Accessibility links

logo-print

ემნისტი ინტერნეიშენალის ყოველწლიური საანგარიშო მოხსენება


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს 28 მაისს, ლონდონში დაფუძნებულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ "ემნისტი ინტერნეიშენალმა" გამოაქვეყნა თავისი მორიგი საანგარიშო მოხსენება გასულ 2002 წელს მსოფლიოში

ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ. ესაა სევდისმომგვრელი დოკუმენტი, რამეთუ მასში მრავლადაა მოყვანილი მკვლელობის, მოქალაქეთა გაუჩინარების, წამების, გაუპატიურებისა და მოქალაქეობრივ უფლებათა შეზღუდვის ფაქტები.

როგორც "ემნისტი ინტერნეიშენალის" გენერალური მდივანი აირინ ხანი აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ცივი ომი დამთავრდა, ადამიანები არასოდეს ყოფილან ისე დაუცველნი, როგორც დღეს. "განვლილი 12 თვის მანძილზე ანტიტერორისტული კამპანია და ერაყის ომი იყო მოქცეული საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში, და ყოველივე ამის ფონზე მთავრობებმა ფაქტობრივად გააფართოვეს პოლიტიკური რეპრესიები; ადამიანის უფლებები შეიზღუდა", ამბობს აირინ ხანი.

როგორც "ემნისტი ინტერნეიშენალის" საანგარიშო მოხსენებაშია ნათქვამი, 18-მა თვემ განვლო მას შემდეგ, რაც კოალიციის ძალებმა თალიბების რეჟიმი დაამხეს ავღანეთში, მაგრამ ამ ქვეყნის მომავალი კვლავაც გაურკვეველია. იგივე ხვედრი ემუქრება ერაყსაც, სადაც ძალადობას და ძარცვა-გლეჯას ბოლო არ უჩანს.

საანგარიშო მოხსენებაში, ისევე, როგორც წინა წლებში, ამჯერადაც მკაცრადაა გაკრიტიკებული რუსეთი ჩეჩნეთში მიმდინარე ომის გამო. როგორც ჩეჩენი სეპარატისტები, ასევე რუსეთის ფედერალური ჯარი, რეგულარულად არღვევენ ადამიანის უფლებებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის უშიშროების ძალები ყოველგვარი გასამართლების გარეშე ადგილზევე ხვრეტენ ჩეჩნებს;
ხშირია მოქალაქეთა გატაცების, წამების, მათ შორის გაუპატიურების შემთხვევებიც, ნათქვამია საანგარიშო მოხსენებაში.

ემნისტი ინტერნეიშენალი თავის "მნიშვნელოვან გამარჯვებად" მიიჩნევს რუსი ჟურნალისტის, გრიგორი პასკოს გამართლებასა და პატიმრობიდან გათავისუფლებას, რაც ამ წლის დასაწყისში მოხდა. პასკომ თითქმის 6 წელი დაჰყო პატიმრობაში იმის გამო, რომ რუსეთის ფლოტის მიერ გარემოს გაბინძურების ფაქტები ამხილა. თავად პასკო აღიარებს, რომ მის გათავისუფლებაში "ემნისტი ინტერნეიშენალს" მიუძღვის დიდი წვლილი [გრიგორი პასკოს ხმა] "ემნისტი ინტერნეიშენალი ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ კეთდება მცდელობები პროკურატურის, სამხედრო სასამართლოებისა და ათასგვარი ჩინოვნიკების მიერ არ დაინახონ, ვერ შეამჩნიონ ეს, თითქოსდა არაფერი მომხდარა. მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია. შეუძლებელია
მოიკატუნო თავი, თითქოს რუსეთში არ მოსულა, მათ შორის პუტინის სახელზეც, 25 ათასი წერილი მოთხოვნით, რომ პასკო გაათავისუფლონ".

"საანგარიშო მოსხენებაში შეერთებული შტატებია გაკრიტიკებული ანტიტერორისტული კამპანიის მსვლელობისას დაპატიმრებულ პირთა საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების დარღვევის გამო. ავღანეთში ომის მსვლელობისას ათასობით ადამიანი იქნა დაკავებული, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის დარღვევა იყო, ხოლო 600-ზე მეტი ადამიანი კვლავაც გუანტანამოს ბაზაზეა დაკავებული, კუბაში, და თანაც მათთვის ოფიციალური ბრალდებები არ წაუყენებიათ.

"ემნისტი ინტერნეიშენალს" საანგარიშო მოხსენებაში მოჰყავს პატიმრებისადმი უდიერი მოპყრობის, და ცალკეულ შემთხვევებში წამების ვრცელი ნუსხა, რაც ალბანეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, ბულგარეთში, საქართველოში, ყაზახეთში, მოლდავეთში, რუსეთში, ტაჯიკეთში, თურქეთში, თურქმენეთში, უკრაინაში, უზბეკეთსა და იუგოსლავიაში მოხდა გასულ 2002 წელს.

საანგარიშო მოხსენებაში ნათქვამია აგრეთვე, რომ პატიმრებისადმი უდიერი მოპყრობის, მათ შორის წამების შესახებ ინფორმაცია "ემნისტი ინტერნეიშენალმა" ავსტრიიდან, ბელგიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, იტალიიდან, მაკედონიიდან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, ესპანეთიდან და შვეიცარიიდანაც მიიღო.
XS
SM
MD
LG