Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დამოუკიდებლობას არმია კვლავ ყაზარმებში ხვდება


რაკი მიჩნეულია, რომ დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი შეიარაღებული ძალებია, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებების გარდა, დამოუკიდებლობის დღე ნებისმიერ ქვეყანაში, უწინარესად, სამხედრო აღლუმით აღინიშნება.

მაგრამ, ფინანსური პრობლემების გამო, საქართველოში უკვე მეხუთე წელია აღარ გამართულა აღლუმი, რაც ნოსტალგიას იწვევს არა მხოლოდ სამხედროებსა და უბრალო მოქალაქეებში, არამედ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებშიც, რომლებმაც 26 მაისს ქართულ ჯარს დამოუკიდებლობის დღე მხოლოდ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის "სიმულატორის" გახსნით მიულოცეს და დაჰპირდნენ, რომ მომავალ დღესასწაულს უფრო მასშტაბურად აღნიშნავენ.


საქართველოში რამდენჯერმე იყო მცდელობა, აღდგენილიყო ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმის ჩატარების ტრადიცია.

1918-21 წლის შემდეგ ქართული ჯარის აღლუმი პირველად, ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ბრძანებით, 1991 წლის 26 მაისს გაიმართა. ვინაიდან იმხანად პირველი ქართული საჯარისო შენაერთი, "ეროვნული გვარდია", მხოლოდ ერთი თვის ჩამოყალიბებული იყო და ის, სულ რაღაც, 5000 სამხედრო მოსამსახურეს ითვლიდა, სამხედრო დათვალიერება მოკრძალებით, თბილისის ეროვნულ სტადიონზე ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ჯარისკაცებს ჯერ კიდევ რუსული ხაკისფერი ფორმა ეცვათ და გამოუცდელობის გამო ნაბიჯიც ერეოდათ, საქართველოს მოქალაქეებზე პირველმა აღლუმმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩემს ფონოთეკაში ინახება ერთ-ერთი ქალბატონის ხმა, რომელიც ასე გამოხატავდა საკუთარ დამოკიდებულებას:
[უცნობი ქალბატონის ხმა] "ცრემლებიც კი მომდის, სიხარულის ცრემლები, რომ ვუყურებ, რომ ჩვენი სამხედროები ესეთები არიან; იმედის გრძნობა მეუფლება, ამათ რომ ვხედავ, ესენი რომ დავინახე. რა ვიცი, ღმერთო, კარგად იყოს სუყველა."
მაგრამ ერთი წლის შემდეგ,1992 წლის 26 მაისს, საქართველოში პარადებისთვის უკვე აღარავის ეცალა: ეროვნული გვარდია, რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტს ერთგულება შეჰფიცა, შემდეგ სამოქალაქო დაპირისპირებაში აღმოჩნდა ჩათრეული. შესაბამისად, რადიკალურად შეიცვალა უბრალო მოქალაქეების დამოკიდებულებაც საკუთარი შეიარაღებული ძალებისადმი: თუ ადრე ეროვნული გვარდია საყოველთაო მოწიწების საგანი იყო, სამხედრო გადატრიალების შემდეგ ფორმიანი ადამიანი მძარცველთან გაიგივდა.

ასეთი დამოკიდებულების შესაცვლელად და დემორალიზებული არმიის რიგებში პატრიოტული სულისკვეთების განსამტკიცებლად ხელისუფლებამ აღადგინა აღლუმის ტრადიცია და 1993 წლის 26 მაისს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, გრანდიოზული სამხედრო აღლუმი გაიმართა. მაგრამ, სამწუხაროდ, შეიარაღებული ძალების მიმართ დამოკიდებულება უცვლელი დარჩა. კონფლიქტი საზოგადოებასა და სამხედროებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდა აფხაზეთში განცდილი სამხედრო-პოლიტიკური მარცხის შემდეგ. და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება შემდგომ წლებში განაგრძობდა ძვირად ღირებული სამხედრო აღლუმების ჩატარებას, საქართველოში მიაჩნდათ, რომ ხელისუფლება საპარადო არმიას ქმნიდა და მწირ საბიუჯეტო თანხებს ტყულიუბრალოდ ხარჯავდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ყველა სახეობის სამხედრო ჯარებისგან შემდგარი 15 კოლონისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყვანას რესპუბლიკის მოედანზე, მთელი ამ არმადის ერთთვიან მარშირებას მტკვრის სანაპიროზე 2 მილიონი ლარი ესაჭიროება, რაც, ჯამში, მთელი სამხედრო ძალების ორი თვის სახელფასო თანხას უდრის. ასეთი ფუფუნების უფლებას კი საკუთარ თავს ვერ მისცემს ქვეყანა, რომელიც სამხედრო სფეროს მხოლოდ 65 პროცენტით აფინანსებს. თანაც, საყოველთაო კორუფციის პირობებში არ არსებობს იმის გარანტია, რომ ამ თანხის გარკვეული ნაწილი კვლავაც "ლამპასებიან კორუმპირებულთა"ჯიბეში არ მოხვდება.

არსებობს კიდევ უფრო წონადი მიზეზი: იმ საქმისთვის, რასაც სრულფასოვანი არმიის მშენებლობა ჰქვია, უფრო მნიშვნელოვანია, ვთქვათ, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ტერნაჟორის შეძენა, რაც საშუალებას მისცემს ქართველ სამხედროებს ზედმეტი დანახარჯების გარეშე აითვისონ ურთულესი იარაღი და დაიცვან საკუთარი საჰაერო საზღვრები, რადგან მოსახლეობა იმისთვის კი არ მოსთხოვს ხელისუფლებას პასუხს, აღლუმებს რომ ვერ ატარებს, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანა დაუცველია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG