Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა კვირას 25 მაისს, საგანგებო სხდომაზე იერუსალიმში, ისრაელის მთავრობამ ხმების უმრავლესობით მოიწონა "გზამკვლევის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმა, რომელიც 2005 წლისათვის პალესტინის

დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებას ითვალისწინებს. ისრაელის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მრავალმხრივი კომენტარით გამოეხმაურა დასავლეთის პრესა. როგორც გაზეთ "ველტის" მიმომხილველი ალან პოსნერი აღნიშნავს, თუ ისრაელის პრემიერ-მინისტრს სურს, რომ ისტორიაში ისრაელი შარლ დე გოლის სახელი დაიმკვიდროს, მაშინ ბატონმა არიელ შარონმა სწორი მიმართულებით გადადგა პირველი ნაბიჯი.
ხოლო გაზეთ "ფრანკფურტერ ალგემაინეს" მიმომხილველი ინგე გიუნტერი გამოთქვამს იმედს, რომ ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში სტაბილური მშვიდობის დამყარების საწინდარი გახდება. გერმანელი ჟურნალისტი წერს:

"ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის გამარჯვებად უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ ისრაელის მთავრობის კაბინეტმა მოიწონა "გზამკვლევის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა გაეროს, ევროკავშირსა და რუსეთთან შეთანხმებით. ამდენად, ისრაელი წავიდა ისტორიულ დათმობაზე, და პირველად მთელი თავისი არსებობის მანძილზე, პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებას დაუჭირა მხარი."

გაზეთ "ზიუდდოიჩე ცაიტუნგის" მიმომხილველს ტორსტენ შმიტცს მიაჩნია, რომ მართალია არიელ შარონმა მიიღო "გზამკვლევის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმა, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრს თავისი ჩანაფიქრის შესრულება აქვს განზრახული. ტორსტენ შმიტცი წერს:

"არიელ შარონი კვლავინდებურად მოითხოვს, რომ ვიდრე დღის წესრიგში ოკუპირებული დასახლებებიდან ისრაელის ჯარის გაყვანა დადგება, ახლო აღმოსავლეთში ბოლო მოეღოს ტერორისტულ თავდასხმებს. თავად ის ფაქტი, რომ ბატონი შარონი სამშვიდობო რიტორიკაზე გადავიდა როდი ნიშნავს იმას, რომ მრავალტანჯულ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა დამყარდება. და ვიდრე პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი განაგრძობს ინტრიგებს კულისებს მიღმა, ნაკლებად უნდა გვქონდეს მშვიდობის იმედი. მეორეს მხრივ, არიელ შარონი ყველას გულისმოგებას ცდილობს. მას ერთიანობა სურს მთავრობაში, რომლის წევრთა უმრავლესობა პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსების წინააღმდეგია. შარონს ისიც კარგად მოეხსენება, რომ ისრაელი ზურგს ვერ შეაქცევს შეერთებულ შტატებს. მაგრამ არიელ შარონი არ აღიარებს, რომ პალესტინელებთან სამშვიდობო შეთანხმება, ისრაელს, საკუთარი მომავლის საკეთილდღეოდ ესაჭიროება. შარონი არაა ანგელოზი".

როგორც გაზეთი "ფრანკფურტერ რუნდშაუ" შენიშნავს, ამჯერად, როცა ავღანეთსა და ერაყში ამერიკის ჯარია შეყვანილი და ორივე ქვეყანაში ლიბერალური საზოგადოების შექმნის რეალური შანსია სახეზე, ვაშინგტონს შეუძლია ირანსაც მიხედოს. გაზეთი განაგრძობს:

"ირანის ჯერი დადგა, და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის, "ალ-ყაიდის" წევრებმა, რომლებიც ირანში იმალებიან, წინასწარ იცოდნენ, რომ 12 მაისს თვითმკვლელი ტერორისტები აფეთქებებს მოაწყობდნენ საუდის არაბეთში, რამაც 34 ადამიანის, მათ შორის 8 ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა. ოფიციალურმა თეირანმა უნდა იცოდეს, რომ შეერთებული შტატები არ მისცემს ირანს უფლებას - ტერორისტები შეიფაროს თავის ტერიტორიაზე. პენტაგონის მაღალჩინოსნები, ირანში "რეჟიმის შეცვლაზე" ალაპარაკდნენ."
XS
SM
MD
LG