Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

23 მაისს საქართველოში სტარტი აიღო "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" ნავთობსადენის მშენებლობამ


23 მაისს საქართველოში სტარტი აიღო "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" დიდი ნავთობსადენის მშენებლობამ: თეთრიწყაროს რაიონის ტერიტორიაზე ნავთობსადენის პირველი მილი ჩაიდო.

დიდი ნავთობსადენის მშენებლობის გახსნა აღინიშნა საზეიმო ცერემონიალით, რომელშიც საქართველოს მხარესთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების, აზერბაიჯანისა და თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ედუარდ შევარდნაძემ ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს ტერიტორიაზე საუკუნის პროექტის განხორციელების დაწყება მიულოცა და მისდამი მიმართვაში აღნიშნა, რომ საქართველომ და მთლიანად კავკასიის რეგიონმა ამით გეოპოლიტიკური და ისტორიული ფუნქცია მოიპოვა.


დიდი ნავთობსადენის საძირკველში მომავალი თაობებისადმი რიგით მეორე მიმართვა ჩაიდო. საქართველოს მიწაში ჩადებულ მიმართვას ხელს აწერენ: საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, "ბი-პი აზერბაიჯანის" პრეზიდენტი დევიდ ვუდვორდი და "აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის" პრეზიდენტი ნატიკ ალიევი. თეთრიწყაროს რაიონში ნავთობსადენის მშენებლობის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მიერ ედუარდ შევარდნაძის სახელზე გამოგზავნილი მისალოცი წერილი წაიკითხეს. თავად შევარდნაძემ დიდი ნავთობსადენის პროექტის განხორციელების დაწყებაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ღვაწლი აღნიშნა. ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე წაკითხულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრის სპენსერ აბრაჰამის წერილიც, რომელშიც საუბარი იყო "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" ნავთობსადენის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე არა მარტო აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოსათვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

საქართველოს მოსახლეობას ჯერ კიდევ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს პროექტი და მისი განხორციელების დაწყება. ედუარდ შევარდნაძისთვის - და არა მარტო მისთვის - ეს სერიოზული წინსვლის მომასწავებელია არამხოლოდ იმიტომ, რომ ეგრეთ წოდებული "საუკუნის პროექტის" განხორციელების დაწყებით "საქართველომ და კავკასიის მთელმა რეგიონმა ისტორიული ფუნქცია მოიპოვა". თეთრწყაროში გამართულ საზეიმო ცერემონიალზე საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭანტურიამ 23 მაისს, როგორც საქართველოში ნავთობსადენის მშენებლობის დაწყების დღეს, ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის დაწყების დღე უწოდა, დღე, როცა საქართველომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარანტიები მიიღო და, აი, რატომ:

[გია ჭანტურიას ხმა] " ნავთობსადენს მოჰყვება გაზსადენის მშენებლობა, რომელიც, ასევე, 2005 წლის აგვისტოს ბოლოსთვის დამთავრდება და, პრაქტიკულად, 2005 წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება ჩვენი გაზი, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ გადაკეტავს."

საუბარია "ბაქო-თბილისი-ერზერუმის" გაზსადენის პროექტზე. როგორც ცნობილია, გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ საქართველომ ტრანზიტის საფასურად, წლიურად, მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირი უფასოდ უნდა მიიღოს. რაც შეეხება "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს": ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობის დაწყებისთვის მიმდინარე წელს საქართველოს პორტებში შემოვიდა 25 ათასი მილი, რის გადმოტვირთვამაც პორტებს 4 მილიონი ლარის შემოსავალი მისცა, მილსადენების ტრანსპორტირებამ 2 მილიონი ლარი მოუტანა საქართველოს რკინიგზას, ხოლო მოსახლეობამ, რომლის მიწის ნაკვეთებზეც მილსადენი გადის, კომპენსაციის სახით - 9 მილიონი მიიღო.
XS
SM
MD
LG