Accessibility links

logo-print

საქართველოდან ემიგრირებული მოქალაქეები ოჯახებში სოლიდურ თანხებს გზავნიან


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ბოლო წლებში საქართველოდან ემიგრირებული მოქალაქეების ოდენობა კვლავ იზრდება. მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო შრომისუნარიანი მოსახლეობის ნაწილი სწორედ უცხოეთში

ცდილობს ელემენტარული კაპიტალის დაგროვებას და შინ დარჩენილი ოჯახების გამოკვებას. საიდან და რა ოდენობის თანხებს გზავნიან საქართველოს მოქალაქეები საკუთარი ოჯახებისათვის?

საქართველოდან უცხოეთში გადახვეწილი მოქალაქეების ძირითადი მოტივაცია მძიმე ეკონომიკური პირობები და უმუშევრობაა. ემიგრანტთა შორის გვხვდებიან პოლიტიკური მოტივით ან სასწავლებლად გამგზავრებული ადამიანებიც, თუმცა მათი რიცხვი გაცილებით ნაკლებია: ქართველები დასავლეთში თუ ახლო საზღვარგარეთ, ძირითადად, სიდუხჭირის გამო მიემგზავრებიან.

საინტერესოა, რომ ბევრი ოჯახი საქართველოში სწორედ უცხოეთიდან გამოგზავნილი ტრანსფერების საშუალებით ახერხებს ელემენტარულ არსებობას. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ მთლიანობაში რა ოდენობის თანხებს გზავნიან სამუშაოდ ქვეყნიდან გასული მოქალაქეები. აღრიცხვას ართულებს ისიც, რომ თანხის ნაწილის გამოგზავნა ნაღდის სახით საბანკო სისტემის გვერდის ავლით ხდება, თუმცა ბოლო პერიოდში სულ უფრო ბევრი სარგებლობს სწრაფი გზავნილების სხვადასხვა სერვისით თუ, უბრალოდ, საბანკო ანგარიშებით.

საქართველოში უცხოეთიდან გამოგზავნილი თანხის მოცულობასა და გეოგრაფიაზე მეტ-ნაკლები წარმოდგენის შესაქმნელად შესაძლებელია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემის, "უესტერნ იუნიონის", საშუალებით შემოსული ვალუტის სტატისტიკის გაანალიზება.

საქართველოში სწრაფი ფულადი გზავნილების დიდი ნაწილი სწორედ ,,უესტერნ იუნიონზე" მოდის. 2003 წლის პირველ კვარტალში, აღნიშნული სისტემის მეშვეობით, უცხოეთის სახელმწიფოებიდან ჩვენი ქვეყნის კომერციულ ბანკებში 17 მილიონ 624 ათასი აშშ დოლარი ჩაირიცხა.


ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკურ გამოკვლევათა და მონეტარული პოლიტიკის სამმართველოს ინფორმაციით, 2003 წლის პირველი კვარტალის მანძილზე თანხები, ძირითადად, აშშ-დან, რუსეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან და ისრაელიდან იგზავნებოდა. კერძოდ, ამ პერიოდში საქართველოში ყველაზე დიდი თანხები გამოიგზავნა: შეერთებული შტატებიდან - 4 646 177 დოლარი, რუსეთიდან - 4 448 256 დოლარი, გერმანიიდან - 1 008 949 დოლარი, საბერძნეთიდან - 1 018 959 დოლარი, საფრანგეთიდან - 583 967 დოლარი და ისრაელიდან - 576 292 დოლარი.


მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთის სახელმწიფოებში გაგზავნილი თანხების მოცულობა შედარებით მოკრძალებულია და 3 219 051 აშშ დოლარს შეადგენს, რაც 306 133 დოლარით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოდან თანხები, ძირითადად, უცხოეთში სასწავლებლად წასული ახალგაზრდებისათვის იგზავნება.

საქართველოდან გადარიცხული თანხების გეოგრაფიული არეალი ამგვარად გამოიყურება: ძირითადი ნაწილი, 800 840 დოლარი, რუსეთზე მოდის, უკრაინაში გაიგზავნა 308 694 დოლარი, თურქეთში - 210 906 დოლარი.


მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ,,უესტერნ იუნიონის" ყველაზე აქტიური ოპერატორი ბანკები იყვნენ ,,საქართველოს ბანკი" , ,,გაერთიანებული ქართული ბანკი", ,,თიბისი ბანკი" .

ტრანსფერების სრული ოდენობის განსაზღვრა მხოლოდ ერთი სისტემის სტატისტიკით შეუძლებელია, თუმცა, აღნიშნული მონაცემებით, საერთო ტენდენციის სურათის შექმნა მაინც შეიძლება.
XS
SM
MD
LG