Accessibility links

logo-print

ევერესტის დაპყრობის 50 წლისთავი


ზუსტად ორმოცდაათი წლის წინათ ახალზელანდიელმა ედმუნდ ჰილარიმ და მისმა შერპამ, თენზინგ ნორგეიმ კაცობრიობის ისტორიაში პირველებმა დადგეს ფეხი მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე, ევერესტზე.

მას მერე ჰიმალაებში, ნეპალში მდებარე ეს გიგანტი 1200-ზე მეტმა მთამსვლელმა დაიპყრო. მაგრამ განვლილმა 50 წელმა ჩრდილში ვერ მოაქცია 1953 წლის 29 მაისს ჰილარისა და ტენზინგის გამარჯვება.

ედმუნდ ჰილარი ამჟამად 83 წლისაა. თენზინგ ნორგეი კი 1986 წელს გარდაიცვალა. ამ 50 წლის მანძილზე ევერესტზე მრავალი რეკორდი დამყარდა. პირველი ქალის ასვლა, პირველი ბრმა მთამსვლელის ასვლა, უჟანგბადოდ პირველი ასვლა, სხვადასხვა ურთულესი მარშრუტით ასვლა. ამ კვირაში ჩინელებმა პირველი პირდაპირი სატელევიზიო რეპორტაჟი მოაწყვეს ევერესტის მწვერვალიდან. ორშაბათს კი ერთმა შერპამ სარეკორდო დროში, 12 საათსა და 45 წუთში მიაღწია მწვერვალამდე.

მაგრამ 1953 წელს ადამიანმა ისიც კი არ იცოდა, საერთოდ შესაძლებელი იყო თუ არა ევერესტის დაპყრობა და ცოცხლად უკან დაბრუნება. ეს ფსიქოლოგიური ბარიერი კიდევ უფრო ართულებდა საქმეს.

მიუხედავად ამისა, როგორც ბრიტანეთის 1953 წლის ექსპედიციის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ, ჯორჯ ბენდმა უთხრა ჩვენს რადიოს, ის და მისი მეგობრები თავიდანვე დარწმუნებული იყვნენ წარმატებაში.

ჰილარი ხშირად ჩივის, რომ დღეს ევერესტი ზედმეტად კომერციალიზებულია. ბენდის თქმით კი, დღეს თუკი ადამიანს ბევრი ფული აქვს, მას ბევრად უფრო იოლად შეუძლია მწვერვალის დალაშქვრა, ვიდრე ეს წინათ ხდებოდა. ხშირ შემთხვევაში მთამსვლელს წინასწარ გაკვალულ და კეთილმოწყობილ მარშრუტზე შეუძლია სიარული. მიუხედავად ამისა, ადამიანებისთვის ეს მაინც მიღწევაა და მას სულ უფრო და უფრო მეტნი ესწრაფვიანო.

ევერესტის დალაშქვრა კვლავაც ძალზე სახიფათოა. დღემდე 175 ადამიანი დაიღუპა დედამიწის უმაღლეს მთასთან ჭიდილში.

დანიელმა მთამსვლელმა ლენე გამელგორმა 1996 წელს მიაღწია მწვერვალს, მაგრამ მეორე დღეს მისი ჯგუფის რვა წევრი დაიღუპა ძლიერ ქარბუქში. ეს ევერესტის ყველაზე მრავალრიცხოვანი უბედური შემთხვევაა.

[გამელგორის ხმა] "როცა მსოფლიოს უმაღლეს მთაზე ასვლას გადაწყვეტ, თუკი შეგნებულად არ გააცნობიერებ სიკვდილის რისკს, მაშინ, ჩემი აზრით, მზად არა ხარ იქ ასასვლელად. თუკი გაქვს ილუზიები, რომ არაფერია ამაში სახიფათო, რომ არაფერი მომივა მე ან ჩემს საყვარელ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ავდივარ, მაშინ სრულიად შეშლილი ხარ. არსებობს ათპროცენტიანი ობიექტური რისკი იმისა, რომ მოკვდები ევერესტზე ასვლისას და ასეც ხდება. ასე რომ, როცა მოულოდნელი ქარიშხალი წამოგვეწია მწვერვალიდან დაშვებისას, არ გაგვკვირვებია."

რაც შეეხება ჰილარისა და ბენდს, მათი ცხოვრების გზები განსხვავებული მიმართულებებით წარიმართა. ჰილარიმ მრავალი წელი მოანდომა შეწირულებების შეგროვებას ნეპალელი შერპებისთვის სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობისთვის. ბენდი ნავთობის მრეწველობაში იყო დასაქმებული. იგი თავად არასოდეს ასულა ევერესტის მწვერვალზე, მაგრამ სამაგიეროდ ევერესტის ექსპედიციიდან ორი წლის შემდეგ მან ჯგუფთან ერთად მსოფლიოში პირველმა დაიპყრო კანჩენჯუნგა - მსოფლიოში მესამე უმაღლესი მწვერვალი. ეს წარმატება 22 წლის განმავლობაში არავის გაუმეორებია.

ევერესტზე ქართველ მთამსვლელთა ასვლის ისტორიის მოყოლა ვთხოვე მთამსვლელთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს, გია თორთლაძეს, რომელსაც ჩვენი გადაცემის წინ ტელფონით დავუკავშირდი ნეპალში, კატმანდური, სადაც იგი ევერესტზე ასვლის საიუბილეო დღესასწაულში მონაწილეობს.

[თორთლაძის ხმა] იხ. აუდიოვერსია.

ჩემს კითხვაზე, რას ნიშნავს მისთვის ევერესტი, გია თორთლაძემ მიპასუხა:

[თორთლაძის ხმა] იხ. აუდიოვერსია.
XS
SM
MD
LG