Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროს გაძლიერების მნიშვნელობა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისთვის


ევროპის კავშირის ვალუტა სულ უფრო ძლიერდება დოლართან მიმართებაში. ეს, შესაძლოა, კარგი იყოს შეერთებული შტატებისთვის, ვინაიდან დოლარის დაცემა ამერიკულ ექსპორტს აიაფებს.

მაგრამ ამან შეიძლება საპირისპირო ეფექტი იქონიოს ევროპის კავშირის ევროს ზონაში, რომელშიც უკვე გაჩნდა რეცესიის ნიშნები. რა გავლენა შეიძლება იქონიოს ევროს გაძლიერებამ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაზე?

ევროს გაძლიერების მიზეზები ერთობ კომპლექსურია. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ინვესტორებს ამერიკიდან გააქვთ კაპიტალი და ევროპულ აქციებში აბანდებენ მას, ვინაიდან უფრო დიდი მოგების იმედი აქვთ. ამჟამად ძნელია იმის თქმა, სადამდე გაგრძელდება ევროს აღმასვლა.

ჯერჯერობით დოლარის დასუსტება ევროზონაზე უარყოფით გავლენას ვერ ახდენს. მაგრამ, ექსპერტების აზრით, ევროპის ქვეყნები საბოლოოდ მაინც დაზარალდებიან ამ ტენდენციით. ევროს გაძლიერებას შედეგად ის მოჰყვება, რომ ევროზონიდან ექსპორტი უფრო ძვირდება. ამან შეიძლება ზიანი მოუტანოს დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკას და რეცესიამდე მიიყვანოს ისინი. გერმანიაში, მაგალითად, უკვე ლაპარაკობენ რეცესიაზე.

ვენის საერთაშორისო ეკონომიკის კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, პეტერ ჰავლიკმა, ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, კეტლინ ნოქსს უთხრა:

[ჰავლიკის ხმა] "დღეს გერმანიის ეკონომიკა ძალზე დასუსტდა და ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებზე, ვინაიდან გერმანია მათი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ერთი პრობლემა ესაა."

თუმცა, ჰავლიკის თქმით, სუსტმა დოლარმა შესაძლოა გარკვეული მოგება მოუტანოს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას ენერგომატარებლების სფეროში ხარჯების შემცირების გამო. საქმე ის არის, რომ ენერგომატარებლებით ვაჭრობა, როგორც წესი, დოლარებში ხდება.

მაგრამ საქმე შეიძლება მოგვიანებით გაუარესდეს. ვინაიდან გერმანიის ეკონომიკის დასუსტება იმას ნიშნავს, რომ იქ შემცირდება აღმოსავლეთევროპულ საქონელზე მოთხოვნილება.

მაგრამ ყველაფერი ასე ცუდად არ გამოიყურება. შეერთებული შტატები, ცხადია, გერმანიის ერთადერთი სავაჭრო პარტნიორი არ არის. ამერიკული ექსპორტის დიდი ნაწილი ევროზონის ან ევროსთან მჭიდროდ დაკავშირებულ სხვა ქვეყნებში მიდის.

თუკი დოლარის დაცემა თავისუფალ ვარდნად არ იქცევა, ამერიკული ექსპორტის გაიაფების მეშვეობით იგი საბოლოოდ ხელს შეუწყობს ამერიკის და, შესაბამისად, მსოფლიო ეკონომიკის გამოცოცხლებას.

გარდა ამისა, არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე დასავლეთ ევროპაში. ეს ტენდენცია წელსაც გაგრძელდება. ამის მიზეზია უცხოური ინვესტიციები. აღმოსავლეთის ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები, გარდა ამისა, დიდ მოგებას ნახულობენ ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების გამო.
კიდევ ერთი ეფექტი, რაც მოჰყვება დოლარის დაცემას ის არის, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის კომპანიები, რომლებიც შეერთებულ შტატებში ექსპორტს ეწევიან, იძულებული ხდებიან რენტაბელურობა გაზარდონ. საამისოდ მათ მოუწევთ ბევრად უფრო ეკონომიური პოლიტიკის გატარება, რაც მოდერნიზაციისა და პროგრესის საფუძველია.
XS
SM
MD
LG