Accessibility links

logo-print

ჯორჯ სოროსი - ქართული ბანკის აქციონერი


დავით პაიჭაძე, თბილისი 2003 წლის 23 მაისს კომპანია "სოროსის საინვესტიციო კაპიტალი" საქართველოში აქტივების მხრივ უმსხვილესი კომერციული ბანკის -თიბისი ბანკის აქციათა 25%-ის მფლობელი გახდა.

"სოროსის საინვესტიციო კაპიტალი" წარმოადგენს საინვესტიციო კომპანიას 200 მილიონი დოლარის მოცულობის კაპიტალით, რომელსაც აფინანსებს და მართავს "სოროსის ფონდის მენეჯმენტი" - საინვესტიციო მენეჯმენტის ცნობილი კომპანია, და რომელსაც აქტიურად უჭერს მხარს "საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაცია" (OPIC) - - ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო სააგენტო. რას ნიშნავს ჯორჯ სოროსის ამ სახით შემოსვლა საქართველოში?
ჯორჯ სოროსი, როგორც ქართული ბანკის უცხოელი აქციონერი, მარტო არ იქნება: მანამდე "თიბისის" აქციონერები იყვნენ ცნობილი ფინანსური ინსტიტუტები - საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების კომპანია. ეს ორგანიზაციები სადღეისოდ თიბისი ბანკის 10-10%-ს ფლობენ. "სოროსის საინვესტიციო კაპიტალის" ბანკში შესვლით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის საერთო წილი ბანკის კაპიტალში 45%-მდე იზრდება. ქართული მხარე ფლობს 55%-ს და ახორციელებს ბანკის მმართველობას.
"სოროსის საინვესტიციო კაპიტალი" ამ სამიოდე წლის წინ დაარსდა. აქამდე კომპანიამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა თურქეთსა და ბალკანეთში. თიბისი ბანკის აქციათა შესყიდვა კომპანიის პირველი ინვესტიციაა კავკასიაში. "სოროსის საინვესტიციო კაპიტალი", რომელიც 20 მილიარდ დოლარს აკონტროლებს, ინვესტირებას ახდენს კომერციულად ორიენტირებულ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებში და ცდილობს, ხელი შეუწყოს ჩამოთვლილ რეგიონებში კერძო სექტორის განვითარებას. მოკლედ, თუ დღემდე ჯორჯ სოროსის სახელი ჩვენში, უწინარესად, ასოცირებული იყო ფონდთან "ღია საზოგადოება - საქართველო", ანუ ქველმოქმედებასთან, ფულის ხარჯვის არამომგებიან, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისაკენ მიმართულ პროექტებში, ამიერიდან ის უკავშირდება კომერციულ, მოგებაზე ორიენტირებულ პროექტებსაც.
მე გავესაუბრე "სოროსის საინვესტიციო კაპიტალის" საქართველოს ოფისის მენეჯერს ნიკა ყაველაშვილს, რომელმაც ასე შეაფასა კომპანიის საქართველოში შემოსვლა [ყაველაშვილის ხმა]: "ჯორჯ სოროსი, ქველმოქმედების გარდა, უკვე მოდის საქართველოში კონკრეტული ბიზნესპროექტით, კონკრეტული წარმატებული ბიზნესის გაძლიერების, მასში მონაწილეობის მიღებისა და მოგების ნახვის მიზნით. რა თქმა უნდა, არავინ მიდის ისეთ ქვეყანაში, რომელსაც არ ენდობიან, სადაც, უბრალოდ, დაკარგავენ ინვესტიციებს. ამიტომ ეს, ფაქტობრივად, გახლავთ კონსტატაცია, რომ საქართველოში შეიძლება იყოს მომგებიანი და წარმატებული ბიზნესი და ამ ქვეყანაში ფულის დაბანდებით შეიძლება კარგი მოგების მიღება".
ინვესტიცია თიბისი ბანკში "სოროსის საინვესტიციო კაპიტალის" პირველი კონკრეტული ბიზნესპროექტია. ნიკა ყაველაშვილმა თქვა, რომ მოლაპარაკება სხვა ბიზნეს-კომპანიებთანაც მიმდინარეობს, მაგრამ იმდენად საწყის სტადიაზეა, გამხელა არ ღირს, ვისთან. თუმცა გამოთქვა ვარაუდი, რომ რამდენიმე ხანში, შესაძლოა, მოწმენი გავხდეთ კიდევ ერთი ინვესტიციისა წარმატებულ ქართულ კომპანიაში. ამასთან, დასძინა "სოროსის საინვესტიციო კაპიტალის" საქართველოს მენეჯერმა [ყაველაშვილის ხმა]: "ჩვენ არ ვართ შეზღუდული ერთი რომელიმე სფეროთი - ვთქვათ, საბანკო, კომუნიკაციის სფეროებით, ტელევიზიითა თუ კვების მრეწველობით. ყველა სფეროში შეიძლება განხორციელდეს ინვესტიცია. მთავარია, კომპანია იყოს წარმატებული, მომგებიანი და არსებობდეს პერსპექტივა, რომ მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში ის უფრო განვითარდება".
XS
SM
MD
LG