Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრეფიკინგი და საქართველო


20-23 მაისს პრაღაში ევროპაში უსაფრთხოებისა

და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მე-11 ეკონომიკური ფორუმი ჩატარდა, რომელიც წელს ადამიანების, იარაღისა და ნარკოტიკების ტრეფიკინგის ცალკეული ქვეყნებისა, თუ საერთაშორისო ეკონომიკაზე ზეგავლენას შეეხებოდა. ყოველკვირეული პროგრამის - "ახალი ევროპა" - დღევანდელ გამოშვებაში ნინო გელაშვილი შეეხება ეუთოს ფორუმის ზოგიერთ ასპექტს და შემოგთავაზებთ თავისი რესპონდენტის კომენტარს იმაზე, თუ რა მოუტანა და რით ემუქრება ტრეფიკინგი საქართველოს.


პრაღაში ეუთოს ეკონომიკურ ფორუმზე ბევრ სხვა დოკუმენტთან ერთად წარმოდგენილი იყო პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორის ფილ უილიამსის ნაშრომი, რომელიც ფაქტობრივად აცხადებს, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლა ხშირად სულაც არ წარმოადგენს მთავრობების უპირველეს პრიორიტეტს. კონკრეტულად იარაღის კონტრაბანდაზე კი ამერიკელი პროფესორი წერს: "მთავრობათა უმეტესობა გაცილებით დაინტერესებულია იარაღით ვაჭრობის ხელის შეწყობაში, ვიდრე იარაღის კონტრაბანდის შეზღუდვაში". ეს მოსაზრება შეიძლება გავრცელდეს როგორც იარაღის, ასევე ადამიანებისა და ნარკოტიკების ტრეფიკინგზეც. ნიშანდობლივია, რომ არც ეუთოს პრაღის ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორები ყოფილან პრაღაში შეპყრობილი ილუზიით, რომ ოფიციალური განცხადებები და რეალობა ერთმანეთს შეესაბამება.

ამასთან დაკავშირებით ეუთოს ფორუმის თავმჯდომარემ, ჰოლანდიელმა დიპლომატმა დაან ევერტსმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა:

052070[ევერტსის ხმა]
"პრაღაში შეკრების აზრი იმაშია, რომ კარგად წარმოვაჩინოთ უკანონო ვაჭრობის მიმართულებები. არ არის იოლი ამ ყველაფრის თავის მიდევნება და, რა თქმა უნდა, რიგ შემთხვევებში ამ პროცესებში ფარულად მონაწილეობენ ხელისუფლებაში მყოფი პირებიც. რასაკვრიველია, ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. და ჩვენ არც ვაპირებთ ამის გაკეთებას. უბრალოდ, ამ შეხვედრის მიზანია ყველა ქვეყნების მთავრობები ერთ ხაზზე დადგნენ, რაც ოფიციალური განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ასეც არის".

ერთია განცხადებები მთავრობების დონეზე, მეორე კი არის ის, რომ ტრეფიკინგი არის ბიზნესი და მის მასშტაბებს განაპირობებს როგორც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა წარმოშობის ქვეყნებში, ასევე ტრეფიკირებულ საქონელზე მოთხოვნილება დანიშნულების ქვეყნებში.

ტრეფიკინგთან მიმართებაში ქვეყანა შეიძლება იყოს წარმოშობის, ტრანზიტისა და დანიშნულების. ამ თვალსაზრისით საქართველო განიხილება როგორც წარმოშობისა და ტრანზიტის ქვეყანა.

ეუთოს პრაღის ფორუმზე პირველად საერთაშორისო დონეზე გაჟღერდა გუუამი, როგორც სუბრეგიონალური ორგანიზაცია, რომლის სახელითაც განცხადება მისი თავმჯდომარე ქვეყნის, საქართველოს წარმომადგენელმა უშიშროების საბჭოს მდივანმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში რუსუდან ბერიძემ გააკეთა.

