Accessibility links

არმიაზე დემოკრატიული კონტროლი კონფერენციაზე და რეალობაში


ნატოს სამხედრო-პოლიტიკურ სისტემაში ქვეყნის გაწევრიანების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას სამხედრო ძალებზე დემოკრატიული კონტროლის დაწესება და არმიის მართვის საქმეში სამოქალაქო

საზოგადოების როლის გააქტიურება წარმოადგენს. მიუხედავად ზოგიერთი ცვლილებისა, საქართველოს სამხედრო სისტემა ამ მოთხოვნებს მხოლოდ ცალმხრივად აკმაყოფილებს, ხოლო რიგ შემთხვევებში დემოკრატიული კონტროლის მთელი ფილოსოფია, უბრალოდ, ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებულებებამდე დაიყვანება. დემოკრატიული კონტროლის პრობლემებთან დაკავშირებით 28 მაისს თბილისში გაიმართა ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია, რომლის თაობაზეც მინდა უფრო ვრცლად გესაუბროთ.


არმიაზე დემოკრატიული კონტროლი დემოკრატიული მმართველობითი სისტემის დამახასიათებელი ნიშანია და იგი, ძირითადად, შემდეგი პარამეტრისგან შედგება: სამხედრო ძალების სათავეში დგას სამოქალაქო პირი (პოლიტიკური მოღვაწე), კანონმდებლები განსაზღვრავენ ქვეყნის უსაფრთხოების ძირითად მიმართულებებს, ქმნიან კანონებს, გამოყოფენ ფულს და ქირაობენ სამხედრო პროფესიონალებს, რომელთაც უმაღლესი სამოქალაქო ხელისუფლების გადაწყვეტილებათა აღსრულება ევალებათ.

რაც უფრო დიდია დემოკრატიის ტრადიცია, მით უფრო ფართოდ ხორციელდება სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე. მაგალითისთვის: ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესი განსაზღვრავს არმიის მშენებლობის ისეთ კონკრეტულ საკითხებს, როგორიცაა, მაგალითად, ავიაციის გაზრდა 70 ჯგუფამდე (ასე მოხდა 1949 წელს); სამხედროთა დაწინაურება; კონგრესი კანონით ადგენს არა მხოლოდ თავდაცვის დეპარტამენტის, არამედ, მაგალითად, საზღვაო ქვეითთა სტრუქტურასა და ფუნქციას; სხვაგან - ვთქვათ, ბელგიაში - პარლამენტი განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდებას; ყოველწლიურად ადგენს, თუ რამდენი ჯარისკაცი, სერჟანტი და ოფიცერი უნდა იყოს შეიარაღებულ ძალებში; იგი იღებს კანონს არმიაში ფლამანდიური და ფრანგული ენების გამოყენების თაობაზე; ლიტვაში, რომელიც ერთ წელიწადში ნატოს წევრი გახდება, საკანონმდებლო ორგანოს გარეშე დაუშვებელია გენერლის წოდების მინიჭება.

ეს და სხვა მაგალითები უხვად მოჰყავდათ ექსპერტებს თბილისში 28 მაისს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის მუშაობაშიც, ქართველი სამხედრო მაღალჩინოსნების გარდა, უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე, ბრიტანელი გენერალი სერ გარი ჯონსონი, ესტონეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იუირი ლუიკი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში პატრიცია შეარინგი ღებულობდნენ მონაწილეობას.

როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, საქართველოს არმია და მთელი სამხედრო სისტემა, რომელიც 1991 წლის გადატრიალების პირმშოა და ერთ დროს თავად აკონტროლებდა პოლიტიკურ სისტემას, ნელ-ნელა ტრანსფორმირდება და ცდილობს მოერგოს თანამედროვე მოთხოვნებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, სამხედრო უწყება შეგუებულია იმ ფაქტთან, რომ 2004 წლიდან მას უკვე სამოქალაქო პირი უხელმძღვანელებს, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკას, განახორციელებს კონტროლს შეიარაღებულ ძალებზე და რომლის ფუნქციებში შევა თავდაცვის ბიუჯეტის განსაზღვრაც. სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის ბრძანებას დაემორჩილება გენერალური შტაბის უფროსი, რომელსაც, სამხედრო უწყების თავკაცის რეკომენდაციით, საქართველოს პრეზიდენტი დანიშნავს. წინ გადადგმული ნაბიჯია ისიც, რომ, სამოქალაქო კონტროლის მოთხოვნებიდან გამომდინარე,წელს სამხედრო უწყება სრულიად გათავისუფლდა სამხედრო გაწვევის პასუხისმგებლობისგან და ცოცხალი ძალით არმიის დაკომპლექტების ფუნქცია მთლიანად ადგილობრივ სამოქალაქო ორგანოებს გადაეცათ. ერთი სიტყვით, კონცეპტუალურად, თითქოს, ყველაფერი რიგზეა და კანონმორჩილების რთულ გზაზე შემდგარი ქართველი სამხედროები იქით სთხოვენ ხელისუფლებას გადააფაროს მათ დემოკრატიული კონტროლის მოწყალე კალთა, რადგან ასეთი კონტროლი, გარკვეულწილად, არა მხოლოდ სამხედროთა პროფესიულ ავტონომიას დაიცავს, არამედ ის ზედმეტი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საშუალებაც იქნება - განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა სამხედრო უწყება სანახევროდ ფინანსდება.
XS
SM
MD
LG