Accessibility links

logo-print

"ამერიკული ტელეკომპანია საქართველოს ტერორისტების შეფარებაში ადანაშაულებს", "ტერორისტები საქართველოში", "ხაბურძანია პანკისში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი "ამერიკული ტელეკომპანია საქართველოს ტერორისტების შეფარებაში ადანაშაულებს", "ტერორისტები საქართველოში", "ხაბურძანია პანკისში "ალ-ქაიდას" ბაზების არსებობას კატეგორიულად უარყოფს"

- ასე გამოეხმაურა გასული კვირის ქართული პრესა ამერიკული ტელეკომპანია " ეი-ბი-სი"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში "ალ- ქაიდას" წევრების საწვრთნელი ბაზების არსებობის თაობაზე. 21 მაისის გაზეთ "რეზონანსის" ცნობით, სახელდახელოდ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ კატეგორიულად უარყო პანკისის ხეობაში როგორც ალ -ქაიდას, ასევე ჩეჩენი ბოევიკების ყოფნის ფაქტი. მინისტრის განმარტებით, ამ ცნობის დადასტურება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ ამერიკელები აფხაზეთის ტერიტორიას გულისხმობენ.
23-29 მაისის გაზეთ "ახალი ეპოქის" ვარაუდით, მინისტრის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომის ასეთი ტაქტიკა მრავალშრიანი და მრავალმიზნობრივია, თუმცა ერთი გამოკვეთილი შტრიხი მაინც აქვს. სოხუმის მთავრობამ და მისმა ჩრდილოელმა მფარველმა უნდა იცოდნენ, რომ აფხაზეთში, პანკისის მსგავსად, არ არის გამორიცხული ანტიტერორისტული ოპერაციის განხორციელება. გაზეთი წერს:


"პანკისის ხეობაში საქართველოს ხელისუფლების ანტიტერორისტული ძალისხმევა შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დადებითად შეაფასა. ამას ჯორჯ ბუშის ბოლო წერილიც მოწმობს. აქედან გამომდინარე, პანკისი თანდათან კარგავს "ტერორისტულ ხიბლს" და გამართლებულია, რომ, ქართული სპეცსამსახურების მეცადინეობით, ამ ვექტორმა აფხაზეთისკენ გადაინაცვლოს.
თუმცა, თავისთავად, საქართველოს არც პანკისისკენ მიპყრობილი დასავლური მზერა აწყენს. რუსეთისგან პროვოკაციების გამორიცხვა ისევეა შეუძლებელი, როგორც გლობალური ანტიტერორისტული კოალიციის "დროებითი შვებულება." საქართველომ, როგორც ამ კოალიციის "სახელგანთქმულმა" სუბიექტმა, ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ გამოცხადებული "ჯვაროსნული ლაშქრობებისას" რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს. ამ ბრძოლაში უბრალო დამკვირვებლის სტატუსი დამარცხების ტოლფასია.
პირველი "პანკისური ისტერია" "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით დასრულდა. დიდია შესაძლებლობა, რომ ამ დრამის მეორე აქტი საქართველოსთვის არანაკლებ საინტერესო და წარმატებული იყოს."


"მოექცევა თუ არა აფხაზეთი ვაჰაბიზმის მარწუხებში?" - კითხულობს 22 მაისის გაზეთი "რეზონანსი", რომლის ცნობითაც, აფხაზეთის ტერიტორიაზე აქტიურად მოქმედებენ უცხო სპეცსამსახურებისა და საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების ემისრები. წმინდა სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების გარდა, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ მოსახლეობაში ისლამის ყველაზე რეაქციული მიმდინარეობის, ვაჰაბიზმის, გავრცელებას. გაზეთი წერს, რომ ომის დამთავრებისთანავე აფხაზეთი სხვადასხვა ჯურის დამნაშავეთა თავშესაფრად და ისლამისტ-რადიკალთა დასაყრდენ წერტილად გადაიქცა. ჯერ კიდევ კონფლიქტის დაწყებამდე, აფხაზური ეთნოსის წარმომადგენელთა რეპატრიაციის საბაბით, არძინბას გარემოცვა ყველანაირად უწყობდა ხელს თურქეთის, სირიის, იორდანიისა და სხვა ისლამური ქვეყნების მოქალაქეთა შემოყვანას აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამ პირებს ეძლეოდათ ყველაზე უფრო გავრცელებული აფხაზური გვარები, მათზე გაიცემოდა სსრკ-ის სიმბოლიკიანი პასპორტები, რომლებითაც უკანონოდ დასტურდებოდა აღნიშნული კატეგორიის პირთა მოქალაქეობა და ჩაწერა. ამჟამად იმავე პირებს უკვე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ენიჭებათ. გალის გამგებელ მურმან ჭედიას ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაზეთი "რეზონანსი" წერს:


" ამჟამად სხვადასხვა წყაროდან გვაქვს მონაცემები, რომ აფხაზეთში ვაჰაბიტები და სხვადასხვა ჯურის კრიმინალური დაჯგუფებები არიან თავმოყრილნი. აქტიურად საუბრობენ აფხაზეთში "ალ -ქაიდას" წევრების ყოფნაზე. ჩვენი ინფორმაციით, ისინი,ძირითადად, გუდაუთაში და გულრიფშის რაიონში არიან და გამორიცხული არ არის, იყვნენ სოხუმშიც, რადგანაც იქ ადგილობრივი მოსახლეობის სიმცირეა.
აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების უშიშროების მინისტრი ლევან კიკნაძე "რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებს, რომ, 1992 წლიდან მოყოლებული, ვაჰაბიტური მოძრაობა აფხაზეთში სეპარატისტული ხელისუფლების ფარული მხარდაჭერით მოქმედებს. კიკნაძის ინფორმაციით, დღეს აფხაზეთში რამდენიმე ვაჰაბიტური ჯგუფია, რომლებიც რელიგიურ-ექსტრემისტულ პროპაგანდას ეწევიან და, ძირითადად, გუდაუთისა და გაგრის რაიონების მოსახლეობის აყოლიება შეძლეს. მისი ცნობით, ამჟამად გუდაუთის რაიონში მოქმედებს ვაჰაბიტთა დაჯგუფება, აფხაზეთში იმამად აღიარებული რაკი გიცბას მეთაურობით. მას ორი პასპორტი აქვს და აბსოლუტურად თავისუფლად გადაადგილდება რუსეთშიც. გიცბა რუსეთ-ჩეჩნეთის პირველ ომშიც იღებდა მონაწილეობას, შედიოდა რა საველე მეთაურის არბი ბარაევის ისლამური პოლკის შემადგენლობაში. კიკნაძის ინფორმაციით, მეორე თვალსაჩინო მაგალითი გუდაუთის დაჯგუფებაა, რომელსაც მუჰამედ ემინ თოქჯანი - იგივე გუტბა - ხელმძღვანელობს. 1996 წელს ის ხელმძღვანელობდა თბომავალ "ავრასიაზე" 211 ადამიანის, ხოლო 2001 წელს სტამბოლში, სასტუმრო "სისოტელში", 120 კაცის მძევლად აყვანას."

მაშინ, როცა საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში, განმარტებას იძლეოდა, თუ რატომ ვერ ასრულებს საქართველო აღებულ ვალდებულებებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე "ვილნიუსის ათეულის" შეხვედრაში მონაწილეობდა. 23 მაისის "მთავარი გაზეთი" მკითხველს შეახსენებს, რომ "ვილნიუსის ჯგუფი" ის ორგანიზაციაა, რომელიც 2000 წელს დაფუძნდა და ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. 2002 წელს "ვილნიუსის ათეულის" შვიდი ქვეყანა პრაღის სამიტზე ერთდროულად მიიწვიეს ნატოში. ექსპერტების დასკვნით, ეს წარმატება ამ ორგანიზაციის მიერ სტრატეგიული კურსის სწორად არჩევის შედეგია. "მთავარი გაზეთის" ცნობით, "ვილნიუსის ათეულს" სულ მალე შეიძლება მეთერთმეტე წევრად საქართველო შეემატოს. გაზეთი წერს:


" ვილნიუსის ათეულის" შეხვედრაზე სტუმრის სტატუსით ნინო ბურჯანაძის მონაწილეობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრიდან ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა და აეროპორტში ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა.
ვილნიუსის ათეულის შეხვედრას, სხვათა შორის, საქართველოს დროშაც ამშვენებდა. ხაზგასმით აღინიშნებოდა იქ საქართველოს მონაწილეობაც. ეს იყო სერიოზული მესიჯი არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ იმ სახელმწიფოებისთვისაც, რომლებმაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას ლობირება უნდა გაუწიონ. ასე რომ, თუ შიდასახელმწიფოებრივი სამუშაოები შენელებული ტემპებით არ გაგრძელდება, მაშინ საქართველოს მიზნები შორეული ოცნებების პერსპექტივად, ცხადია, არ დარჩება.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ ნინო ბურჯანაძეს პასუხების გაცემა შიდასახელმწიფოებრივ პრობლემებზეც მოუხდა. ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარე ლიტვაში იმყოფებოდა, ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ მოითხოვა საკონსტიტუციო ცვლილებები, რასაც სულ 157 მხარდამჭერი სჭირდება და საქართველოს, ალბათ, ორპალატიანი პარლამენტი ეყოლება.



ქართულ გაზეთებს დიდად აეჭვებთ, რომ პარლამენტმა შეძლოს ლეობორისტული პარტიის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო სასესიო კვირას, უაღრესად მნიშვნელოვანი დღის წესრიგის მიუხედავად, კვორუმის საკითხი კვლავ დიდ პრობლემად რჩებოდა. 20-26 მაისის "მართალ გაზეთს" ასეთი სტატისტიკა მოჰყავს: 1999 წლიდან პარლამენტისთვის 44 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული, სამაგიეროდ, მიღებულია დაახლოებით 35 კანონი, რომელთა უმეტესობა პრეზიდენტის ინიციატივითაა პარლამენტში შესული. გაზეთი იხსენებს წინა მოწვევის პარლამენტის ისტორიას, როცა ზურაბ ჟვანიას სპიკერობისას პარლამენტმა მიიღო 750 კანონი. როგორც პარლამენტარებმა აუხსნეს გაზეთს, ასეთი შედეგიანობა იმით თუ აიხსება, რომ ზურაბ ჟვანიას პარლამენტში სასათბურე პირობები ჰქონდა შექმნილი, ანუ ჰყავდა მორჩილი უმრავლესობა. ხოლო რაც ახლა ხდება პარლამენტში, მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციური განწყობის ბრალია. გაზეთი წერს:


"თუ რამდენიმე წლის წინ დეპუტატების უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოს მზარდ განვითარებაზე საუბრობდა და პარლამენტს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა, ახლა ყველა ჩუმადაა, კარგის თქმას ერიდება, ცუდის კიდევ ერთხელ სააშკარაოზე გამოტანა კი არაფრად აწყობთ. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც პარლამენტარები კომენტარისგან თავს იკავებენ და არ სურთ, გაზეთის ფურცლებზე მათი გვარები ამ კონტექსტში აღმოჩნდეს.
პარლამენტის უმოქმედობაზე საუბრისას ორი, ერთმანეთის გამომრიცხავი, აზრი ჩნდება. ერთნი თითს ნინო ბურჯანაძისკენ იშვერენ და ამბობენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, მაღალი რეიტინგის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოს მობილიზაციას ვერ უზრუნველყოფს და მუდმივად კოლეგებთან საპასუხო რეპლიკებითაა დაკავებული. მეორენი კი, თუ რამე სასიკეთო ხდება პარლამენტში, ამას ისევ თავმჯდომარის დამსახურებად მიიჩნევენ და ვერ გაუგიათ, მეტი რა უნდა გააკეთოს სპიკერმა ქალბატონმა, როდესაც საქმე ამდენ მამაკაცთან პაექრობას ეხება."



24 მაისის გაზეთ "რეზონანსის" ცნობით, ოპოზიცია პარლამენტს ტოვებს და ქუჩის აქციებით იმუქრება. ოპოზიცია სახელისუფლებო ფრაქციებს საარჩევნო კოდექსში შესატანი შეთანხმებული ცვლილებების ბოიკოტირებაში ადანაშაულებს და მოსახლეობას არჩევნების ჩასატარებლად პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგის გამართვისკენ მოუწოდებს. "რეზონანსი" წერს:

"ექვსმა ოპოზიციურმა ფრაქციამ პარლამენტის პლენარული სხდომა იმ დროს დატოვა, როცა პარლამენტს საარჩევნო კოდექსში შესატანი უკვე შეთანხმებული ცვლილებებისთვის უნდა ეყარა კენჭი. "ახალი მემარჯვენეების", "დემოკრატების", "ნაციონალების", "ტრადიციონალისტების", "აღორძინების" და "ოცდამეერთე საუკუნის" სახელით, სხდომაზე "ახლების" ლიდერი დავით გამყრელიძე გამოვიდა. მან სახელისუფლებო ფრაქციები კვორუმის ჩაგდებაში დაადანაშაულა და მოსახლეობას 3 ივნისს პარლამენტის შენობის წინ შეკრებისკენ მოუწოდა. " 3 ივნისს მხარდამჭერებთან ერთად მშვიდობიანი მანიფესტაციით მივმართავთ პარლამენტს," - აღნიშნა გამყრელიძემ.
დამოუკიდებელი მანდატურის სამსახური ოპოზიციის მიერ სახელისუფლებო ფრაქციებისადმი წამოყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. 19.30 საათისთვის მანდატურებმა სხდომათა დარბაზში 127 დეპუტატის ყოფნა დააფიქსირეს. მათივე მონაცემებით, რეგისტრაცია სწორედ ოპოზიციის - "ოცდამეერთე საუკუნის", "აღორძინების", "ერთიანი საქართველოს", "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა არ გაიარეს და კვორუმიც ამიტომ არ დაფიქსირდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დაგმო ოპოზიციის ქმედება და განაცხადა, რომ მას არანაირი გამართლება არა აქვს.
XS
SM
MD
LG