Accessibility links

logo-print

რუსეთი ჩეჩნეთში ამნისტრიის გამოცხადებას გეგმავს


რუსეთის სახელმწიფო დუმამ გასულ კვირაში პირველ წაკითხვაში მოიწონა კანონპროექტი ჩეჩნეთში ამნისტიის გატარების თაობაზე. როგორც ვარაუდობენ, დოკუმენტი, რომელსაც კიდევ ორ წაკითხვაში

უნდა უყარონ კენჭი დეპუტატებმა, საბოლოოდ მიღებულ იქნება. მაგრამ კრიტიკოსების აზრით, კანონპროექტის ბუნდოვანი ფორმულირებები და გამონაკლისების სიმრავლე, ფაქტობრივად, აზრს უკარგავს მას. მათი აზრით, ახალი კანონი დახმარებას ვერ გასწევს ომის შესაწყვეტად და, მეორე მხრივ, მართლმსაჯულებისთვის თავის დაღწევის საშუალებას მისცემს მოსკოვის ერთგულ დამნაშავეებს.

დოკუმენტის მიხედვით, ამნისტია უნდა გავრცელდეს იმათზე, ვინც "საფრთხეს უქმნიდა ჩეჩნეთში საზოგადოებრივ უსაფრთხოებას 1993 წლის 12 დეკემბრიდან 2003 წლის 1-ლ სექტემბრამდე პერიოდში". ამნისტია არ ვრცელდება იმათზე, ვისაც ბრალდება მკვლელობა, გაუპატიურება, განზრახ თავდასხმა, ბანდიტობა, გატაცება, მილიციელის მკვლელობა ან თუნდაც მილიციელის მკვლელობის მცდელობა.ეს იმას ნიშნავს, რომ ამნისტიიდან გამოირიცხება მეამბოხეთა ყველა მეთაური და შეიარაღებულ სეპარატისტთა უდიდესი ნაწილი - სწორედ ის ადამიანები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვის დასაბრუნებლადაც არის თითქოს მოწოდებული ეს დოკუმენტი. მოსკოვის სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა ანდრეი პიონტკოვსკიმ ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, ჯერემი ბრანსტენს უთხრა:

[პიონტკოვსკის ხმა] "ის, პრაქტიკულად, არავის ეხება. თუკი კაცი თოფით იყო მთებში, მან უნდა დაამტკიცოს, რომ მზარეულად ან რამე ასეთად მუშაობდა უკანასკნელი ორი-სამი წლის განმავლობაში და არასოდეს გაუსვრია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან შეზღუდული ამნისტიაა."

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ დღევანდელ პირობებში დოკუმენტს დამარწმუნებელი ძალა არ ექნება. ჩეჩენი სეპარატისტები ვერ გაბედავენ იარაღის ჩაბარებას, ვინაიდან თავიანთი მეთაურების მხრიდან შურისძიების ეშინიათ. ამას ადასტურებს წინა ამნისტია, რომელიც 1999 წლის დეკემბერში გამოცხადდა.

ამჟამად ჩეჩნეთის საზოგადოებაზე ზეგავლენას ახდენს არა მარტო ომი, არამედ დაპირისპირებები ჩეჩნეთის კლანებს შორის. ექსპერტების აზრით, სანამ მათ შორის თანხმობის მიღწევა არ მოხერხდება, ამნისტია ფარატინა ქაღალდად დარჩება.

ფაქტობრივად, ამნისტია იმისთვის არის მოწოდებული, რომ არჩევნებამდე პოზიციები გაუმაგროს ერთ-ერთი ასეთი კლანის ლიდერს, ჩეჩნეთის პრომოსკოვური მთავრობის ხელმძღვანელს, ახმად კადიროვს.

არსებობს კიდევ ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი გარემოება, რომელზეც ფრაქცია "იაბლოკომ" მიუთითა სახელმწიფო დუმაში გამართული დებატებისას. ამნისტია შესაძლოა გავრცელდეს კადიროვის კორუმპირებულ გარემოცვაზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც ფინანსურ მაქინაციებში არიან მხილებული. იგი შეიძლება გავცელდეს რუსეთის სამხედროებზეც, რომლებიც კანონს არღვევდნენ ჩეჩნეთის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.

ამდენად, ახალ ამნისტიასთან არ შეიძლება დაკავშირებული იყოს რაიმე სერიოზული იმედები.

რუსეთის სახელმწიფო დუმაში კანონპროექტის თაობაზე მეორე წაკითხვით კენჭისყრა 2 ივნისს გაიმართება, მესამე და საბოლოო კი - არაუგვიანეს 6 ივნისისა.
XS
SM
MD
LG