Accessibility links

logo-print

რუსეთი „სუუამის" გაძლიერებისა და „ნატოს" გაფართოების წინააღმდეგ


მაღალი რანგის რუსი პოლიტიკოსები მცირეხნიანი პაუზის შემდეგ კვლავ გამოთქვამენ საყვედურებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების ნაწილის, ძირითადად კი,

საქართველოს პროდასავლური მისწრაფებების გამო. რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების სოჭის შეხვედრის შემდეგ ოდნავ დამთბარი ურთიერთობების გაუარესების საფრთხე „სუუამის" რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატის შეცვლის მცდელობამ და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა შექმნა.

რუსი პოლიტოლოგები ამტკიცებენ, რომ, მიუხედავად ნატოსთან აქტიური თანამშრომლობისა, რუსეთი არ აპირებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაერთიანდეს. თბილისში ყოფნისას დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორმა კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა:

[ზატულინის ხმა] „საქართველო ირჩევს თავის გზას. თუ საქართველო აპირებს ნატოში შესვლას, ეს მისი უფლებაა. თუ საქართველო აპირებს ააშენოს ბლოკი სუუამი, რომელშიც არ არის რუსეთი და არის უკრაინა, აზერბაიჯანი და უზბეკეთი, რომლებიც კარგად დაეხმარებიან საქართველოს, დაე, მან ეს გააკეთოს. ... მაგრამ თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ჩვენ გვაქვს უფლება ჩვენებურად შევაფასოთ იმ ქვეყნის პოლიტიკა, რომელიც მონაწილეობს ერთ ბლოკში და არ მონაწილეობს მეორეში."

ზატულინის წყენანარევი განცხადება რუსეთის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველია და ის შესაბამისობაშია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის წინასაარჩევნო საპროგრამო სიტყვაში ჩამოყალიბებულ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან. პუტინმა თავის მიმართვაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცე თავისი სტრატეგიული ინტერესების არეალად გამოაცხადა. პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას განმარტებით:

[ვახტანგ მაისაიას ხმა] „თავისთავად ცხადია, თუ ამ კონტექსტში მოვიაზრებთ ჩვენ რუსეთის ახალი გეოსტრატეგიული ამბიციების წარმოჩენას, თავისთავად ცხადია, მათთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმოჩენა იმავე კავკასიის რეგიონის ფარგლებში და, შესაბამისად, ინტენსიური პარტნიორული ურთიერთობის განვითარება აშკარა დისონანსში მოდის."[სტილი დაცულია]

მსგავსი დისონანსის განეიტრალებას ცენტრალურ აზიაში რუსეთი უკვე შეეცადა და არცთუ წარუმატებლად. ახლახან ჩამოყალიბებულმა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ", რომელშიც შედის რუსეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ბელორუსია, ყაზახეთი და სომხეთი, უკვე შექმნა 6 ათასკაციანი სამხედრო დაჯგუფება, რომელსაც ყირგიზეთში თავისი ავიაბაზაც კი ექნება.

როგორც ჩანს, მოსკოვი ანალოგიური სცენარით მოქმედებას აპირებს კავკასიაშიც. ეს ნათლად იკვეთება „კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის" საბჭოს გენერალური მდივნის ნიკოლაი ბორდიუჟას განცხადებიდან, რომელიც მან 23 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

[ნიკოლაი ბორდიუჟას ხმა] „გაურკვეველია, აი, ეს ნატოს გაფართოება რუსეთის საზღვრებთან და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საზღვრებთან. ჩემთვის ასევე გაუგებარია ნატოს ინფრასტრუქტურის შექმნა ან სრულყოფა ჩვენი საზღვრების მახლობლად. მე არ მესმის, რისთვის კეთდება ეს. ჩემთვის ასევე გაუგებარია, თუ რატომ გამოითქმის გეგმები შესაბამისი ძალისხმევის კონცენტრირების შესახებ საქართველოში."

დასმულ ეჭვნარევ კითხვებზე პასუხის მიღებამდე ბორდიუჟამ ის განცხადება გააკეთა, რისთვისაც თავად ეს კითხვები იყო გამოთქმული. მან თქვა, რომ ნატოს მსგავს ნაბიჯებზე - მათ შორის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მახლობლად - მიღებული იქნება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი პრევენტიული ზომები.

აქამდე საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმის მუქარებით რუსეთის თავდაცვის მინისტრი იყო სახელგანთქმული. ახლა მას ღირსეული შემცვლელი გამოუჩნდა ბორდიუჟას სახით. თუ მისი ნათქვამი გაიზიარეს აღნიშნული ხელშეკრულების წევრმა სახელმწიფოებმაც, რომელთა შორის სომხეთიცაა, კავკასიაში კვლავ მოსალოდნელია ეთნიკურ-პოლიტიკური კონფლიქტების გამოღვიძება.

პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას აზრით, „სუუამის" ორგანიზაციას სწორედ ამ მუქარების განეიტრალების მისია ეკისრება, თუმცა ამ გაერთიანების წევრი სახელმწიფოების შიგნით არსებული პრობლემები მიზნის მიღწევის ალბათობას ამცირებს.
XS
SM
MD
LG