Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლტოლვილთა დაბრუნება გალის რაიონში - საერთაშორისო პროცესი და რეალობა


გაეროს მისიამ საქართველოში დაასრულა გალის რაიონში იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებისთვის საჭირო უსაფრთხოების პირობების შესწავლა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით,

გაერო შეეცდება ზეწოლა მოახდინოს კონფლიქტში მონაწილე მხარეებზე, რომ მათ დააჩქარონ დევნილების დაბრუნება გალის რაიონში.
არსებობს დამაჯერებელი არგუმენტები, რომ გაეროს ზეწოლა ამ პროცესს ვერ დააჩქარებს და რომ პირიქით, საკითხის პრიორიტიზაციამ ამ ეტაპზე, შეიძლება კიდეც გაამწვავოს თბილისი-სოხუმს შორის ურთიერთობა. ყველაფერს ერთვის შეუთანხმებლობა თავად სოხუმის ხელისუფლებაში.
რა შეიძლება მოყვეს გაეროს ინიციატივის გააქტიურებას გალის რაიონში დევნილთა დაბრუნების შესახებ?


გალის რაიონში დევნილთა დაბრუნების ინიციატივის გააქტიურება არის ერთ-ერთი შედეგი, რომელიც წელს თებერვალში გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენელთა და მარტში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების სოჭის შეხვედრებს მოჰყვა. ახლახან საქართველოში გაეროს მისიამ მოამზადა რეკომენდაციები, რომლებიც გალის რაიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის არის აუცილებელი. შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ გაეროში, რომელიც თებერვლის ჟენევის შეხვედრის მონაწილეც არის, რიჩარდ უილიამსონმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებების მიღწევა ლტოლვილების დაბრუნებასა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში საბოლოოდ პოლიტიკური პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს. ალბათ...

...მაგრამ, მოდით, ერთი წუთით დავივიწყოთ გაერო და მისი გამოკვლევა გალში ქართველი დევნილების უსაფრთხოების ზომების შესახებ და გავარკვიოთ: რა შემთხვევაში შეიძლება იგრძნოს თავი უსაფრთხოდ გალში ქართველმა დღეს? ამ კითხვაზე ყველაზე რეალურ პასუხს თავად დევნილი ქართველი გაგვცემს. გთავაზობთ ორი დევნილი ქალბატონის მოსაზრებას. ერთი - თბილისში იმყოფება, თბილისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეს-სამსახურს ხელმძღვანელობს. ცხოვრების უდიდდესი ნაწილი გალში გაატარა, კონფლიქტამდე რამდენიმე წელი კი სოხუმში ცხოვრობდა. ნათელა ჯონჯუა აფხაზეთში დაბრუნებისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ:

[ნათელა ჯონჯუას ხმა]
"დაბრუნებას აზრი ექნება მაშინ, როდესაც რაღაც უსაფრთხოების გარანტია იქნება, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მაგრამ, იცით, რაღაცნაირად სკეპტიკურად ვართ განწყობილი საერთაშორისო ორგანიზაციების და იგივე გაეროს მიმართაც იმის გამო, რომ ელემენტარულად, გალის რაიონში ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნაზე, თუ არ მეშლება, ოთხი წელიწადია მიდის საუბარი. გაერო მომხრეა გაიხსნას ეს ოფისი, საქართველოს ხელისუფლება მომხრეა გაიხსნას ეს ოფისი, როგორც რაღანცაირად იქ სპონტანურად დაბრუნებული ხალხის უსაფრთხოებისთვის იქნებოდა ეს ძალიან კარგი, მაგრამ იმის გამო, რომ სოხუმის რეჟიმი ბატონობს დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე არის წინააღმდეგი, გაერომ თავისი ოფისის გახსნა ვერ მოახერხა გალის რაიონში".

მეორე ქართველ ქალბატონს - თინათინ ქეცბაიას გალში დავუკავშირდი. ის იქ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახლავთ და სჯერა, რომ სახალხო დიპლომატია იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში. თინათინ ქეცბაია, გალში არსებული მდგომარეობის შესახებ:

[თინათინ ქეცბაიას ხმა]
"შარშან, შარშანწინ რომ იყო, იმაზე უკეთესი მდოგმარეობა არის ახლა. იმიტომ, რომ საერთო ენა გამონახეს ერთმანეთთან და მიხვდნენ, რომ ერთმანეთის გარეშე მართლა არ შეიძლებ ცხოვრება. და კრიმინალები ყველგან არიან, შვილო, მარტო აქ ხომ არა."

გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელი ჰაიდი ტალიავინი რვა თვეა, რაც საქართველოში იმყოფება. ამ ხნის მანძილზე, მას სოხუმის სამ პრემიერ-მინისტრთან მოუხდა ურთიერთობა. ტალიავინი ერთგვარად ჩივის კიდეც, რომ არეულობა სოხუმის ხელისუფლებაში კიდევ უფრო ართულებს იგივე დევნილთა დაბრუნების პროცესს. თუმცა, უწყობდა კი ხელს თავის დროზე სოხუმის ხელისუფლების ერთსულოვნება იგივე პროცესს? ძნელია, ვინმემ შეძლოს ამის დამტკიცება. ჰაიდი ტალიავინმა ამასწინათ "რადიო თავისუფლებას" უთხრა:

[ტალიავინის ხმა]
"ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ხვალ ხიდს გავხსნით და ადამიანები დაბრუნდებიან. ეს საჭიროა მოხდეს შედარებით მოწესრიგებულად და ამის დაწყებისთვის აუცილებელია ორივე მხარის მონდომება."

გაეროს წარმომადგენელი მომავალზე საუბრობს. თუმცა, აწმყო, რომელსაც დევნილები ჩემთან საუბარში აღწერენ, არის ის, რომ გალში ძალიან ბევრი ქართველია: განსაკუთრებით იზრდება მათი რიცხვი გაზაფხულზე. როგორც ჩემმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა მითხრა, ძირითადად ასაკოვანი ხალხი მიდის მიწის დასამუშავებლად და ლუკმა-პურის მოსაპოვებლად, ბევრი მათგანი - სიცოცხლის ფასად.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG