Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუჩის აქციები ხელისუფლების წინააღმდეგ. - რას მიაღწევს ამით ოპოზიცია?


საგანგებო სესია, რომელიც დღეს უნდა გაიხსნას საქართველოს პარლამენტში, სავარაუდოდ, დღის წესრიგიდან ვერ მოხსნის მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ერთ-ერთ მთავარ საკითხს - ქუჩის აქციებს.

ჯერჯერობით კვლავ ძალაში რჩება ამ აქციის თარიღი: იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და, ზოგადად, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი ოპოზიციისათვის მისაღები ფორმით არ ჩამოყალიბდება, 3 ივნისს დედაქალაქში მრავალათასიანი საპროტესტო მანიფესტაცია გაიმართება. რა მიზნებს ისახავენ ხელისუფლების მოწინააღმდეგენი და შესაძლებელია თუ არა ქუჩის აქციით ხელისუფლების დაშინება?!

ის, თუ რა ხშირად, სწრაფად და, არცთუ იშვიათად, ერთმანეთთან შეუთანხმებლად იცვლიან სამოქმედო სტრატეგიას პოლიტიკური პარტიები, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის 29 მაისის პრესკონფერენციამაც ცხადყო. თუმცა, მეორე მხრივ, ნაციონალური მოძრაობის მიერ სახალხო გამოსვლებისკენ მოწოდება პრინციპულად თავსდება 3 ივნისისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქციის სცენარშიც - ოპოზიციის ნაწილი ეცდება სწორედ დედაქალაქში მოუყაროს თავი მხარდამჭერთა მაქსიმალურ რაოდენობას.

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა]"ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვემზადებით აქციისათვის. არაფერი სასიკეთო ხელისუფლებას არა აქვს. იცით, ამ ხალხს ან ძაან ცუდი წარმოდგენა აქვს ჩვენს ხალხზე. ეგონათ, რომ ყველაფერი შერჩებათ და, ეტყობა, არ ჩაუტარებია არც ჯორბენაძეს და არც ხაზარაძეს არჩევნები და არჩევნები ჰგონიათ თანამდებობაზე ხალხის დანიშვნა."[სტილი დაცულია]

როგორც გაერთიანებული დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ მაჭავარიანი, ამბობს, მისი პარტია აქციაზე დაახლოებით 5 ათასი კაცის მობილიზებას შეძლებს. ხალხის ქუჩაში გამოყვანას ხელისუფლებაზე ზემოქმედების ერთადერთ საშუალებად მიიჩნევენ ახალი მემარჯვენეებიც.

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] "სხვა გამოსავალი ნამდვილად არა გვაქვს, იმიტომ რომ ხმების რაოდენობა ჩვენ არ გვყოფნის ორგანული კანონის გასატანად. და თუ ხელისუფლება დაიყოლიებს რამდენიმე ფრაქციას და გაიტანენ იმას, რაც თვითონ უნდათ, ან საერთოდ ჩაშლიან სხდომებს და არ მიიღებენ მონაწილეობას, მაშინ, აი, არ ვიცი, საით მიდის ეს ყველაფერი და ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას."

პასუხისმგებლობის საკითხი, უკანასკნელი წლების პრაქტიკით თუ ვიმსჯელებთ, პოლიტიკოსთა განსაკუთრებული მღელვარების საგანს არ წარმოადგენს. რაც შეეხება ქუჩის მღელვარებით ხელისუფლების დაშინებას და, შესაბამისად, იძულებას, საქართველოს უახლეს ისტორიაში ქუჩის აქციებით დაწყებული სისხლიანი გადატრიალებაც გვახსოვს და ეგრეთ წოდებული ნოემბრის ხავერდოვანი რევოლუციაც. და მაინც, მართალია, 3 ივნისის საპროტესტო მანიფესტაციის არსი ხელისუფლების სამართლიანი არჩევნების გზით შეცვლა იქნება მხოლოდ, მაგრამ დესტაბილიზაციის პროვოცირების საფრთხე, რასაკვირველია, არსებობს. შეცვლის თუ არა რამეს ოპოზიციის შესაძლო გადანაცვლება პარლამენტიდან ქუჩაში?

[ირინა სარიშვილის ხმა] "ქუჩაში გასვლით იმუქრება ის ხალხი, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში ამ ხელისუფლებასთან ერთად მართავდა ქვეყანას. რაც შეეხება დღევანდელ პრეზიდენტს, დღევანდელი პრეზიდენტი ხისტი პოზიციით ნამდვილად არ ხასიათდება. პირიქით, მისი მხარდამჭერები ძალიან ხშირად საყვედურობენ მას ზედმეტ ლოიალობას."

ხელისუფლების საარჩევნო ბლოკის სპიკერი ირინა სარიშვილი- ჭანტურია პრეზიდენტ შევარდნაძის ლოიალობაზე მიუთითებს. თუმცა ფიქრობს, რომ ოპოზიციის რადიკალურ წრეებში საარჩევნო კონსენსუსის მიუღწევლობაზე ხმაური თვითმიზანია მხოლოდ. დღევანდელი საპარლამენტო დებატები ამ მხრივაც გადამწყვეტი აღმოჩნდება. დღეს უნდა გამოიკვეთოს, გავა თუ არა ოპოზიცია ქუჩაში.
XS
SM
MD
LG