Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

29 მაისი გაეროს მშვიდობისმყოფელთა საერთაშორისო დღეა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი წელს პირველად 29 მაისს გაეროს ეგიდით აღინიშნება მშვიდობისმყოფელთა საერთაშორისო დღე. საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა ოფისის ინფორმაციით, დღესდღეობით 14 ქვეყნის

კონფლიქტურ რეგიონში გაეროს დროშით 37 ათასი მშვიდობისმყოფელი მოღვაწეობს მშვიდობის შესანარჩუნებლად. საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა რაოდენობა 117 სამხედროს არ აღემატება, რომლებიც, ბანგლადეშელი გენერლის კაზი აშფაკის მეთურობით, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან. როგორ აღინიშნა გაეროს მშვიდობისმყოფელთა საერთაშორისო დღე საქართველოში?


საქართველოში გაეროს მეთვალყურეები აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მუშაობას 1994 წლიდან შეუდგნენ. ამ 9 წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში გაერო არა მეთვალყურეებით, არამედ მშვიდობისმყოფელებით ყოფილიყო წარმოდგენილი, წარუმატებელი აღმოჩნდა. მეტიც - აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში გაეროს სამხედრო მეთვალყურეების ყოფნა პირდაპირ უკავშირდება იქ რუსეთის სამშვიდობო ნაწილების მანდატს: იმ შემთხვევაში, თუ რუსი ცისფერჩაფხუტიანები კონფლიქტის ზონას დატოვებენ, მათ კვალდაკვალ აფხაზეთს გაეროს მეთვალყურეებიც დატოვებენ. შესაბამისად, რუსეთის სამშვიდობო ნაწილებისთვის მანდატის გაგრძელება-არგაგრძელების საკითხის გადაწყვეტისას გაერო, გარკვეულწილად, დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს. თუმცა ამიერიდან, როგორც ჩანს, ამ პრობლემასთან დაკავშირებით გაუგებრობები აღარ იქნება.

რუსეთის მედიის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, 30 მაისს, პეტერბურგში დაგეგმილი დსთ-ს ქვეყნების პრეზიდენტების არაფორმალური სამიტის მიმდინარეობისას, განხილული იქნება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ნაწილებისთვის მანდატის გაგრძელების საკითხი. როგორც ცნობილია, რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების სოჭის შეხვედრისას წელს მარტში მიღწეული იყო შეთანხმება, რომ ამიერიდან რუს მშვიდობოსმყოფელებს მანდატი ავტომატურად გაუგრძელდებათ მანამ, სანამ კონფლიქტში მონაწილე რომელიმე მხარე არ მოითხოვს სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტას. ვინაიდან რუსეთის სამშვიდობო ნაწილები აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ს მანდატით იმყოფებიან, ეს შეთანხმება ასევე დსთ-ს სამიტის თანხმობას საჭიროებს.
"გაერო დადებითად აფასებს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებისა და სოხუმის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის სოჭში გამართულ შეხვედრას, ასევე იმ რეკომენდაციებს, რომელიც "მეგობართა ჯგუფის" წევრებმა ჟენევის შეხვედრაზე შეიმუშავეს," - განუცხადა 29 მაისს სოხუმში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რაულ ხაჟიმბასთან გამართული შეხვედრის შემდეგ აფხაზ ჟურნალისტებს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ჰაიდი ტალიავინიმ. გარდა ამისა, გაერო კვლავ დღის წესრიგში აყენებს დიტერ ბოდენის დოკუმენტად წოდებული "თბილისსა და სოხუმს შორის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ" პროექტის განხილვას, პროექტისა, რომლის მიმართ სოხუმის ხელისუფლების დამოკიდებულება არ შეცვლილა: რაულ ხაჟიმბას განცხადებით, აფხაზეთის ხელისუფლება ამ დოკუმენტის განხილვას არ აპირებს.
XS
SM
MD
LG