Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გესაუბრებით საქართველოში ჭუჭყიანი ფულის გათეთრებასა და ტერორიზმთან ბრძოლის პრობლემებთან დაკავშირებით


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გესაუბრებით საქართველოში ჭუჭყიანი ფულის გათეთრებასა და ტერორიზმთან ბრძოლის პრობლემებთან დაკავშირებით წინა კვირის რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული წერილების შესახებ.

21 მაისის "ნეზავისიმაია გაზეტა" წერს, რომ "ევროპის საბჭომ გადაწყვიტა, საქართველოს ხელისუფლებისთვის განემარტა ჭუჭყიანი ფულის გათეთრებასთან ბრძოლის საკითხისადმი თავისი მიდგომის სერიოზულობა. დარწმუნდა რა, რომ თბილისში არ ჩქარობენ შესაბამისი კანონების მიღებას, საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დედაქალაქში მიავლინა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფი, დოქტორ სილვიო კამილიერის ხელმძღვანელობით".
გაზეთის თქმით:


"გასაგები მიზეზების გამო ამ ვიზიტს მაინცდამაინც არ ახმაურებდნენ თბილისში. საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრების ჩატარებამდე ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მათი ჩამოსვლა შეიძლება განიხილებოდეს როგორც "ფათფის" უკანასკნელი გაფრთხილება. და განმარტეს კიდეც: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ შარშან მიიღო წერილი, რომელშიც საპარლამენტო ასამბლეამ მოითხოვა მკაცრი ზომების მიღება ქვეყანაში უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის წინააღმდეგ, მაგრამ თბილისს რატომღაც ამაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. უპასუხოდ დარჩა ყველა შემდგომი გაფრთხილებაც".
"საქართველოს განცხადებები, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონი უკვე მომზადებულია და პირველი წაკითხვაც გაიარა პარლამენტში, ევროსაბჭოს ექსპერტებისთვის, როგორც ჩანს, საკმარისად დამაჯერებელი არ აღმოჩნდა".


"ნეზავისიმაია გაზეტა" წერს, რომ ექსპერტები შეხვდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. გაზეთის ცნობით:


"საპარლამენტო ასამბლეის ექსპერტებმა უკანასკნელი სიტყვა თავისთვის დაიტოვეს. როდესაც სახელმწიფო კანცელარიიდან გამოდიოდა, ჯგუფის წევრმა რობერტო ლამპონმა განაცხადა, რომ არ არის კმაყოფილი ექსპერტებისთვის წარდგენილი ქართული კანონპროექტის შინაარსით. მისი თქმით, "საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაამკაცროს ბრძოლა შემოსავლების უკანონო ლეგალიზაციასთან. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში უნდა იყოს მუხლი, რომელიც ითვალისწინებს უკანონო გზით შეძენილი ქონების კონფისკაციას".


სამი ჩეჩენის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რომელზეც უარი ითქვა რუსეთში მათ ექსტრდიციაზე,
21 მაისის გაზეთი "ტრიბუნა" წერს, რომ "საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსეთის ოფიციალური პირების კრიტიკა დაიმსახურა. ასე, რუსეთის საგარეო უწყებამ და თავდაცვის სამინისტრომ ის შეაფასეს როგორც უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მიღწეული შეთანხმებების შეუსრულებლობა ქართული მხარის მიერ".



22 მაისის გაზეთ "გუდოკის" მიხედვით, "რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მაღალმთიან მონაკვეთზე მორიგეობას შეუდგნენ განსაკუთრებული დანიშნულების სასაზღვრო ჯგუფები. ამ ახალი ქვედანაყოფების ამოცანაა საზღვრის იმ მონაკვეთების გადაკეტვა, სადაც "ბოევიკების" საიდუმლო ბილიკები გადის და, აგრეთვე, საქართველოს პანკისის ხეობიდან ტერორისტული ბანდების შეღწევის აღკვეთა.


წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული საზღვრის დაცვაში ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ მომზადებული ბატალიონის მონაწილეობა. მაგრამ "გუდოკის" თქმით:

"…პრაქტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს ოფიციალური პირების ყველაზე ხმამაღალი და შთამბეჭდავი განცხადებები უფრო ხშირად ფუჭი სიტყვებია. სამხედრო ფედერალური ოკრუგის გენერალური პროკურორის მოადგილემ სერგეი ფრიდინდსკიმ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცნობილია არსებობა ბოევიკთა ჯგუფებისა, რომლებიც პერიოდულად ადგილმდებარეობას იცვლიან და ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან საქართველოში გადადიან და - პირიქით. ამასთან ერთად, უკანონო შეიარაღებული ფორმირებები საქართველოს პანკისის ხეობიდან მუდმივ დახმარებას იღებენ".
XS
SM
MD
LG