ტრეფიკინგის დანიშნულების ქვეყნებზე საუბრისას რუსუდან ბერიძემ საინტერესოდ შენიშნა:

[ბერიძის ხმა]
"დანიშნულების ქვეყნისთვის კვლავ რთული პრობლემა არის იმიტომ, რომ ეს არის არალეგალურად და უკანონოდ მცხოვრები ძალიან დიდი მასა ადამიანების, ეს არის იაფი მუშახელი, რომელიც ხელს უშლის იგივე ქვეყანას იმისთვის, რომ, ვთქვათ, თავისი მოქალაქეები დაასაქმოს და ამიტომ მათ მიმართ დამოკიდებულება არ არის კეთილგანწყობილი ასეთ ქვეყნებში. ვთქვათ, იგივე გერმანიაში საკმაოდ მაღალია უმუშევრობის დონე და ბუნებრივია ეს იაფი მუშახელი, რომელსაც დამქირავებელი გარკვეული რისკის ფასად ქირაობს იმიტომ, რომ მას აძლევს ათჯერ ნაკლებს, ვიდრე უნდა მისცეს თავის მოქალაქეს, რომელიც დაცულია პროფკავშირებით, კანონმდებლობით და ა.შ."

რუსუდან ბერიძემ ჩემთან საუბრისას შენიშნა ისიც, რომ ზოგიერთ გამოკვლევებში გაიჟღერა აზრმაც, რომ იაფი შინამოსამსახურეები კარგ ზეგავლენას ახდენენ განვითარებული ქვეყნების საშუალო ფენის წარმომადგენელთა ცხოვრების ხარისხზე, რადგან მათ საოჯახო საქმის ტვირთს უმსუბუქებენ,.. რაც საქართველოსთვის ვერაფერი შვებაა. შვება, როგორც ჩემი რესპონდენტი ამბობს, იქნებოდა შემდეგი:

[ბერიძის ხმა]
"ამის გამოსწორების ერთადერთი საშუალება არის, რომ ქვეყანა ეკონომიკრუად ფეხზე დადგეს, ძლიერი იყოს, დასაქმების პრობლემა მოგვარებული იყოს, მაშინ დამერწმუნეთ, ონიდან, ამბროლაურიდან და დუშეთიდან ოჯახის ქალი, რომელიც სამ შვილს ტოვებს სამშობლოში, რასაკვირველია მოსამსახურედ სამუშაოდ არ წავა"

მანამდე კი, სანამ საქართველო ეკონომიკურად ძლიერი გახდება, ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანიც აფრთხილებს მათ:

[ბერიძის ხმა]
"ლეგალური დასაქმების საშუალება საქართველოდან მოცემულ მომენტში აბსოლუტურად არ არის. არ არის ლაპარაკი, ვთქვათ, ძალიან ნიჭიერ ადამიანებზე, მაგრამ ეს უკვე არის მეორე პრობლემა - ტვინის გადინება ქვეყნიდან და არა ტრეფიკინგის პრობლემა. რაც შეეხება ჩვეულებრივ ადამიანებს მათთვის ლეგალური დასაქმება საზღვარგარეთ თითქმის შეუძლებელია".

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლში აღნიშნულია, რომ : "შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ", ასეთი შეთანხმება საქართველოს ჯერ არც ერთ ქვეყანასთან არ აქვს და შესაბამისად საზღვარგარეთ მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვაზე ლაპარაკიც აღარ არის.
დღევანდელ პროგრამაში ძირითადად საქართველოდან ადამიანების ტრეფიკინგის პრობლემას შევეხე, რადგან თუკი ტრეფიკინგის წარმოშობის ქვეყნის სტატუსზეა საუბარი, საქართველოს შემთხვევაში, ალბათ, პირველ რიგში ადამიანების ტრეფიკინგი იგულისხმება. ეუთოს მეთერთმეტე ეკონომიკურ ფორუმზე კი საუბარი იყო იარაღისა და ნარკოტიკების ტრეფიკინგზეც. ამ ტიპის საქმიანობაში მთავრობის წევრთა ინტერესებზეც და იმაზეც, თუ რა როლის შესრულება შეუძლია კერძო სექტორს ტრეფიკინგთან ბრძოლის თვალსაზრისით.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG