Accessibility links

logo-print

საქართველოში მოკრძალებულად, მაგრამ მაინც


საქართველოში მოკრძალებულად, მაგრამ მაინც

აღინიშნა მუზეუმების საერთაშორისო დღე. მაგალითად, 18 მაისს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომლებმა მხატვრებთან ერთად აქ, ტელეკამერების წინ, "შაბათობა" მოაწყვეს - მუზეუმის ეზო დაასუფთავეს. თუმცა ქვეყნის მთავარი "სამხატვრო საცავის" ექსპოზიციის შეცვლაზე კვლავაც არავის უფიქრია; მიბრძანდით ხელოვნების მუზეუმში, დაათვალიერეთ მესამე სართულზე გამოფენილი ექსპონატები და დარწმუნდებით, რომ მეოცე საუკუნის ქართული ხელოვნების ისტორიიდან კვლავაც "ამოვარდნილი" რჩება იმ არაქართველ მხატვართა სახელები, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობდნენ. აქ მაინცდამაინც "არ სწყალობენ" ზდანევიჩს, "საერთოდ არ სწყალობენ" ძიგა ვალიშევსკის... მუზეუმის ექსპოზიცია გვახსენებს უბერებელ გამოთქმას - "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ". თუმცა სამუზეუმო საქმის განვითარებას საქართველოში ხელს უშლის არა თანამშრომელთა არაპროფესიონალიზმი თუ ტენდენციურობა, არამედ არსებული საკანონმდებლო ბაზა... და, რა თქმა უნდა, ხელისუფლების დამოკიდებულება კულტურისადმი, შევარდნაძის ეპოქის საქართველოს კულტურული პოლიტიკა, რომელსაც ნორმალური საკანონმდებლო ბაზა არა აქვს, თუმცა აქვს დევიზი: "გადავარჩინოთ კულტურა და კულტურა გადაგვარჩენს ჩვენ".

თბილისის მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელი ნანა გიორგაძე აღნიშნავს, რომ ფორმალურად საკანონმდებლო ბაზა უკვე შექმნილია:

[ნანა გიორგაძის ხმა] "2001 წელს მიიღეს კანონი მუზეუმების შესახებ, მაგრამ ამ კანონში არ არის გათვალისწინებული მართვის ფორმები... სპეციფიკის მიხედვით, ჩვენი მუზეუმები განსხვავდებიან ერთმანეთისგან: არის მუზეუმები, სადაც მართვის ეს ფორმები მისაღებია, არის მუზეუმები, სადაც ახალი ფორმები უფრო აინტერესებთ."

ასეთი "ახალი ფორმები" აინტერესებდა, მაგალითად, საქართველოს ჟურნალისტთა პირველ დამოუკიდებელ კავშირს, "სხივს", და მის ხელმძღვანელს თამაზ ბიბილურს, რომელმაც 1991 წელს თბილისში 9 აპრილის მუზეუმი დააარსა. მუზეუმი 11 წელი ფუნქციონირებდა. ლესელიძის ქუჩაზე გახსნილ მუზეუმში საქართველოს უახლესი ისტორიის ამსახველი უამრავი ფოტო და ვიდეო მასალა ინახებოდა, მაგრამ მოხდა შენობის ფარული პრივატიზაცია, დაარბიეს და გაიტაცეს ექსპონატები - "სხივის" მესვეურებს კი უთხრეს, რომ ეს მუზეუმი "არ მიეკუთვნება ისტორიულ-კულტურული ფასეულობების ობიექტს".

არსებითად, ასეთი კონფლიქტები ხშირად ხდება მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის, მოსკოვშიც, სადაც კვლავაც გრძელდება სასამართლო დავა ეროვნულ კინომუზეუმსა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების (მათ შორის, საქართველოს) კინემატოგრაფისტთა კონფედერაციას შორის. კონფედერაცია ცდილობს გამოაძევოს 80-იანი წლების მიწურულს აშენებული "კინოცენტრიდან" კინომუზეუმი და, როგორც მუზეუმის დირექტორმა ნაუმ კლეიმანმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, აქ კაზინო და რესტორანი გახსნას. შარშან კინომუზეუმს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კულტურულ დაწესებულებადაა მიჩნეული მოსკოვში, სინათლე და წყალი გაუთიშეს, მაგრამ ნაუმ კლეიმანს საერთაშორისო კინოსაზოგადოებამ დაუჭირა მხარი და ეროვნული მუზეუმი დროებით გადაურჩა დახურვას.

იმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც კულტურულ პოლიტიკაზე მუშაობენ, ევროკავშირი და ევროსაბჭო უჭერს მხარს. მაგრამ საკანონმდებლო ვაკუუმის გარღვევა კვლავაც ვერ ხერხდება. პარლამენტში დიდი ხანია დევს კანონი "თეატრის შესახებ", მაგრამ კანონის მიღებას, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არავინ აპირებს. საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა იგრძნობა, მაგრამ ხელისუფლებას და, შესაძლებელია, მთლიანად ქართულ საზოგადოებას არა აქვს სურვილი შეცვალოს სიტუაცია. ასე ფიქრობს, მაგალითად, თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის დირექტორი ნინო გუნია-კუზნეცოვა:

[ნინო გუნიას ხმა] "რამდენად აქვს საზოგადოებას სურვილი შეცვალოს სიტუაცია? ეს კითხვა იმიტომ დავსვი, რომ ზოგჯერ იბადება ეჭვი, რომ არავის აქვს სურვილი შეცვალოს სიტუაცია... იბადება ასეთი კითხვები: როგორი ფორმით თავსდება კულტურული მემკვიდრეობა ეროვნულ სახელმწიფო მემკვიდრეობაში... დასადგენია დაბეგვრის რეჟიმები და სხვა... არსებულ კანონში კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ეს საკითხები ბუნდოვანია."[სტილი დაცულია]

ეს იყო ფრაგმენტი ნინო გუნია-კუზნეცოვას გამოსვლიდან არასამთავრობო ორგანიზაციების შეკრებაზე, რომელიც გასულ კვირას თბილისის მერიის კულტურის სამსახურში გაიმართა. შეკრებაზე კულტურის სამსახურის უფროსმა დავით ოქიტაშვილმა განაცხადა, რომ ცენტრალური ხელისუფლება სულაც არ არის პასიური კულტურის მიმართ: მერიის კულტურის სამსახურისგან, მაგალითად, ერთდროულად მოითხოვენ შტატების შემცირებას და, ამავე დროს, კულტურის მუშაკების დასაქმებას. დავით ოქიტაშვილის ამ განცხადებას ქართველ "არასამთავრობოთა" ჟივილ-ხივილი მოჰყვა:

[დავით ოქიტაშვილის ხმა]"ვთქვათ, ანსამბლი, რომელშიც ათი კაცი მღერის, რამდენი უნდა შეამცირო, გააფორმო კვარტეტად? მუზეუმი - უნდა დატოვო დირექტორი და დარაჯი."

ასეთი წინააღმდეგობით გამოირჩევა ჩვენი კანონმდებლობა. არასამთავრობო ორგანიზაციების მესვეურთა მტკიცებით,
ორგანული კანონი თვითმმართველობის შესახებ ეწინააღმდეგება, მაგალითად, კანონს თბილისის შესახებ. თბილისს აქვს თავისი ბიუჯეტი, მაგრამ ქალაქს არა აქვს თავისი საგადასახადო სამსახური. ამ უკანასკნელის მიზანი კი არა თბილისის, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებაა. რადიომსმენელი იკითხავს, რა საერთო აქვს ყველაფერ ამას კულტურასთან. არქიტექტორი კობა არაბული, რომელიც დიდი ხანია მუშაობს თვითმმართველობის კანონზე, საქართველოში შექმნილ სიტუაციას ამგვარად განმარტავს:

[კობა არაბულის ხმა] "სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა უზრუნველყოს ჩვენთან კულტურის გადარჩენა, თუმცაღა ეს სახსრები არა გვაქვს. კულტურული მემკვიდრეობის სახით, უძვირფასესი განძი გვაქვს, საქართველოს ბიუჯეტი კი, მთელი ბიუჯეტი რომ "მიუშვა" კულტურაზე, არ ეყოფა, იმდენი რამ არის გადასარჩენი, აღსადგენი."

