Accessibility links

logo-print

გაიმართება თუ არა რიგგარეშე სესია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, სამშაბათს დილიდან პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციასთან კონსულტაციებს მართავს. შეხვედრებიდან გამოსული ფრაქციათა

ლიდერების განცხადებები კიდევ უფრო ბუნდოვან წარმოდგენას ქმნის იმაზე, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების როგორ წესს უჭერს მხარს ოპოზიცია.


გამოიღებს თუ არა შედეგს პარლამენტის თვმჯდომარის მცდელობა, ნაკლები დანაკარგებით აღმოიფხვრას მორიგი საპარლამენტო კრიზისი, სავარაუდოდ, ოთშაბათ საღამოსთვის გაირკვევა. ჯერჯერობით კი ნინო ბურჯანაძესთან გამართული შეხვედრებიდან გამოსული ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები კვლავ ზოგად განცხადებებს აკეთებენ დღეს პოლიტიკური სპექტრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის - ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის შესახებ.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, პარლამენტარი კოტე კემულარია პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას კონსულტაციების კვალიფიკაციას არ აძლევს. იგი იმეორებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ოპოზიციური პარტიების ეს გაერთიანება ნებისმიერ შემთხვევაში - მოქმედი საარჩევნო კოდექსის პირობებშიც - მოიგებს არჩევნებს. პარალელურად, კოტე კემულარია ახმოვანებს ინიციატივას საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის შესახებ. მისი აზრით, ეს კომისიები ხალხმა უნდა აირჩიოს პარიტეტულ საწყისებზე, თუმცა იგი არ აკონკრეტებს, ვინ უნდა ითავოს საუბნო და საოლქო კომისიების არჩევნების ჩატარება.
გაერთიანებული დემოკრატები და ახალი მემარჯვენეები კვლავ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეუთოს ან ევროსაბჭოს ექსპერტებით დაკომპლექტების იდეას უჭერენ მხარს. თუ ამ ინიციატივამ პარლამენტში ხმების უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ისინი კვლავ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარტიული ნიშნით დაკომპლექტების პრინციპს წამოაყენებენ.
გაუგებარია საქართველოს დემოკრატიული აღორძინების კავშირის პოზიცია: 27 მაისს, აღორძინების კავშირის თბილისის ორგანიზაციის კონფერენციის წინ, ფრაქცია "აღორძინების" ლიდერი ჯემალ გამახარია მხოლოდ იმის განცხადებას დასჯერდა, რომ დემოკრატიული აღორძინების კავშირი 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების გამყალბებლებთნ ერთად საპროტესტო აქციებს არ გამართავს და ახალი საარჩევნო კანონის მისაღებად ბრძოლას დამოუკიდებლად განაგრძობს.
ბრძოლა წესების გარეშე წინასაარჩევნოდ უკვე დაიწყო. 27 მაისს ბრძოლის არენად იქცა გორი, სადაც მუშტი-კრივი გაიმართა ნაციონალური მოძრაობისა და სახელისუფლებო ბლოკის "ერთიანი საქართველოს" აქტივისტებს შორის. როგორც ჩანს, ძალთა მოსინჯვა წინასწარ იყო ჩაფიქრებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის რატომ ჭარბობდნენ მოჭიდავეები, სახელისუფლებო ბლოკის მომხრეებს შორის კი - მოკრივეები.
XS
SM
MD
LG