Accessibility links

logo-print

რა უშლის ხელს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოწესრიგებას


რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ერთგვარი სასიკეთო ცვლილება შეიტანა ამ ქვეყნების პრეზიდენტებს შორის მარტის თვეში სოჭში გამართულმა მოლაპარაკებამ.

თუმცა თბილისსა და მოსკოვს შორის კვლავ რჩება უთანხმოების მიზეზად სოჭის მოლაპარაკების მთავარი თემა - აფხაზეთის პრობლემა. ეს ჩანს თუნდაც იქიდან, რომ ჯერჯერობით ბევრი არაფერი გაკეთებულა პრეზიდენტების შეთანხმებათა რეალიზებისთვის, რომელიც აფხაზეთში რკინიგზის გახსნის სინქრონულად ლტოლვილების დაბრუნების პროცესის დაწყებას ითვალისწინებს.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ლტოლვილების დაბრუნების სინქრონულად რკინიგზის ამოქმედება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის წინადადება იყო, ოფიციალური მოსკოვი სულაც არ ჩქარობს ამ ინიციატივის რეალიზებას. ამ პროცესში ქართველი დიპლომატები უფრო მეტად აქტიურობენ, ვიდრე რუსები. თუმცა რუსეთის პოლიტიკოსები საქართველოსგან მაინც მტრის ხატის შექმნას ცდილობენ. ამაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის განცხადებებიც მეტყველებს. ხელშეკრულებით ნაკისრი რომელი ვალდებულების შეუსრულებლობის ან რომელი შეთანხმების დარღვევის გამო აქვთ რუს პოლიტიკოსებს ასეთი პოზიცია, ეს ვერც თბილისში ამ დღეებში გამართულ კონფერენციაზე გაირკვა.

21-დან 23 მაისის ჩათვლით თბილისში, რამდენიმე ინსტიტუტის ინიციატივით, გაიმართა კონფერენცია, სახელწოდებით „ საქართველოსა და რუსეთს შორის ევროპული უშიშროების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები ". მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ რუსეთში საქართველოს მთავარი ოპონენტი კონსტანტინ ზატულინი და ანდრანიკ მიგრანიანი. ორივენი გულუხვად საყვედურობდნენ საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა კი საფუძვლიანად არ დაუსაბუთებიათ, რა არის ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების მიზეზი.
რუსი სტუმრები მხოლოდ მიანიშნებდნენ, რომ ეს შეიძლება საქართველოს პოლიტიკური ორიენტაცია იყოს. გაზეთ "მასკოვსკიე ნოვოსტის" მთავარი რედაქტორის მოადგილის მიხაილ შევალიოვის თქმით:

[მიხაილ შევალიოვის ხმა] „პრეზენტაცია სხვა დამცველზე ჩვენ უკვე გამოვცადეთ. ჩვენ დიდი იმედი გვქონდა, რომ ციდან ჩამოცვენილი მაკდონალდსი და ჩიპსი გადაარჩენდა რუსეთის ეკონომიკას. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა."

ქართული მხარე ძალიან ეცადა, ბევრჯერ ემოციურადაც კი, რუსეთის წარმომადგენლებისთვის დაემტკიცებინა, რომ საქართველო მხოლოდ ისეთ დამცველთან თანამშრომლობას ესწრაფვის, რომელიც საქართველოს თანასწორუფლებიან პარტნიორად აღიარებს. და რომ რუსეთი ასეთ პარტნიორად ვერ ჩამოყალიბდა, ამის საილუსტრაციოდ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ აფხაზეთში რუსეთის საქციელი მოიშველია:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „რუსეთი აფხაზეთში იქცევა, როგორც საკუთარ ტერიტორიაზე. რკინიგზის გახსნაში ცუდი არაფერია, მაგრამ თქვენ აიღეთ და, უბრალოდ, გახსენით სარკინიგზო მიმოსვლა სოჭსა და სოხუმს შორის ისე, თითქოს, ეს იყოს სარკინიგზო მიმოსვლა სოჭსა და როსტოვს შორის. თითქოს, იქ არც საზღვარია და არც საბაჟო."

ასეთ კამათში რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებმა მხოლოდ იმ აზრზე შეთანხმება მოახერხეს, რომ სავიზო რეჟიმი მეტისმეტად აფუჭებს ორი ქვეყნის ურთიერთობას. რამდენად შეუწყობს ხელს მის მოგვარებას ქართველი და რუსი პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების ნახევრად ოფიციალური დიალოგის დაწყება, გამოჩნდება მაშინ, როცა შეეცდებიან ერთმანეთს დაუახლოონ სხვა დანარჩენ პრობლემებთან დაკავშირებით არსებული, პოლარულად განსხვავებული, პოზიციები.
XS
SM
MD
LG