Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭი-სოხუმი-თბილისის სარკინიგზო ხაზის აღდგენის პერსპექტივები


ხუთშაბათს მოსკოვში, საგზაო სამინისტროში, დაიწყო იმ სამუშაო ჯგუფების შეხვედრა, რომლებიც საქართველოსა და რუსეთში შევარდნაძისა და პუტინის სოჭის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების თანახმად შეიქმნა.

სამუშაო ჯგუფებმა ენერგეტიკულ პრობლემებზე, რკინიგზის აღდგენასა და აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების საკითხებეზე უნდა იმუშაონ.
ხუთშაბათს დაწყებული მოლაპარაკება კონკრეტულად სოჭს, სოხუმსა და თბილისს შორის სარკინიგზო ხაზის აღდგენის საკითხებს ეხებოდა. ამ საკითხებზე მსჯელობა პარასკევსაც გაგრძელდება. მოლაპარაკებებზე საქართველოს ჯგუფს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე გია ნიჟარაძე ხელმძღვანელობს. გია ნიჟარაძეს მოსკოვში დავუკავშირდი.

სოხუმის გავლით სოჭსა და თბილისს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ შეთანხმებას საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა მარტში მიაღწიეს. შეთანხმების პირობა ცნობილია და, სარკინიგზო ხაზის აღდგენის პარალელურად, აფხაზეთში დევნილთა ღირსეულად დაბრუნებას ითვალისწინებს.
შეთანხმების სისრულეში მოყვანისათვის საჭირო საკითხების დასამუშავებლად რუსეთ-საქართველოს შერეული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. და აი, სწორედ ამ ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა დაიწყო მოსკოვში. რუსეთის საგზაო სამინისტროში დაწყებული მოლაპარაკების პირველი დღე, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის გია ნიჟარაძის თქმით, მხარეთა პოზიციების დაახლოებისა და ექსპერტთა მოსაზრებების გაცვლის დღე იყო. მსჯელობა შეეხებოდა ტექნიკურ საკითხებს. პოზიციათა შეჯერება კი უკვე პარასკევს უნდა მოხდეს, ეს იქნება და ეს. აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე მოსკოვში დაწყებული მოლაპარაკება ვერანაირ გადაწყვეტილებამდე ვერ მივა. მისი მიზანი იმ საკითხების გამოკვეთაა, რომლებზეც საქართველოსა და რუსეთის მხარეები თბილისში შეხვედრამდე მთელი 20 დღის მანძილზე იმუშავებენ. შერეული სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა სწორედ თბილისში ივნისის ბოლოს შედგება და, გია ნიჟარაძის თქმით, პირველი შეხევდრისგან განსხვავებით, კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივა. საქართველოს მხარეს პროცესის ადგილიდან დაძვრა, ესე იგი პირველი ნაბიჯი, შემდეგნაირად წარმოუდგენია:

[გია ნიჟარაძის ხმა] "ექსპერტებმა გაიარონ მთელი მონაკვეთი რკინიგზის, რათა რეალური სურათი ვნახოთ. სრულ სურათს რკინიგზის მდგომარეობაზე არც ჩვენ ვფლობთ და არც რუსეთის მხარე. ამდენად, პირველი ნაბიჯთაგანი იქნება შერეული ჯგუფის მიერ მთელი მარშრუტის გაყოლებაზე მდგომარეობის შესწავლა, თუ იქნება უსაფრთხოების გარანტიები."

იმ სარკინიგზო ხაზის აღდგენას, რომლის მდგომარეობაზეც მხარეებს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ, ბუნებრივია, საქართველო საკუთარი სახსრებით ვერ გასწვდება. როგორც საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე გია ნიჟარაძე ამბობს, ამ შემთხვევაში საქართველო მარტო არ იქნება. სარკინიგზო ხაზის აღდგენა სერიოზულ თანხებთან არის დაკავშირებული. არსებული მონაცემებით, მნიშვნელოვანი თანხები დასჭირდება გალისა და ზუგდიდის სარკინიგზო ხიდების აღდგენას, რომლებიც აფეთქების შედეგად დაინგრა, რომ აღარაფერი ვთქვათ 10 წლის მანძილზე მოუვლელ და თითქმის პირწმინდად გაძარცულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე. მაინც რა დაჯდება მთლიანად აღდგენითი სამუშაოები, ამ ეტაპზე არავინ იცის, მაგრამ ის, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა რკინიგზას, რომლის აღდგენაზეც მიდის საუბარი, ყველასთვის ცნობილია. მაშინ, როცა ეს სარკინიგზო ხაზი მუშაობდა, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ავთანდილ იოსელიანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

[ავთანდილ იოსელიანის ხმა]: "მე პროფესიით რკინიგზელი ვარ. რუსეთიდან ამ გზით შემოდიოდა დღე-ღამეში 14 სატვირთო მატარებელი. რომ ვიანგარიშოთ მათ მიერ შემოტანილი ტვირთი, დღე-ღემაში იქნებოდა 2000 ტონა. ნაწილი რჩებოდა აფხაზეთში, ნაწილი - ფოთში, ბათუმში, ნაწილი კი მიდიოდა სომხეთში. "

ჩვენთან საუბრისას ავთანდილ იოსელიანმა აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების პერიოდიც გაიხსენა. როგორც ცნობილია, ომის დაწყების საბაბი სწორედ ის დივერსიული აქტები იყო, რაც აფხაზეთში სარკინიგზო ხაზზე ხდებოდა. სარკინიგზო ხაზის დაცვის ღონისძიება დივერსიული აქტებისა და მატარებლების ძარცვის შესაჩერებლად ომის დაწყების მიზეზი გახდა. ომის შემდგომ რკინიგზის აღდგენას საქართველოში ისე უყურებენ, როგორც მშვიდობის მატარებლის მიმოსვლის იმედს, თუკი აფხაზეთში დევნილები დაბრუნდებიან. მით უფრო, რომ, როგორც ჩვენთან საუბრისას აფხაზეთში გადაღებული ფილმის ერთ-ერთმა ავტორმა მიხეილ მირზიაშვილმა აღნიშნა, სოხუმის ბაზარზე თავისუფლად შეიძლება გორში დაკრეფილი ვაშლის ყიდვა და თბილისში ლილოს ბაზრობასაც აკითხავენ აფხაზეთიდან ჩამოსულები, აქედან საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის წაღების მიზნით - ალბათ, სავაჭროდ.
ჩვენ გვსურდა სოხუმელ ჟურნალისტებთან საუბრით გაგვერკვია, როგორ უყურებენ იქ ადამიანები სოჭი-სოხუმის სარკინიგზო ხაზის აღდგენის პერსპექტივას, მაგრამ მათ აგვიხსნეს, რომ ამ საკითხებზე კომენეტარი მარტო დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა ვთხოვოთ.
XS
SM
MD
LG