Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა უცხოეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში გესაუბრებით ერაყის წინააღმდეგ მოქმედი ეკონომიკური სანქციების გაუქმების,

აგრეთვე იმ პრობლემების შესახებ, რასაც სამშვიდობო პროცესი დაუპირისპირდა ახლო აღმოსავლეთში. როგორც გაზეთი "ბოსტონ გლოუბი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ერაყის წინააღმდეგ 13 წლის მანძილზე მოქმედი ეკონომიკური სანქციების გაუქმებას ითვალისწინებს. გაზეთის აზრით, არანაკლებ მისასალმებელია ისიც, რომ უშიშროების საბჭოს 1483-ე რეზოლუცია ბევრ სიკეთეს მოუტანს ერაყელ ხალხს. გაზეთი წერს:

"ვაშინგტონმა და ლონდონმა რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მოთხოვნით 90-ე მეტი შესწორება შეიტანეს რეზოლუციის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში. მიღებული რეზოლუცია, როგორც ეს ორივე მხარემ აღიარა, კომპრომისების სიმბიოზია. როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ დე ვილპენმა განაცხადა, საფრანგეთმა საერთაშორისო თანაეგობრობის ერთიანობას მიანიჭა უპირატესობა და ამიტომ დაუჭირა მხარი 1483-ე რეზოლუციას, რომელშიც კიდევ არაერთი შესწორების შეტანაა საჭირო. ის ფაქტი, რომ ხუთშაბათს, უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი 1483-ე რეზოლუციას იმაზე მეტყველებს, რომ საბჭოს წევრები საერთაშორისო კანონიერების წყაროდ მიიჩნევენ გაეროს. ლოგიკური არ იქნებოდა ეკონომიკური სანქციების ძალაში დატოვება მას შემდეგ, რაც ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაემხო. სანქციების ძალაში დატოვებით, რასაც რუსეთი მოითხოვდა, ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებდით გაეროს ლეგიტიმურობას".

გაზეთ "ჩიკაგო ტრიბიუნის" აზრით, მისასალმებელია უდავოდ ერაყის წინააღმდეგ მოქმედი ეკონომიკური სანქციების გაუქმება, მაგრამ ავღანეთი არ უნდა დავივიწყოთ. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

"შეიქმნა იმის რეალური საფრთხე, რომ ახლა, როცა მთელი ყურადღება ერაყისკენაა მიპყრობილი, ავღანეთი შესაძლოა ყველას მიავიწყდეს. როგორც ავღანეთის მთავრობის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა ამას წინათ, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა არ გაუზრდის მას დახმარებას, ავღანეთი შესაძლოა ნარკო-ტერორისტულ სახელმწიფოდ გადაიქცეს. მართალია ერაყის პრობლემაა დღეს პირველ რიგში მოსაგვარებელი, თუმცა შეერთებული ვერ დაუშვებს იმას, რომ ავღანეთი ქაოსში ჩაეფლოს."

გაზეთ "ინდეპენდენტის" აზრით, ზესახელმწიფოსთვის, ომში გამარჯვებაზე გაცილებით უფრო ძნელი, მშვიდობის შენარჩუნებაა. ეს იყო მოსალოდნელი ერაყში, და ასეც მოხდა. ამერიკელებმა ომისშემდგომ ერაყში სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. მაგრამ მათი ვარაუდები - მცდარი აღმოჩნდა. დასძენს "ინდეპენდენტი". ხოლო გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" ახლო აღმოსავლეთის პრობლემას უბრუნდება და შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს მოუწოდებს პირადად ჩაებას ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში. გაზეთი წერს:

"ისრაელში, უკანასკნელი ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულები მიაბარეს მიწას, ხოლო პალესტინელები იზოლირებულები აღმოჩნდნენ ისევ თავიანთ დაბებსა და სოფლებში. სამშვიდობო პროცესის წინსვლა ნაკლებადაა მოსალოდნელი ახლო აღმოსავლეთში. თუმცა, სწორედ ამიტომაა საჭირო პრეზიდენტ ბუშის აქტიური ჩარევა ამ სამშვიდობო პროცესში. ბატონმა ბუშმა თეთრ სახლში უნდა მიიწიოს მოსალაპარაკებლად ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი და ამ უკანასკნელის პალესტინელი კოლეგა მაჰმუდ აბასი. არ უნდა დავუშვათ, რომ "ალ-ყაიდას" მეტი მომხრე გაუჩნდეს პალესტინელებს შორის."

გაზეთი "ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნი" სიხარულით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა პარასკევს მოიწონა "გზამკვლევის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა გაეროს, ევროსაბჭოსა და რუსეთთან შეთანხმებით.
XS
SM
MD
LG