Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

26 მაისი თბილისში


დავით პაიჭაძე, თბილისი ჩვენმა მსმენელმა იცის, რომ 26 მაისისთვის მასმედიის ნაწილი საზოგადოებას ახალგაზრდების მანიფესტაციასა და სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქციას უწინასწარმეტყველებდა.

ეს არ მოხდა. თუმცა წლევანდელ 26 მაისს მხოლოდ ოფიციალურ საზეიმო ღონისძიებათა თანხლებით არ ჩაუვლია. ახალგაზრდები ამ დღეს მაინც შეეცადნენ თავიანთი მიმართების გამოხატვას არა საქართველოს დამოუკიდებლობის, არამედ ქვეყნის ხელისუფლებისადმი. რა გამოვიდა ამ მცდელობიდან?

26 მაისს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, საზეიმო კონცერტი გაიმართა. მანამდე რამდენიმე საათი, პოლიციის თანხლებით, იქ გაატარა პრეზიდენტ გამსახურდიას ქვრივმა თანამოაზრეებითურთ. შუადღის პროტესტი, წუხილი და ნოსტალგია საღამოს სიხარულს უნდა შეეცვალა. მაგრამ ასე არ მოხდა: ზვიადისტებს ფეხი არ მოუცვლიათ და საკონცერტო ნომრებს თავიანთ ხმას უერთებდნენ.

ნიადაგს სიხარულისათვის თითქმის მთელი დღის მანძილზე ამზადებდნენ და აპოხიერებდნენ ლურჯ-თეთრად დაფერილი მანქანები, რომლებიც ქალაქის ქუჩებში ხმამაღლა აგუგუნებდნენ საგანგებოდ ამ დღისთვის დაწერილ სიმღერას. მუსიკაში სრულიად გაუთვითცნობიერებელი ადამიანი ამ სიმღერაში იოლად ამოიცნობდა ჯემალ სეფიაშვილისა და რეზო ამაშუკელის მიერ 4 წლის წინათ მოქალაქეთა კავშირისათვის ხმის მისაცემად შექმნილი ერთობლივი საგალობლის, "გიხაროდენ"-ის, მოტივებს. სიმღერა, როგორც მაშინ, ისე ახლა, საქართველოს ეძღვნებოდა.

საზეიმო განწყობასა და კონცერტს რესპუბლიკის მოედანზე თავიანთი ხმა შეუერთეს იმ ახალგაზრდებმა, რომელთა აზრით, დამოუკიდებლობა, მართლაც, საზეიმო აღნიშვნის ღირსია, მაგრამ არაფერია სასიხარულო იმაში, რომ ქვეყანას ჰყავს ის ხელისუფლება, რომელიც ჰყავს. ახალგაზრდული მოძრაობა "კმარა"-ს წევრებმა რესპუბლიკის მოედანზე უკვე აპრობირებული კარნავალური ხერხები გამოიყენეს: ჰელიუმით დაბერილი ასეულობით ბუშტის მეშვეობით ჰაერში აიტანეს უზარმაზარი კარიკატურა წარწერით "კმარა" და ბლოკი "უნიტაზი", აგრეთვე, ბლოკის "ახალი საქართველოსთვის" თვალსაჩინო წევრების გამოსახულებით უხერხულ კონტექსტში. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, უნიტაზი არის ნიჟარა კანალიზაციით მოწყობილ საპირფარეშოში. ლათინურად Unitas ერთობას, ერთიანობას, ერთ მთლიანობას, ერთგვაროვნებას ნიშნავს. ასე ერქვა კომპანიას, რომელმაც ხსენებული ნიჟარების წარმოება წამოიწყო. მსმენელი ხვდება, კარიკატურაზე რანაირად იყვნენ გამოსახული, მაგალითად, ვიტალი ხაზარაძე, ლევან მამალაძე, მედეა მეზვრიშვილი, ვახტანგ რჩეულიშვილი და სხვები... კარიკატურის გაფრენის შემდეგ ახალგაზრდებმა მოედანზე თავშეყრილ ადამიანებს დაურიგეს მცირე ზომის იგივე კარიკატურები.

ვერ ვიტყვით, რომ "კმარას" ამ ნაბიჯმა დიდი ყურადღება მიიპყრო: კონცერტი გრძელდებოდა, უამრავ ადამიანს არც შეუნიშნავს, რა მიჰქონდა ბუშტებს. ბევრმა შენიშნა, აქედან ზოგმა გაიღიმა, ზოგიც კი ასე შეხვდა [ისმის სტვენა, ტაში და ყიჟინი].
XS
SM
MD
LG