Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

26 მაისს გალის რაიონში სოხუმის ხელისუფლებამ დამატებითი ნაწილები შეიყვანა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღემდე რამდენიმე დღით ადრე, სოხუმის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გალის რაიონში დამატებითი შეიარაღებული ძალები შეიყვანეს. სოხუმი ამ დღეებში

გალის რაიონში ქართველი პარტიზანების გააქტიურებას ვარაუდობს, რაც გალში დამატებით 150-მდე ჯარისკაცის შეყვანის საბაბად იქცა. სააგენტო "ინტერ-პრესის" ცნობით, აფხაზმა ჯარისკაცებმა დაიკავეს პოზიციები და, გალის რაიონის სოფლების პატრულირების გარდა, მდინარე ენგურზე არსებული გადასასვლელების საგანგებო რეჟიმში გაკონტროლებას შეუდგნენ.

საგანგებო რეჟიმის მიუხედავად, რადიო "თავისუფლების" ზუგდიდელი კორესპონდენტის ლაშა ბერულავას ცნობით, მიმოსვლა ენგურის ხიდზე ამ დღეებში და 26 მაისსაც არ შეზღუდულა. მისივე თქმით, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად გარკვეული ღონისძიებები მიიღეს თავად ქართველმა პარტიზანებმაც, რომლებმაც, არაფორმალურ გაერთიანება "ტყის ძმების" მეთაურის დავით შენგელიას დავალებით, მდინარე ენგურზე მანქანების გადასასვლელი ადგილები გადათხარეს. შესაბამისად, ამ დღეებში გალის რაიონში არალეგალურად მოხვედრა საკმაოდ გაძნელებულია.
მაისის თვე გალის რაიონთან დაკავშირებით ნამდვილად უსიამოვნო მოგონებებს იწვევს. 1998 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც გალის რაიონში არალეგალურად გადასულმა ქართველებმა - მათ შორის, პარლამენტარებმაც - გალში მარულა გამართეს და საქართველოს დროშა ააფრიალებს, გალის რაიონი კიდევ ერთხელ იქცა სადამსჯელო პოლიგონად. ენგურს გამოღმა ხელმეორედ გამოდევნილი ადამიანები შორიდან უყურებდნენ, როგორ იწვოდა შრომით და ტანჯვით აღდგენილი სახლები გალში. ენგურის ხიდის მისადგომებთან თავმოყრილ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს კი მხოლოდ გამწარებულ დევნილთა მოგერიების არცთუ საპატიო მოვალეობა ერგოთ.
გალის მაისის მოვლენებიდან 5 წლის თავზე სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა გალის რაიონში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობებს მთელი ზაფხულისა და ადრეული შემოდგომის პირას ვარაუდობს. შამბას აზრით, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად ქართველი პარტიზანები, გარკვეული ძალების დაკვეთით, გალის რაიონში ვითარების გამწვავებას შეეცდებიან. პარალელურად, კონფლიქტის ზონის მიმდებარე რეგიონში, სამეგრელოში, საარჩევნოდ ვითარების დესტაბილიზაციის საშიშროებაზე ოფიციალური თბილისიც საუბრობს. მართალია, არ შეიძლება არ დაეთანხმო სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარის უშიშროების სამსახურის უფროს გოგი ნაჭყებიას, რომელმაც სააგენტო "პრაიმ-ნიუსთან" საუბრისას ნაადრევად, არასასურველად და გადაჭარბებულად შეაფასა ცნობები რეგიონში არსებული დაძაბულობის შესახებ, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ 2 ნოემბრის არჩევნების წინ მდგომარეობის დაძაბვის პროგნოზს მთელი საქართველოს მასშტაბით აკეთებენ. საარჩევნო ვნებათაღელვა იქნება აფხაზეთიდან დევნილთა შორისაც, რომლებმაც, გამორიცხული არ არის, 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის უფლება მიიღონ. როგორც გახსოვთ, საქართველოს პარლამენტში აქამდე არსებობს აფხაზეთის დეპუტაცია - მაჟორიტარები, ვინც 1992 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას აფხაზეთში მაჟორიტარულ ოლქებში გაიმარჯვეს. პარლამენტის დადგენილებით და საარჩევნო კანონით, ისინი დეპუტატებად დარჩებიან მანამ, სანამ აფხაზეთში არ აღდგება საქართველოს იურისდიქცია და არ გაიმართება არჩევნები. გასულ კვირას საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი სარჩელზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამრთლოში შეიტანა არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა ევროპულ-კავკასიური ინსტიტუტი." ამ ორგანიზაციას აფხაზეთის დეპუტაციისთვის ვადის გაგრძელების კონსტიტუციურობა აეჭვებს. საკონსტიტუციო სასამართლომ აფხაზეთის დეპუტაციისთვის ვადის გაგრძელება არაკონსტიტუციურ და არაბუნებრივ გადაწყვეტილებად მიიჩნია.
XS
SM
MD
LG