Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭომ ერაყის წინააღმდეგ სანქციები გააუქმა


ხუთშაბათს ნიუ-იორკში მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ლაპარაკია გაეროს უშიშროების საბჭოს რიგით 1483-ე რეზოლუციაზე,

რომელიც აუქმებს ერაყის წინააღმდეგ მიმართულ ყველა ეკონომიკურ სანქციას და სამართლებრივ საფუძველს უქმნის ერაყის მართვას ამერიკულ-ბრიტანული ადმინისტრაციის მიერ.

უშიშროების საბჭოში 22 მაისს გამართულმა სხდომამ ბოლო თვეებისათვის უჩვეულოდ ჰარმონიულად ჩაიარა: თუ ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე მწვავე უთანხმოება სუფევდა ომისადმი უშიშროების საბჭოს რამდენიმე წევრის, უწინარეს ყოვლისა საფრანგეთის, რუსეთისა და გერმანიის უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ახლა საბჭოს 14-მა წევრმა( ანუ ყველამ ერთის, სირიის გარდა) ერთსულოვნება გამოამჟღავნა. ამიტომ უწოდა 22 მაისს "გაეროსათვის კარგი დღე" ამ ორგანიზაციაში ბრიტანეთის ელჩმა, ჯერემი გრინსტოკმა: [ჯერემი გრინსტოკის ხმა] "გაერომ ისევ სათანადო ადგილი დაიკავა ამ მნიშვნელოვან საკითხში. ეს გაეროსათვის კარგი დღეა".

რეზოლუცია დადებითად შეაფასა გრინსტოკის ფრანგმა კოლეგამ, ჟან-მარკ დე ლა საბლიერმაც: [დე ლა საბლიერის ხმა] "ერაყში სამხედრო ძალის გამოყენება კვლავინდებურად გაუმართლებლად მიგვაჩნია. მაგრამ ახლა ამაზე არ არის ლაპარაკი. ახლა ერაყში განსხვავებული ვითარებაა და აუცილებელია ერაყელი ხალხის დახმარება პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში ქვეყნის სარეკონსტრუქციოდ".

ახლა, რაც შეეხება რეზოლუციის შინაარსს. ერაყის წინააღმდეგ 1991 წელს, ქუვეითში შეჭრის გამო ამოქმედებული ეკონომიკური სანქციები რეზოლუციის მიღებისთანავე გაუქმდა. ძალაში რჩება მხოლოდ სამხედრო ემბარგო. შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი, რომელთა ჯარებმა ერაყი დაიპყრეს, აღიარებული არიან ქვეყნის მმართველ ძალად - ის უნდა გაუძღვეს არა მარტო პოლიტიკურ პროცესს, ვიდრე ხელისუფლების სათავეში ერაყის ახალი მთავრობა ჩადგება, არამედ უნდა განაგებდეს ნავთობის გაყიდვით მიღებულ შემოსავალს. შემოსავლით კი უწინარეს ყოვლისა ერაყის რეკონსტრუქცია და ჰუმანიტარული დახმარება უნდა დაფინანსდეს.

რეზოლუციაში, ბუნებრივია, ლაპარაკია გაეროს როლზეც, რომელიც, მის შესახებ ხუთშაბათის კენჭისყრამდე ჩატარებული კონსულტაციების შედეგად, თავდაპირველ გეგმასთან შედარებით გაფართოვდა. გაეროს გენერალური მდივანი უკვე კოორდინატორს კი არა საგანგებო წარმომადგენელს დანიშნავს. ეს ნიშნავს: გაერო ჰუმანიტარული და სარეკონსტრუქციო ძალისხმევის კოორდინაციის გარდა, მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკურ პროცესში ერაყის ახალი მთავრობის შესაქმნელად, რისთვისაც მჭიდროდ ითანამშრომლებს აშშ-თან, ბრიტანეთთან და ერაყელი ხალხის წარმომადგენლებთან.

როგორც გაეროში ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, რობერტ მეკ-მეჰონი იუწყება, კოფი ანანმა პირობა დადო, რომ სულ მალე წარადგენს კანდიდატურას ერაყში გაეროს საგანგებო წარმომადგენლის პოსტზე. მანვე ისაუბრა ერაყში თვითმმართველობის მალე ამოქმედების აუცილებლობაზე: [კოფი ანანის ხმა] "ერაყელებმა თვითონვე უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა. მათ უნდა განსაზღვრონ თავიანთი პოლიტიკური მომავალი, ისინი უნდა განაგებდნენ ქვეყნის ბუნებრივ რესურსებს. ასე, რომ იმედი გვაქვს, ვითანამშრომლებთ ერაყელებთან და კოალიციის ხელმძღვანელებთან მთავრობის ჩამოსაყალიბებლად".

წეღან ხსენებულ კონსულტაციებს, რომლებიც წინ უძღოდა გაეროს უშიშროების საბჭოში 22 მაისს გამართულ კენჭისყრას, სხვა საყურადღებო შედეგებიც მოჰყვა: აშშ დაყაბულდა მოთხოვნას, რომ უშიშროების საბჭომ უნდა გადაწყვიტოს ერაყში განიარაღების ექსპერტების დაბრუნების საკითხი. აქამდე ის უარს ამბობდა ამ ინსპექტორების დაბრუნებაზე. და კიდევ - აშშ თანახმაა ერაყში თავისი მანდატის ერთწლიანი ვადით განსაზღვრაზე, რის შემდეგაც ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ისევ უშიშროების საბჭომ უნდა მიიღოს.
XS
SM
MD
LG