დაინახეს, რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილია გაეროს როლის გაფართოება ერაყის აღდგენის პროცესში. აშშ-ის რეზოლუციაში შესწორებები იქნა შეტანილი ამ დღეებში, რამაც შესაძლებელი გახადა მისი მიღება. ცალკეული ხარვეზების მიუხედავად, რეზოლუციამ ბიძგი უნდა მისცეს საერთაშორისო თანამეგობრობის განახლებულ თანამშრომლობას ერაყში".

ხოლო გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" შეერთებული შტატების "მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამარჯვებად" მიიჩნევს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას და დასძენს, რომ ამჯერად ვაშინგტონი საკუთარის ნებით უნდა წავიდეს მეტ დათმობებზე. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"მხოლოდ სიმბოლური დათმობები გაკეთდა იმ ევროპელი მოკავშირეებისადმი, რომლებიც წამყვან როლს მოითხოვდნენ გაეროსთვის ერაყის აღდგენის პროცესში. თეთრი სახლის ადმინისტრაციამ თავისი გაიტანა და პენტაგონს მიანდო მთლიანად ერაყის მმართველობა გარდამავალ პერიოდში, და ბრიტანეთის გარდა, ყველა სხვა ქვეყნის გავლენა შეზღუდა ერაყში.
ერაყში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად შეერთებულ შტატებს ფინანსური და სამხედრო დახმარება ესაჭიროება ევროპელებისგან. ავღანეთში ვაშინგტონს, კვლავაც საფრანგეთი და გერმანია უწევენ სამხედრო დახმარებას, ხოლო სამომავლო ოპერაციებში
უფრო ფართო მასშტაბის დახმარება გახდება საჭირო. პრეზიდენტი ბუში სულ მალე ევროპას ეწვევა და გაგვაცნობს სამოქმედო პროგრამას, თუ როგორ აპირებენ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ერაყის აღდგენის საქმეში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში თანამშრომლობას."

დღევანდელი მიმოხილვის ბოლოს გთავაზობთ ნაწყვეტს გერმანიის გაზეთ "ველტში" გამოქვეყნებული სტატიიდან, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ მოსკოვი, ამნისტიის გამოაცხადებას აპირებს ჩეჩნეთში. გაზეთი წერს:

"ახალმა, რიგით უკვე მეოთხე ამნისტიამ, როგორც რუსეთის ხელისუფლება იმედოვნებს, მშვიდობისა და აღორძინებისკენ უნდა გაუკაფოს გზა გატანჯულ ჩეჩენ ხალხს. კრემლი იმაზე ალაპარაკდა, რომ დაბრმავებულებსა და მოტყუებულებს, მაგრამ სულის სიღრმეში პატიოსან ჩეჩნებს, ამჯერად შეულიათ ჩამოვიდნენ მთებიდან, დაჰყარონ იარაღი და დაუბრუნდნენ მშვიდობიან, ნორმალურ ცხოვრებას. მხოლოდ ყველაზე ბოროტ დამნაშავეებს არ შეეხება ამნისტია. კრემლის ეს გადაწყვეტილება უწინარესად, გარე სამყაროსთვისაა რაღა თქმა უნდა გამიზნული. ვლადიმირ პუტინისთვის ამნისტია რეფერენდუმთან ერთად, კარგი არგუმენტია იმ შემთხვევისთვის, თუკი რუსეთ-ევროკავშირის მოახლოებულ სამიტზე მას არასასიამოვნო შეკითხვებს დაუსვამენ. თუმცა, რომელი ჩეჩნური ოჯახი ენდობა კრემლის ამ დაპირებას, თუკი ყოველღამე შიშისკანკალით მოელის სახლში ნიღბიანი მამაკაცების გამოჩენას, რომლებიც მამაკაცებსა და მოზარდებს იტაცებენ. მას შემდეგ, რაც ათასობით მათი თანამემამულე უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ჩეჩნები ყურად არ იღებენ დაპირებებს ამნისტიისა და უშიშროების შესახებ".
XS
SM
MD
LG