Accessibility links

ივნისის დასაწყისში სტამბულში კავკასიის პრობლემებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება


8 ივნისიდან, 10 ივნისის ჩათვლით, სტამბული უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე-"პრობლემები კავკასიაში და მათი გადაწყვეტის გზები". კონფერენციის ორგანიზატორები არიან:

თურქეთის სტრატეგიული კვლევების ცენტრი, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და უნივერსიტეტი-"გალათასარაი". კონფერენციაში, კავკასიის ქვეყნების გარდა, იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც აშკარად გამოხატავენ თავიანთ ინტერესს რეგიონის მიმართ, კერძოდ: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და სხვ.

სტამბულის კავკასიური კონფერენციის ორგანიზატორებმა საქართველოდან კავკასიურ პრობლემებზე ორიენტირებული ორგანიზაციების პირველი პირები მიიწვიეს. მამუკა არეშიძე პოლიტიკურ გაერთიანება "კავკასიელს" წარმოადგენს, ზაალ კასრელიშვილი კი - საერო კავკასიურ კონფედერაციას. ერთიც და მეორეც დარწმუნებულია, რომ კონფერენციის დაჩქარებულ ტემპებში მოწვევა და მომზადება, დიდწილად, ერაყში საომარი მოქმედებების დასრულებას და მსოფლიო წესრიგის დამყარების ახალი ეტაპის დაწყებას უკავშირდება.

[მამუკა არეშიძის ხმა] "ეს, ეტყობა, უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა - ჩანს აქ ყველაფრიდან - იმ თვალსაზრისით, რომ აქ გაიჟღერებს პოლიტოლოგების აზრი, გაიჟღერებს დაინტერესებული ქვეყნების წარმომადგენლების აზრი საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე და, აქედან გამომდინარე, გარკვეული პოლიტიკური სურათი შეიქმნება."

მამუკა არეშიძის ნათქვამს დავძენთ, რომ რეგიონის ხვალინდელ დღეზე ფიქრი კონფერენციის დღის წესრიგში შემდეგი საკითხების თავმოყრით გამოიხატა: სამხრეთ კავკასიის ქვეყნები და მათი მდგომარეობა დამოუკიდებლობის შემდეგ, რეგიონალური და არარეგიონალური ქვეყნები კავკასიის შესახებ და ეთნოკონფლიქტები და ურთიერთთანამშრომლობის გზით მათი მოგვარების შანსები. ეთნოკონფლიქტების კონტექსტში, როგორც საგულისხმო ფაქტორი, უდავოდ, უნდა გამოვკვეთოთ ის გარემოება, რომ კავკასიური კონფლიქტების სუბიექტები კონფერენციაზე არათანაბრად არიან წარმოდგენილნი - კერძოდ, კონფერენციაზე, ჩვენი ინფორმაციით, მიწვეულნი არ არიან აფხაზები და ჩეჩნები. ამ ფაქტზე კომენტარი კავკასიური ინსტიტუტის წევრს, ჩეჩენ ქალბატონს, მექა ხანგოშვილს ვთხოვეთ.

[მექა ხანგოშვილის ხმა] "შეიძლება თავიდან იწყებენ უფრო ზოგადად და შემდგომ დაკონკრეტდებიან. იმიტომ რომ მათთვის ეს იქნება უფრო ექსპერიმენტი, ასე ვთქვათ, ამ ეტაპზე და შემდეგ უკვე კონკრეტულ საკითხებს განიხილავენ. ესეც ძალიან დიდი მიღწევაა, რომ თურქეთი და, დავუშვათ, ისეთი სახელმწიფოები, დაინტერესდნენ კავკასიის პრობლემებით."[სტილი დაცულია]

თუ გავითვალისწინებთ, რომ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა უშუალოდ ეთნოკონფლიქტების მოგვარების პრობლემას უკავშირდება, ბუნებრივია, რომ კონფერენცია ვერც აფხაზეთის საკითხს აარიდებს თავს და, მით უმეტეს, ვერც ჩეჩნეთისას. თუმცა საქართველოს დელეგაცია, ამ საკითხების სიმწვავიდან გამომდინარე, უკვე გეგმავს კონფერენციის ფორმატსგარეშე ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას.

[ზაალ კასრელიშვილის ხმა] "თუ ჩრდილოკავკასიური დიასპორების წარმომადგენლებს თავიანთ პორბლემებზე ლაპარაკის საშუალებას არ მისცემენ, დაგეგმილი გვაქვს საქართველოს ეგიდით გავმართოთ ფართო პრესკონფერენცია და შეხვედრა კავკასიური დიასპორების ლიდერებთან."

ზაალ კასრელიშვილი ადასტურებს, რომ საქართველოს დელეგაცია სტამბულში მორიგი კავკასიური კონფერენციის თბილისში გამართვის იდეითაც გამოვა.
XS
SM
MD
LG