Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ერაყის აღდგენაში ქართული კომპანიები


23 მაისს ლონდონში, დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ჩატარდა სემინარი ერაყის რეკონსტრუქციის საკითხების შესახებ.

სემინარში, ანტიერაყული კოალიციის სხვა წევრებთან ერთად, საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობდა. კოალიციის წევრებმა ლონდონში ერაყის რეკონსტრუქციის პროცესში მონაწილეობის მიღების გზებისა და საშუალებების პრეზენტაცია მოაწყვეს.

ანტიერაყული კოალიციის ლონდონის სემინარიდან დაბრუნებულმა საქართველოს დელეგაციამ 29 მაისს პრესკონფერენცია მიუძღვნა ერაყის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ძირითადი მიმართულებების საზოგადოებისათვის გაცნობას. ეს ძირითადი მიმართულებებია: რეკონსტრუქციის ტექნიკური ექსპერტიზა; უმ კასრის პორტის აღდგენა; საწყისი და საბაზო განათლება; ადგილობრივი მმართველობა; კაპიტალური მშენებლობა; ლოგისტიკის მხარდაჭერა; აეროპორტის ადმინისტრირება და ჯანდაცვა. დელეგაციამ დეტალური ინფორმაცია ჩამოიტანა ამ მიმართულებების შესახებ. ეს ინფორმაცია იმითაა ფასეული, რომ ქართულ მხარეს საშუალებას აძლევს თავისი როლი განსაზღვროს ერაყის აღდგენის პროცესში.

30 მაისს კი ეკონომიკის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრო ქართული კომპანიებისათვის ლონდონის სემინარის შედეგების პრეზენტაციას მოაწყობს, რაც ქართულ საამშენებლო თუ სამედიცინო ფირმებს სატენდერო მიმართულებების შერჩევასა და მათში მონაწილეობის მიღებას გაუადვილებს. საქართველოს დელეგაციის წევრის, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის მოადგილის გიორგი ღაღანიძის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო კონტრაქტორი კომპანიების შერჩევის პროცესში ვერ ჩაერევა, რადგან ამას თავად 8 ძირითადი კონტრაქტორი ახორციელებს.
სამინისტრო ქართულ ფირმებს მხოლოდ ინფორმაციითა და საკომუნიკაციო საშუალებებით დაეხმარება. და თუ რა საჭიროა ამ ტიპის დახმარება, როდესაც ყველაფერი ინტერნეტშია გამოქვეყნებული და რეგისტრაციაც ინტერნეტითვეა შესაძლებელი, გიორგი ღაღანიძე ასე განმარტავს:

[ღაღანიძის ხმა] „იქ არის უამრავი ნიუანსები, იქ არის უამრავი პრობლემები, იქ არის ელემენტარულად ის, რომ ჩვენი კომპანიების ინფორმატიზაციის დონე არ არის ძალიან მაღალი. ძალიან ბევრ ჩვენს კომპანიას ინტერნეტის და ელექტრონული ფოსტის მიწვდომის საშუალებები არ აქვს."

ასეთი შესაძლებლობის მქონე ქართულ კომპანიებს თანამედროვე ტექნოლოგიების მიმწოდებელ კორპორაციებთან კონკურენცია მოუწევთ სუბკონტრაქტების მოსაპოვებლად. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს კონტრაქტორ „ბეხტელს", რომელსაც კაპიტალური მშენებლობის წარმართვა აქვს დავალებული, უკვე მიმართა 10 ათასმა ფირმამ. "ბეხტელს" კი 680 მილიონი დოლარის ასათვისებლად მხოლოდ 300-მდე სუბკონტრაქტორი ესაჭიროება. გიორგი ღაღანიძის აზრით, ქართულმა ფირმებმა ორიენტაცია უნდა აიღონ სუბკონტრაქტორებთან თანამშრომლობაზე:
[ღაღანიძის ხმა] „ბედნიერად ვიგრძნობდი თავს, თუ რომელიმე ქართული კომპანია პირდაპირ შეძლებდა "ბეხტელისგან" კონტრაქტის მიღებას საამშენებლო სამუშაოების ჩატარებაზე. მაგრამ უნდა ვიყოთ რეალისტები: ეს, ალბათ, რთული იქნება. ამდენად, უმჯობესია კომპანია გავიდეს სუბკონტრაქტორზე და შეეცადოს, აი, ამ სუბკონტრაქტორთან დაამყაროს ურთიერთობა და, ვთქვათ, მოახდინოს ქართული საამშენებლო მასალების რეალიზაცია."

ერაყის რეკონსტრუქციის გეგმის 8 ძირითადი მიმართულებიდან ქართველ ბიზნესმენებს მნიშვნელოვანი კონტრაქტების მოპოვების გაცილებით დიდი შანსი აქვთ მხოლოდ ერთში - ჯანდაცვისა და წყლით მომარაგების პროგრამებში.
XS
SM
MD
LG