Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ურჩევენ უცხოელი მრჩევლები საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობას


საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში საქართველოს ინტეგრირებისთვის ქვეყნის ხელისუფლებას მეხუთე წელია კონცეპტუალურ დახმარებას უწევს მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო,

ოთხვარსკვლავინი ბრიტანელი გენერლის სერ გარი ჯონსონის ხელმღვანელობით, რომლის რეკომენდაციები საფუძვლად დაედო სამხედრო ძალების მოდერნიზების პროგრამას. ერთი თვის წინ კი მრჩეველთა ჯგუფში პირველი ქალი გამოჩნდა, ბრიტანეთის მოქალაქე პატრიჩა შერინგი, რომელიც თავდაცვის მინისტრს საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში გაუწევს დახმარებას. სერ გარი ჯონსონი და პატრიჩა შერინგი თბილისში იმყოფებიან.


საქართველოში ჩამოსვლამდე ბრიტანელი გენერლის სერ გარი ჯონსონის ჯგუფმა ანალოგიური რეკომენდაციები ბალტიის სახელმწიფოებისთვის მოამზადა. ისინი მეტად მარტივია და შეიძლება ითქვას - უნივერსალურიც: ქვეყანას უნდა ჰქონდეს შეფასებული თავის ირგვლივ არსებული სამხედრო ხასიათის საფრთხე, ჰქონდეს განსაზღვრული საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები, საგარეო დახმარება და მხოლოდ იმ რაოდენობის სამხედრო ძალა დაიქირაოს, რამდენიც მძიმე ტვირთად არ დააწვება გადასახადის გადამხდელებს. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, სადაც არც შიდა კონფლიქტები არსებობდა და არც სამხედრო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსული სამხედრო ავტოკრატია, ასეთ რეკომენდაციებს მალევე შეესხა ხორცი.
ბალტიის ქვეყნებისგან განსხვავებით, მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციებს საქართველოში არცთუ ისე პოხიერი ნიადაგი დახვდა. სერ გარი ჯონსონსა და მის ჯგუფს სამი წელი დასჭირდათ, რათა დაერწმუნებინათ სამხედრო ძალების ცალკეული მიმართულების ხელმძღვანელები და საქართველოს ხელისუფლება იმაში, რომ დიდი და არაეფექტური სამხედრო ძალის შენახვას მცირე და კარგად აღჭურვილი მობილური ძალების დაქირავება და მათი კონტროლი სჯობს. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც საქართველოში უყვართ თქმა, ბევრი ყურადსაღები რჩევა საკუთარმა სპეციფიკამ გადაწონა, სერ გარი ჯონსონი და მისი საბჭოს წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ახალი გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველოს ხელისუფლება ნატოს ნოემბრის სამიტის შემდეგ აღმოჩნდა, ყოყმანის დრო აღარავის უტოვებს.
[სერ გარი ჯონსონის ხმა] "პრეზიდენტის განცხადება ნატოს სამიტზე აბსოლუტურად გასაგები იყო და ნატოს ხელმძღვანელობამ ეს განცხადება მიიღო და დაეთანხმა საქართველოს სურვილს, დაიწყოს ალიანსში გაწევრიანება. ჩვენც იმიტომ ვიმყოფებით აქ, რომ მოვიფიქროთ, თუ როგორ გარდავქმნათ საქრთველოს სამხედრო სამინისტრო სამოქალაქო უწყებად, რაც მისაღები იქნება ნატოს სტანდარტებისთვის. ეს უმთავრესი პრიორიტეტია და მე ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებას მზად აქვს შესაბამისი გადაწყვეტილება 2004 წლისთვის."

ასეთ გარდაქმნებს კი, პოლიტიკური ნების გარდა, გრძელვადიანი პროგრამული დაფინანსების სიტემაზე გადასვლა სჭირდება, რაშიც საქართველოს თავდაცვის მინისტრს რჩევებით ბრიტანელი პატრიჩა შერინგი დაეხმარება, ქალი, რომელმაც ეს სამუშაო უკვე ჩაატარა ბალტიის ქვეყნებში.

[პატრიჩა შერინგის ხმა] "თქვენ უნდა გადახედოთ საქართველოს იგრვლივ არსებულ რისკებს, საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტს და ამ მოთხოვნებს შეუსაბამოთ სამხედრო ძალები. ხოლო როცა ფული არ გყოფნით, უარი უნდა თქვათ ისეთ რამეებზე, რასაც ტრადიციულად აკეთებდით."

მაგრამ საქმეც ისაა, რომ საქართველოს ჯერ არა აქვს მიღებული ეროვნული უსაფრთხოების პროგრამა, რის გამოც კოორდინირებულ მუშაობას ჯერჯერობით ვერც სამოქალაქო ხელისუფლება ახერხებს და ვერც სამხედრო.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG