Accessibility links

logo-print

საქართველოს სასულიერო ლიდერები კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად დიალოგს იწყებენ


კავკასიაში მშვიდობისა და კეთილდღეობის მოსურნე სასულიერო ლიდერები ურთიერთკოორდინაციას საქართველოდან, თბილისიდან იწყებენ. ამ კეთილშობილურ განზრახვაში ერთადერთი უხერხულობა ისაა,

რომ საქართველოში მოქმედი სხვადასხვა აღმსარებლობის ლიდერები ერთმანეთს პოლიტიკური პარტიის, კერძოდ, აღორძინების კავშირის თბილისის ოფისში ხვდებიან. ამ უხერხულობამ ლოგიკურად დაბადა მეორე უხერხულობაც - ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ერევიან თუ არა სასულიერო ლიდერები თავიანთი მრევლის პოლიტიკური არჩევანის საკითხებში.

აღორძინების კავშირის თბილისის ოფისში გამართულ საპრეზენტაციო დიალოგში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, საქართველოს მაჰმადიანთა, იეზიდთა კავშირისა და ქართველ ებრაელთა თემის სასულიერო ლიდერებმა მიიღეს მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მოქმედ ძირითად რელიგიებს შორის დაპირისპირება საქართველოში ისტორიულადაც კი არ შეინიშნება, ამგვარი შეხვედრა მაინც პრეცედენტი იყო და ეს თავად სასულიერო ლიდერებმაც აღნიშნეს.
[იმამი იასინი] "ასეთ საქმეზე არასდროს შევხვედრივართ. სხვა ადგილებში - არაერთხელ. რა თქმა უნდა, ჩვენ შორის ურთიერთობები არის. მაგალითად, დღესასწაულებზე
თბილისის ჯუმა მეჩეთის სულიერი ლიდერი იმამი იასინ ალიევი აპირებს თავის ქადაგებებში მოუთხროს მრევლს იმ სამშვიდობო ინიციატივების შესახებ, რომელთა ავტორიც მართლმადიდებელი მღვდელი, თბილისის მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიის წინამღძვარი მამა კონსტანტინე კოღუაშვილია.

[მამა კონსტანტინე] "რომ დავდგეთ ამ კავშირის გარშემო, რომელიც იღვაწებს, იშრომებს და ილოცებს კავკასიელთა ერთიანობისათვის და მშვიდობის დამყარებისათვის, რომ ქართველი სომეხს აღარ ესროდეს ტყვიას, სომეხი კი - აზერბაიჯანელს. არამედ ჩვენ ერთად დავდგეთ და თუნდაც ერთ თოფს თუ დავაშვებინებთ ჩვენ ძირს, ერთ სიცოცხლეს თუ გადავარჩენთ, უკვე შესრულებული იქნება ჩვენი მისია. აი, ჩვენ - იუდეველების, ქრისტიანების, მუსულმანების, გრიგორიანების - თავშეყრას ნუ ჩავთვლით რელიგიურ ერთიანობად. არა, ჩვენ ეროვნული ერთიანობისაკენ მივდივართ და არა რელიგიური ერთიანობისაკენ."

ეროვნული თანხმობისა და ჰარმონიზაციის პროცესში ლოცვასთან ერთად ფოლკლორს ენიჭება მნიშვნელობა - ასე ფიქრობს ქართველ ებრაელთა თემის რაბინი აბრაამ მიხელაშვილი, რომელიც დიდი საზეიმო ფოლკლორული კონცერტის მოწყობის ინიციატორია. სწორედ მას ვკითხეთ, რატომ შეიკრიბნენ საქართველოში მოღვაწე სასულიერო ლიდერები აღორძინების კავშირში.

[რაბინი აბრაამი] "ვინც დამპატიჟებს, ყველგან წავალ, ყველგან მივალ მშვიდობისათვის და გაგების მხრივ, რასაც, სადაც იქნება."[სტილი დაცულია]

დაბოლოს, თემა, რომელიც სასულიერო ლიდერების პოლიტიკური პარტიის ოფისში თავმოყრის გამო გახდა აქტუალური: სასულიერო პირები აცხადებენ, რომ მრევლის პოლიტიკური არჩევანი მათი საქმე არ არის და არც შეიძლება იყოს. თუმცა, სხვა მხრივ, მათი საგანგებო მიმართვის ადრესატები, ძირითადად, პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მესვეურები არიან. "დავდგეთ ერთად, გულღიად დაველაპარაკოთ ერთმანეთს, ეს ჩვენი მოვალეობაა სამშობლოს, წინაპართა ხსოვნისა და მომავლის წინაშე!" - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც, დიალოგის მონაწილე ღვთისმსახურთა გარდა, სომხური სამოციქულო ეკლესიის სულიერი მამაც აწერს ხელს.
XS
SM
MD
LG