Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზღვარგარეთ მცხოვრებ ერაყელ იურისტთა საანგარიშო მოხსენება


ანდრო ეული, პრაღა საზღვარგარეთ მცხოვრებ ერაყელ იურისტთა ჯგუფმა გამოაქვეყნა საანგარიშო მოხსენება, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ერაყში სასამართლო კოდექსი და აღსდგეს

ქვეყანაში კანონის უზენაესობა. ერაყელ იურისტთა ასოციაციამ, რომელიც შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ თვალსაჩინო იურისტებს აერთიანებს, გასულ კვირაში გამოაქვეყნა ეს საანგარიშო მოხსენება ბაღდადსა და ნიუ-იორკში, სადაც იურისტები გაეროს ოფიციალურ პირებს შეხვდნენ.

იურისტებმა გაეროს სხვადასხვა სააგენტოთა წარმომადგენლებს წარუდგინეს ეს საანგარიშო მოხსენება. გაეროს როლი ომისშემდგომი ერაყის აღდგენის საქმეში უშიშროების საბჭომ უნდა განსაზღვროს, ხოლო რაც შეეხება ერაყში სასამართლო სისტემის რეფორმირებას, ამ სფეროში გაეროს, წამყვან როლს ვერავინ შეეცილება.

როგორც გაეროს წარმომადგენელმა სტივენ დუჯარიკმა განაცხადა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში, ერაყელი იურისტების მოხსენება დიდად დაეხმარება ამ მხრივ გაეროს [სტივენ დუჯარიკის ხმა]: "იურისტებმა გაეროს წარუდგინეს 700-გვერდიანი დოკუმენტი, რომელშიც ამომწურავადაა გაანალიზებული ერაყის კანონმდებლობა და სასამართლო სისტემა, და ეს დოკუმენტი დიდად წაადგება გაეროს ომისშემდგომ ერაყში სამართლებრივი საკითხების განხილვისას".
პრესკონფერენციაზე გაეროს ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ იურისტებმა განაცხადეს, რომ ომისშემდგომ ერაყში კანონის უზენაესობის დამკვიდრებაა მათი უპირველესი მიზანი.

ეს გეგმა, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებმა 80-დე ერაყელმა იურისტმა შეიმუშავა, ერაყში რადიკალური რეფორმების გატარებას, აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსის შეცვლას ითვალისწინებს. მოხსენების ავტორები გამოდიან ამასთანავე წინადადებით, რომ შეიქმნას ეგრედ წოდებული "ჭეშმარიტებისა და შერიგების" კომისია, რომელმაც უნდა გამოააშკარავოს იმ პირთა ვინაობა, ვინც ბარბაროსობას სჩადიოდა ჰუსეინის მმართველობის დროს.

წამოყენებულია ასევე წინადადება, რომ ერაყში გაუქმდეს სადამ ჰუსეინის დროს მიღებული მრავალი კანონი, მაგალითად სიკვდილით დასჯა იმისთვის, რომ ჟურნალისტმა ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე გამოაქვეყნა ესა თუ ის ინფორმაცია.

როგორც ლოს ანჯელესში მცხოვრებმა ერაყელმა იურისტმა სერმით ალ-სარაფმა უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, ერაყელ იურისტთა ასოციაციის წევრები ერთი აზრისა არიან იმაში, რომ ის ხალხი, ვინც ერაყის ტერიტორიაზე ჩაიდინა დანაშაული, ერაყელმა იურისტებმა უნდა გაასამართლონ [სერმით ალ-სარაის ხმა]: "მიგვაჩნია, რომ ერაყში კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად, ერაყელი ხალხი ნდობით უნდა განიმსჭვალოს ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ, და როცა კი ამგვარი დამოუკიდებელი სისტემა შეიქმნება, ის უნდა გახდეს მსაჯული ყველა იმ დანაშაულისა, ერაყელმა ბოროტმოქმედებმა რომ ჩაიდინეს ერაყის ტერიტორიაზე თანამემამულეთა მიმართ. ასე რომ, სამართლებრივი თვალსაზრისით, იურისდიქცია, თავად ერაყსა და მის სასამართლოებს ექვემდებარება".

ამავე პოზიციაზეა ამერიკის მთავრობაც, რომელსაც უშიშროების საბჭოს თანხმობა ესაჭიროება ერაყში თავისი დროებითი ადმინისტრაციის მანდატის კიდევ 12 თვით გასაგრძელებლად. ვაშინგტონმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ არ აპირებს საერთაშორისო ტრიბუნალისთვის სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილი ერაყელების გადაცემას.

ორგანიზაცია "ჰიუმენ რაიტს უოჩს" ეჭვი ეპარება იმაში, რომ ერაყს საკმარისად ჰყავს იურისტები და გამომძიებლები სამხედრო დამნაშავეთა გასასამართლებლად. ხოლო ერაყელმა იურისტებმა, რომლებიც გასულ კვირაში შეიკრიბნენ ნიუ-იორკში, გამოთქვეს რწმენა, რომ როგორც თავად ერაყში, ასევე საზღვარგარეთაც მრავლად არიან კვალიფიცირებული იურისტები, ვისთვისაც სულაც არ იქნება ძნელი სამხედრო დამნაშავეთა გასამართლება.

ერაყელმა იურისტებმა განაცხადეს აგრეთვე, რომ მათი ასოციაციის თავმჯდომარე თარიქ ალი ალ-სალე ერთ კვირაზეა მეტია უკვე, რაც ბაღდადშია, და ერაყში დარჩენილ იურისტებს ხვდება. ალ-სალემ ხსენებული ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული საანგარიშო მოხსენების არაბულენოვანი ვარიანტი დაურიგა ერაყში მყოფ იურისტებს.

იურისტთა ასოციაციის მეორე წევრმა მონიემ ალ-ხათიბიმ 20 წელი იმსახურა ვექილად ბაღდადში 1990 წლამდე, როცა მეზობელ ქუვეითში განხორციელებული ინტერვენციის დროს იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა. ამჟამად იგი ლონდონში ცხოვრობს, და როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტს უთხრა, მოუთმენლად ელის იმ დღეს, როცა ერაყში კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული საზოგადოება შეიქმნება და ბოლო მოეღება ქაოსს.

მონიემ ალ-ხათიბიმ განაცხადა აგრეთვე, რომ აღდგენითი პროცესის პარალელურად ერაყში აუცილებელია სასამართლო სისტემის რეფორმირება. "მხოლოდ სამართლებრივი სისტემის მყარ ნიადაგზეა შესაძლებელი ერაყში კანონის უზენაესობის დამკვიდრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ, ქვიშაზე შეუდგებით სახლის მშენებლობას. ამიტომაც ვბრუნდებით ჩვენ სამშობლობლოში, რათა დავეხმაროთ თანამემამულეებს იმის გაცნობიერებაში, რომ სამართლებრივ სისტემას არა აქვს ალტერნატივა" - დასძინა ერაყელმა იურისტმა.
XS
SM
MD
LG