Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალის უფლებები - ადამიანის უფლებებია


საქართველომ წელს პირველად უმასპინძლა ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ერთი კვირის წინ დაიხურა თბილისში. კონფერენცია მეხუთედ ჩატარდა და მასში

მონაწილეობა მიიღო 10 პოსტსაბჭოთა ქვეყნის 33-მა წარმომადგენელმა, მათ შორის, ქართველმა ფილოსოფოსმა ლელა გაფრინდაშვილმა, რომელიც ხელმძღვანელობს კავშირს "ქალების ინიციატივა თანამშრომლობისთვის".

1994 წელს საქართველო შეუერთდა გაეროს ე.წ. "სიდო კონვენციას", რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქალის უფლებების დაცვას აკონტროლებს. სიდო თავისი წევრებისგან ოთხ წელიწადში ერთხელ მოითხოვს ანგარიშს, რომელიც ფორმალურად ქალის უფლებათა სფეროს მოიცავს, თუმცა, ფილოსოფოს ლელა გაფრინდაშვილის აზრით, იმასაც გამოხატავს, თუ როგორ იცავს ესა თუ ის ხელისუფლება, საერთოდ, ადამიანის უფლებებს.

[ლელა გაფრინდაშვილის ხმა] "ქვეყანამ უნდა დაიცვას, თუ მას უნდა თქვას, რომ აქ ადამიანი არის ღირებული და ადამიანის უფლებები დაცულია...არ კმაყოფილდება იმით, როცა ეუბნებიან, რომ ქალის უფლებები დაცულია ქვეყანაში...ის სთხოვს დეფაქტო ანგარიშსაც, ფაქტებს, სადაც დასტურდება სიმართლე."

მართლაც, კონფერენციაზე, რომელიც უმაღლეს დონეზე ჩატარდა თბილისში (ქალის უფლებებისთვის მებრძოლებს წერილობით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა), ითქვა, რომ ახლახან, ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით, შემუშავდა ტრეფიკინგთან ბრძოლის პროგრამა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მეორე პირი - ქალია (რაც თავისთავად ამტკიცებს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უცხოა ქალის დისკრიმინაცია)... მაგრამ გაეროს კომიტეტი არ კმაყოფილდება "ოფიციალური ანგარიშით" და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლის მესვეურები ქალთა უფლებებზე მუშაობენ, მოითხოვს ეგრეთ წოდებულ "ჩრდილოვან ანგარიშსაც". რადიო "თავისუფლება" დაინტერესდა, თუ კონვენციის რომელ მუხლს ეწინააღმდეგებიან ხოლმე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ლელა გაფრინდაშვილმა გვიპასუხა:


[ლელა გაფრინდაშვილის ხმა] "რამდენიმე პუნქტია ამ კონვენციაში ისეთი, რომელსაც, როგორც წესი, ეწინააღმდეგება ხელისუფლება. ერთ-ერთია კვოტირების სისტემა. კონვენცია სთხოვს სახელმწიფოს, რომ, თუ სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებისას ქალები არ არიან წარმოდგენილი... მაშინ სახელმწიფომ უნდა მიიღოს "დროებითი ზომა", რომელიც სოციალურ სამართლიანობას აღადგენს... შეიძლება საარჩევნო კანონში მოხდეს ცვლილება და პოლიტიკურ პარტიებს დაევალოთ, რომ გამსვლელ ადგილებზე ეს ბალანსი იყოს შენარჩუნებული...ამ ზომის მოწინააღმდეგეთა მხრიდან ასეთი არგუმენტია, რომ ეს საბჭოთა ზომაა და რომ ეს არის დისკრიმინაცია."

ლელა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ ქალის ხელოვნური ჩართვა პოლიტიკაში, მართლაც, უშედეგო აღმოჩნდება. მისი აზრით, საქართველოში არის სოციო-კულტურული ბარიერები, რომელიც ქალმა შეიძლება ვერ გადალახოს, ამიტომ ხელისუფლება "სუსტ სქესს", პირველ რიგში, ამ ბარიერის დაძლევაში უნდა დაეხმაროს. ლელა გაფრინდაშვილის თქმით:

[ლელა გაფრინდაშვილის ხმა] "ძალიან რთულია პრობლემის გამოყოფა... ჩვენთან როგორ შეიძლება არსებობდეს ერთი პრობლემა, როცა ტოტალურად ყველა სფეროში, სოციალური იქნება ეს თუ პოლიტიკური, პრობლემები მოუგვარებელია, ყველა ეს პრობლემა გენდერულადაც აქტუალურია."

და მაინც, არის ერთი პრობლემა, რომელსაც ვერანაირი ხელისუფლება ვერ მოაგვარებს, თუკი ქალმა თავად არ მოინდომა მისი დაძლევა - ესაა ფსიქოლოგიური ბარიერი. ქართველი ფემინისტების აზრით, ძალადობა, რომელიც განსხვავებული ფორმით ხორციელდება ხოლმე ქალის მიმართ, ვერ აღმოიფხვრება, სანამ ქალი ვერ გაიაზრებს, რომ მსხვერპლია:

[ლელა გაფრინდაშვილის ხმა] "თუ არ დაარქვი შენს თავს, რომ ხარ "მსხვერპლი", არაფერი გამოვა. სუბიექტური ინტერპრეტაცია თუ მოახდინე ამ პრობლემის, რაღაცნაირად დაძლევ მას."

ქალის უფლებებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის დასრულებიდან სულ რამდენიმე დღე გავიდა და სააგენტო "მედია-ნიუსმა" გაავრცელა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის სიტყვა, რომელშიც ნათქვამია:

"დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ რა მოვალეობა აკისრია ჩვენს ცხოვრებაში ქალს, როგორია მისი როლი. ბოლო საუკუნეებში მამაკაცები და დედაკაცები ერთმანეთს გაუთანასწორეს. ამით ქალისთვის, თითქოს, კარგი გააკეთეს, სინამდვილეში კი ეს ძალიან ცუდია."
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG