Accessibility links

logo-print

კვირას სომხეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება


საარჩევნო ციებ-ცხელებამ, რომელიც საქართველოში უკვე მეტად შემაშფოთებელი სიმპტომებით ვლინდება (რად ღირს თუნდაც "გაერთიანებული დემოკრატების" გორელი წარმომადგენლის,

19 წლის ანდრო მინდიაშვილის გატაცების ფაქტი) სომხეთში, რახანია, კულმინაციას მიაღწია. იქ კვირას, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებიდან დაახლოებით სამი თვის შემდეგ იმართება საპარლამენტო არჩევნები.

სომხეთში ეს ორი კენჭისყრა ერთად შემთხვევით არ მოგვიხსენებია: საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხით განაწყენებულ ოპოზიციას, რომელიც დღემდე არ აღიარებს რობერტ ქოჩარიანის გამარჯვებას, საპარლამენტო არჩევნებით რევანშის იმედი აქვს. როგორც ჩვენი რადიოს ერევნელი კორესპონდენტი რუზანა ხაჩატრიანი იუწყება, ოპოზიციურ ბლოკ "არატარუციუნის" (ანუ, სამართლიანობის) საარჩევნო კამპანიის მენეჯერმა, სტეპან ზაკარიანმა ხუთშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბლოკი საპარლამენტო არჩევნების სულ ცოტა ერთი მესამედის მოპოვებას ვარაუდობს: [სტეპან ზაკარიანის ხმა] "გვაქვს პროგრამა-მაქსიმუმი და პროგრამა მინიმუმი. პროგრამა მაქსიმუმია საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება, მინიმუმი კი - 44 მანდატი. როგორც უნდა გააყალბონ კენჭისყრა, ალიანსი "არტარიუცუნი" მაინც მოიპოვებს ხმების უმრავლესობას."

წარმატების ამ იმედს "არტარუციუნი" თავის ლიდერზე, სტეპან დემირჭიანზე ამყარებს და არც თუ უსაფუძვლოდ - დემირჭიანი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში სახიფათო კონკურენცია გაუწია პრეზიდენტ ქოჩარიანს და, ოპოზიციის მტკიცებით, მხოლოდ იმის გამო არ გაიმარჯვა, რომ კენჭისყრის შედეგები ხელისუფლების მიერ იქნა გაყალბებული, სომხეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნებს ოპოზიციის მომხრეთა მრავალათასიანი დემონსტრაციები მოჰყვა, რომლებიც, მართალია, ჩაცხრა, მაგრამ ჩვენი ერევნელი კოლეგის, ემილ დანიელიანის შეფასებით, გამორიცხული არ არის, 25 მაისის კენჭისყრის შემდეგ ისევ განახლდეს. ოპოზიციის ლიდერი, დემირჭიანი ხომ ახლაც, საპარლამენტო არჩევნების წინაც ეჭვობს, რომ კენჭისყრა სამართლიანად ჩატარდება: [დემირჭიანის ხმა]"გულუბრყვილობა იქნებოდა იმის ფიქრი, რომ ეს ხელისუფლება არ გააყალბებს არჩევნებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვიბრძოლოთ. ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე".

სომეხი და უცხოელი მიმომხილველების შეფასებით, სტეპან დემირჭიანი ბევრ გაღატაკებულ თანამემამულეში აღვიძებს საბჭოურ ნოსტალგიას, მათ ანატრებს ეპოქას, როცა კომპარტიის სათავეში სტეპან დემირჭიანის მამა, კარენ დემირჭიანი იდგა... მსმენელს ალბათ, ახსოვს, რომ ეს უკანასკნელი 1999 წელს, სომხეთის პარლამენტზე სისხლიანი თავდასხმის დროის დაიღუპა.

რაც შეეხება სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე დანარჩენ პარტიებსა თუ ბლოკებს, მათი რიცხვი 20-ს აღწევს, 131-ადგილიან პარლამენტში მოხვედრისაკენ მიისწრაფვის 1100 მაჟორიტარი კანდიდატიც. კვირასვე გაიმართება კენჭისყრა სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების საკითხზე, რომლისადმიც ოპოზიცია, ქოჩარიანისაგან განსხვავებით, უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებს.

თუმცა, ქოჩარიანს არც მომხრეები აკლია: მისი მხარდამჭერი პარტიებიდან, რომელთა რიცხვი ათს მაინც აღემატება, ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობს რესპუბლიკური პარტია. ის მთავრობაში პრემიერ-მინისტრი ანდრანიკ მარკარიანით და 9 მინისტრით არის წარმომადგენილი, უდიდესი ფრაქციაა პარლამენტში და მრავალ ადგილობრივ მთავრობასაც აკონტროლებს. მაგრამ მას წამყვანი პოლიტიკური ძალის ფუნქციაში თანადათან ეცილება სომხეთის რევოლუციური ფედერაცია - სომხეთის მთავრობაში შემავალი მეორე მსხვილი პარტია.

ექსპერტების შეფასებით, ქოჩარიანს, რომელსაც, ასე ვთქვათ, "თავისი პარტია" არა ჰყავს, სურს, რომ პარლამენტში მისი მხარდამჭერი რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ძალა მოხვდეს. როგორც მან ჯერ კიდევ აპრილში, ერევნის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, მისი მხარდამჭერი პარლამენტი აუცილებელია პრეზიდენტობის მეორე ვადაში წარმატების მოსაპოვებლად: [რობერტ ქოჩარიანის ხმა]
"ეს ნიშნავს, რომ გვჭირდება პარლამენტი, რომელშიც შესაძლებელი იქნება მუშაობა, რომელიც პრეზიდენტს არ დაუპირისპირდება. ჩემთვის და, ვფიქრობ, ქვეყნისთვისაც ძალიან სასურველია, გვყავდეს პარლამენტი, რომელშიც პრეზიდენტის მხარდამჭერი პოლიტიკური ძალები დამაჯერებელი უმრავლესობით სარგებლობენ".

პრეზიდენტს სურვილი, ალბათ, აუხდება: საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსალოდნელია, რომ ქოჩარიანის მოწინააღმდეგეები საგრძნობლად გაიუმჯობესებენ პოზიციას, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება ძლიერი საპარლამენტო ოპოზიციის ჩამოსაყალიბებლად.

დაბოლოს, კიდევ ერთი პროგნოზი: ისევე როგორც ოპოზიცია, საპარლამენტო არჩევნების უცხოელი მეთვალყურეებიც შიშობენ, რომ არჩევნები სომხეთში ისევ დარღვევებით ჩაივლის. ევროსაბჭოს დელეგაციის წარმომადგენელ ანდრეას გროსის თქმით, სომხეთში არჩევნების მზადებასთან გაცნობას მასში არჩევნების სამართლიანობის დიდი იმედი არ აღუძრავს.
XS
SM
MD
LG