Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი დაძაბულობა ამერიკა-ირანის ურთიერთობაში


ანდრო ეული, პრაღა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონის მმართველ წრეებში ირანის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებაზე ალაპარაკდნენ, თეირანმა შეერთებულ შტატებს მოუწოდა - არ ჩაერიოს ისლამური რესპუბლიკის საშინაო საქმეებში.

ვაშინგტონი "ალ-ყაიდის" გავლენიანი წევრების შეფარებასა და ბირთვული შეიარაღების საიდუმლო პროგრამის განხორციელებაში ადანაშაულებს თეირანს. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას.

"ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი და ლოგიკა შეახსენებს ამერიკელებს, რომ მათ თავი უნდა შეიკავონ ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევისგან. ირანი ყოველთვის მედგრად იცავდა და კვლავაც დაიცავს თავის ინტერესებს " - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰამიდ რეზა ასეფიმ.

ვაშინგტონის აგრესიულმა რიტორიკამ კიდევ უფრო განარისხა მეზობელ ავღანეთსა და ერაყში ამერიკელი ჯარისკაცების ყოფნით უკმაყოფილო, ირანის რელიგიური ლიდერები.

გაზეთმა "ვაშინგტონ პოსტმა" 25 მაისის ნომერში გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ თეთრი სახლი განიხილავს პენტაგონის მიერ წამოყენებულ წინადადებას, რომელიც ქვეყნის მმართველ სტრუქტურებში მოკალათებული რელიგიური პირების წინააღმდეგ სახალხო აჯანყების მოწყობას ითვალისწინებს ირანში.

ჯერჯერობით არაა ცნობილი, კონკრეტულად რა სამოქმედო პროგრამა შეიმუშავა პენტაგონმა, თუმცა როგორც თეთრი სახლის ადმინისტრაციის ცალკეულმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, ვაშინგტონი ლტოლვილობაში მოქმედ ოპოზიციურ დაჯგუფებებს, მაგალითად ერაყში მყოფ სახალხო მუჯაჰიდებს, აგრეთვე ირანის აწ განსვენებული შაჰის უფროს ვაჟს, რეზა ფეჰლევის დაუჭერს მხარს ირანის რელიგიური ლიდერების წინააღმდეგ.

ვაშინგტონის ზეწოლა თეირანზე მას შემდეგ დაიწყო, რაც შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურმა არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ ირანში მყოფმა "ალ-ყაიდის" გავლენიანმა წევრებმა მოაწყეს 12 მაისს საუდის არაბეთში აფეთქებები, რამაც 34 ადამიანის, მათ შორის 8 ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა.

ირანი აცხადებს, რომ განვლილი ერთი წლის განმავლობაში დააპატიმრა და ქვეყნიდან გააძევა "ალ-ყაიდის" ხუთასამდე წევრი, და კიდევ რამდენიმე სხვას დაკითხვას უწყობენ ამჟამად გამომძიებლები.

კიდევ უფრო იმატებს დიპლომატიური ზეწოლა ირანზე 16 ივნისს, თუ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, როგორც ვაშინგტონი იმედოვნებს, ოფიციალურად გამოაცხადებს, რომ ირანმა, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება დაარღვია.

თეირანი დაჟინებით აცხადებს, რომ მისი ბირთვული ობიექტები, მათ შორის ურანის გამამდიდრებელი ქარხანა, მხოლოდ და მხოლოდ ელექტროენერგიის გამოსამუშავებლადაა გამიზნული. ხოლო აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები აცხადებენ, რომ როცა იგი ბირთვული იარაღის შექმნისთვის იქნება მზად, ირანი უყოყმანოდ გამოვა ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ირანს, როგორც ექსპერტები მოელიან, ორ წელიწადზე ნაკლები დრო სჭირდება ბირთვული იარაღისთვის საჭირო კომპონენტების შესაქმნელად, რუსეთი აცხადებს, რომ ყურად არ იღებს შეერთებული შტატების მხრიდან ზეწოლას და კვლავაც დაეხმარება ირანს პირველი ბირთვული რეაქტორის მშენებლობაში. "ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ნაკისრ ვალდებულებას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი და ვაშინგტონის პოზიციები ამ საკითხში მკვეთრად განსხვავებულია" - განაცხადა რუსეთის ატომური ენერგიის მინისტრმა ალექსანდრ რუმიანცევმა.
XS
SM
MD
LG