Accessibility links

რუსეთი სამხრეთით საზღვრის დაცვას აძლიერებს


რუსეთი სამხრეთით საზღვრის დაცვას აძლიერებს და საქართველოსაც მოუწოდებს გააძლიეროს საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის დაცვა. მიზეზი ტრადიციულია - სეზონური.

რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი საცალფეხო გადასასვლელები იხსნება, რაც მათ გამოყენებას აიოლებს. საცალფეხო გადასასვლელების გახსნა ნიშნავს იმას, რომ სასაზღვრო პროვოკაციების თავიდან აცილებისთვის ქართველ მესაზღვრეებს განსაკუთრებული ძალისხმევის გამოჩენა მართებთ.

ბოლო წლების მანძილზე რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობა, როგორც წესი, ზაფხულის სეზონის დადგომისთანავე, ანუ მას შემდეგ იძაბებოდა, როგორც კი სხვადასხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებს ორი ქვეყნის დამაკავშირებელი საცალფეხო გადასასვლელებით სარგებლობის საშუალება მიეცემოდათ. საქართველოსა და რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე ოცდაათამდე ასეთი გადასასვლელია. თოვლის დადნობის შემდეგ მათი გამოყენება განსაკუთრებულ სირთულეებთან აღარ იყო დაკავშირებული, რადგან სამხრეთით ქართველ მესაზღვრეებს საზღვრის მონაკვეთის სრულად გაკონტროლებისთვის ძალები არ ჰყოფნიდათ, ჩრდილოეთით კი ძალები საკმარისზე მეტი იყო, მაგრამ შეიარაღებული პირები მაინც იოლად ახერხებდნენ რუსი მესაზღვრეების მიერ კონტროლირებადი მონაკვეთის გადმოლახვას.

რუსეთის ხელმძღვანელობა საქართველოსთან საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის დაცვას აქამდეც მესაზღვრეების განსაკუთრებით დიდ რაოდენობას ავალებდა, მაგრამ რაოდენობა ხარისხს ვერ უზრუნველყოფდა. წარსულის ამ გამოცდილებით, საეჭვოა, საზღვრის დაცვის ხარისხი მნიშვნელოვნად შეცვალოს რუსეთის სასაზღვრო სამსახურის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, დამატებითი ძალები განალაგოს საქართველო-რუსეთის საზღვარზე. ამ გადაწყვეტილებით, რუსეთის მხრიდან მესაზღვრეთა რაოდენობა, პირველ რიგში, ჩეჩნეთის მონაკვეთზე უნდა გაიზარდოს. ეს ქართველ მესაზღვრეებს საქმეს არ გაუიოლებს. ზაფხულის სეზონი მათ საქმისადმი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ავალებს, რადგან ჩრდილოეთის საზღვარზე საცალფეხო გადასასვლელების გახსნა საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სასაზღვრო პროვოკაციების რისკს ზრდის და ამ რისკის მინიმუმამდე დაყვანა, მოცემულ ეტაპზე, ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. გემახსოვრებათ, რუსეთიდან ზამთრის მიწურულს შეგვახსენეს, რომ დიდ მეზობელს პატარა და ურჩი მეზობლის დასასჯელად ხელსაყრელი პერიოდი უდგებოდა - სასაზღვრო საცალფეხო გადასასვლელებზე თოვლის დნობის პერიოდი. ეს პერიოდი უკვე დადგა, თუმცა, როგორც აღნიშნავენ, რუსეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი უღელტეხილი ბოლომდე მხოლოდ ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება.

რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთების გაძლიერებას საქართველოს მხარეც ცდილობს ამ მონაკვეთებზე დამატებითი საგუშაგოების მოწყობით. რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ვალერი პუტოვი და საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო ჯარების შტაბის უფროსი კორნელი სალიაც სამუშაო შეხევდრას გეგმავენ ივნისის შუა რიცხვებში, თანაც, ხევსურეთში, სადაც ამას წინათ ჩეჩენი ბოევიკების ყოფნის კვალს - საბრძოლო საშუალებების სამალავს - მიაგნეს. საქართველოს უშიშროების სამსახურის ცნობით, რუსლან გელაევის რაზმს ის კარგა ხნის წინ, საქართველოდან გასვლისას, უნდა დაეტოვებინა.
საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში იმედი აქვთ, რომ ხევსურეთში პუტოვისა და კორნელი სალიას სამუშაო შეხვედრა ქართველ და რუს მესაზღვრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას წაადგება.
XS
SM
MD
LG