კობა არაბული ფიქრობს, რომ კულტურის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა "აბსოლუტურად საბჭოურია" - საკანონმდებლო ვაკუუმი, პირველ რიგში, კორუმპირებულ ძალებს აძლევთ ხელს. მათ კარგად იციან, რომ, ადრე თუ გვიან, კულტურული მემკვიდრეობა მაინც გადაეცემა ადგილობრივ ხელისუფლებას. ამიტომ ჩქარობენ, რაც შეიძლება სწრაფად "მიითვისონ" - "კანონიერად მიითვისონ" ეროვნული განძი. კობა არაბულის თქმით:
[კობა არაბულის ხმა]: "თუკი კარგად "მოვათვალიერებთ ქონებას, რომელიც შეიძლება იყოს მუნიციპალურ კუთვნილებაში გადმოსული და რა არ არის იქიდან "პატრონგაჩენილი", შეიძლება ითქვას, რომ გადასაცემი არც აღარაფერია... "

მერიის კულტურის სამსახურში გამართულ არასამთავრობოთა შეკრებაზე არქიტექტორმა კობა არაბულმა დაწვრილებით ისაუბრა დასავლეთის ქვეყნების გამოცდილებაზე, გაგვახსენა, რომ, საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში ხელისუფლებას არა აქვს "კულტურის გადარჩენის" ამბიციები; მას აქვს მხოლოდ ნდობა კულტურის მუშაკების მიმართ და ყველანაირად უწყობს ხელს ამ ხალხს, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება; მაგალითად, ჩართონ სამუზეუმო საქმე ეგრეთ წოდებულ "ტურიზმის სისტემაში", აუქციონებში. კობა არაბულის თქმით:

[კობა არაბულის ხმა] "თუკი კულტურა სახელმწიფომ უნდა შეინახოს, კეთილი ინებოს და შეინახოს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ უახლოეს ხანში სახელმწიფოს ამის თავი არ ექნება... მაშინ კულტურამ უნდა შეინახოს თავისი თავი, ეს უნდა გამოცხადდეს ღიად და კანონმდებლობა ისეთი უნდა იყოს, რომ მე, კულტურის მუშაკს, უნდა მომცენ საშუალება, გამოვიყენო მთელი არსენალი ჩემს ხელთ არსებული სიმდიდრისა."

თავისი გამოსვლის დასასრულს არქიტექტორმა კობა არაბულმა საქართველოს მთავარ მუზეუმში, ისტორიის მუზეუმში, შექმნილი მდგომარეობა გაიხსენა:

[კობა არაბულის ხმა] "ჩვენი ჯანაშიას სახელობის მუზეუმი ავიღოთ, რომელიც იმის გამო, რომ სინათლე არ არის, არ მუშაობს ვენტილაცია. სტუმრები მყავდა მიყვანილი, შუქი არ იყო. უფრო დიდი რა გაქვს? - ვერ აჩვენებ, ვერ უვლი... იმავე შტატებში მუზეუმები მთლიანად ინახავენ თავიანთ თავს, მაგრამ მათ კანონმდებლობით ამის სრული უფლება აქვთ. შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი ფართი, როგორც უნდათ, ისე - რესტორნებია, კლუბებია შიგნით."

რესტორნები და კლუბები ჩვენში ბლომადაა გახსნილი. რესტორნები და კლუბები ხომ "არ მიეკუთვნება ისტორიულ-კულტურული ფასეულობების ობიექტებს". საქართველოში არავინ ამბობს, "გადავარჩინოთ რესტორნები და კლუბები" და ჩვენც გადავრჩებითო. რაც შეეხება ხელოვნებას და კულტურულ მემკვიდრეობას... როგორც კი ხელისუფლებამ კულტურის გადარჩენაზე დაიწყო საუბარი, კულტურის საქმე "ცუდად წავიდა"... ამას ჰქვია სწორედ, "დაითარსაო", "ვიღაცამ გათვალაო."
XS
SM
MD
LG