Accessibility links

logo-print

საპარლამენტო არჩევნები: სომხეთის გამოცდილება საქართველოსათვის


დავით პაიჭაძე, თბილისი 25 მაისს სომხეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ქართველი დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი

დირექტორი ზურაბ ჭიაბერაშვილი ერევანში აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ეგიდით იმყოფებოდა დამკვირვებლის რანგში. თბილისში დაბრუნებისას მან ჟურნალისტებს არჩევნებზე მიღებული შთაბეჭდილებები და დაკვირვებები გაგვიზიარა, ხოლო პირადად ჩემთან იმაზეც ისაუბრა, თუ რა დარღვევებია საერთო ორი ქვეყნის - საქართველოსა და სომხეთის - არჩევნებს შორის და რისი სწავლა და გადმოღება შეუძლიათ არჩევნების გაყალბების ქართველ მოსურნეებს მათი მეზობლებისაგან.

პოლიტიკურ პროცესს საქართველოში თითქმის მთლიანად წინასაარჩევნო კონიუნქტურა განსაზღვრავს. ამ პროცესის ცივილიზებულ კალაპოტში წარმართვისათვის ჯერ ძალიან ცოტაა გაკეთებული. პარლამენტარებმა საარჩევნო კოდექსში, მართალია, შეათანხმეს რამდენიმე საკითხი, მაგრამ მთავარს არ მიახლოებიან. მთავარი კი, არასახელისუფლო პოლიტიკური ჯგუფების აღიარებით, ორი პრობლემაა: საარჩევნო სიების შედგენა და საარჩევნო კომისიების, განსაკუთრებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება.

თუმცა ხელისუფლების მხარდამჭერი პარლამენტარები პოზიციას იცვლიან და აცხადებენ, რომ საარჩევნო კომისიების საკითხი სულაც არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ასეთი რამ თქვა 28 მაისს ფრაქცია "სოციალისტის" თავმჯდომარემ ირაკლი მინდელმა. საზოგადოება "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც ახლახან დაბრუნდა ერევნიდან სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შემდეგ, მიიჩნევს, რომ სწორედ საარჩევნო კომისიის შემადგენლობა განსაზღვრავს დიდწილად, რამდენად თავისუფლად და სამართლიანად წარიმართება საარჩევნო პროცედურები. არაერთი დარღვევა არჩევნებზე საქართველოსა და სომხეთში საზიაროა: ე.წ. კარუსელი, წინასწარ მომზადებული ბიულეტენების შერევა ნამდვილებთან, შედეგების ფალსიფიკაცია შეჯამების დროს. ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, [ჭიაბერაშვილის ხმა] "ვინც დაინტერესებულია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გაყალბებით, შეუძლია რამდენიმე მაგალითი აიღოს სომხური გამოცდილებიდან. უწინარესად, ეს ეხება საარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირებას: სომხეთში არადემოკრატიულად რომ ჩატარდა არჩევნები, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მიკერძოებული საარჩევნო კომისიებია. როცა პრეზიდენტი სამ წევრს ნიშნავს 9-კაციან საარჩევნო კომისიაში, ხოლო დანარჩენი 6 წევრის ადგილს ავსებს მთავრობის მომხრე 4 ან 5 პარტია, ზედმეტია ლაპარაკი საარჩევნო კომისიის მიუკერძოებლობაზე".

ზურაბ ჭიაბერაშვილი ლაპარაკობს კომისიის თავმჯდომარის განსაკუთრებულ უფლებებზე. მას შეუძლია შემოხაზული ბიულეტენები ისე დააჯგუფოს, რომ კომისიის წევრები არც ჩაახედოს მათში. კომისიათა თავმჯდომარეებმა სომხეთში მოახერხეს და კანდიდატთა ნდობით აღჭურვილი პირები, დამკვირვებლები მაქსიმალურად მოაცილეს ხმის მიცემისა და დათვლის ადგილებს. ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, ქართველ კანონდამრღვევებს ამ გამოცდილების გათვალისწინებაც შეუძლიათ.

დიდი მნიშვნელობა აქვს ხმის დათვლის პროცესს. საქართველოში ხმებს ჯერ საუბნო კომისიაში ითვლიან, რის შემდეგაც ოქმი საოლქოში მიაქვთ. გაყალბების ქართულ პრაქტიკაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ შედეგები ხშირად იცვლება სწორედ საუბნოდან საოლქო კომისიისკენ მიმავალ გზაზე. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, [ჭიაბერაშვილის ხმა] "მთავარი, რაც არ არის ქართულ კანონმდებლობაში და რაც აუცილებლად უნდა შევიდეს (უამისოდ ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას) - არჩევნების შედეგები უნდა ქვეყნდებოდეს საარჩევნო უბანზე. სომხეთის კანონმდებლობაში ამას მიაღწიეს: როცა კომისია ხმებს აჯამებს და წევრები ხელს აწერენ ოქმს, ოქმის ერთ ასლს გამოაკრავენ უბანზე, სადაც ის სამი დღის განმავლობაში რჩება. ყოველ ამომრჩეველს, უბნის მოსახლეობას შეუძლია მივიდეს და ნახოს, რა შედეგებია უბანზე. ეს ზრდის კომისიის წევრთა პასუხისმგებლობას და გამორიცხავს, რომ უბნიდან ოლქში წაღებული მონაცემები შეიცვლება".
XS
SM
MD
LG