Accessibility links

რუსეთ-ევროკავშირის ისტორიული სამიტი სანკტ-პეტერბურგში


ანდრო ეული, პრაღა შაბათს 31 მაისს, "ჩრდილოეთის დედაქალაქის" 300 წლისთავთან დაკავშირებული ზეიმის ჩარჩოებში, სანკტ-პეტერბურგში რუსეთისა და ევროკავშირის შეხვედრა გაიმართება უმაღლეს დონეზე.

სამიტამდე რამდენიმე საათიღაა დარჩენილი, თუმცა ჯერაც გაურკვეველია, შესძლებენ თუ არა მხარეები ამ შეხვედრაზე რაიმე არსებითი შეთანხმების მიღწევას.


იმ დროს, როცა ევროკავშირი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობას, აგრეთვე ერთობლივი ზომების მიღებას, რუსეთს სავიზო რეჟიმის გაუქმება, ევროკავშირის გაფართოებისთვის კომპენსაციის მიღება და ევროკავშირ-რუსეთის ახალი საბჭოს დაწესება სურს.

როგორც ოფიციალურმა პირებმა უთხრეს ჩვენს კორესპონდენტს ბრიუსელში, ხსენებული მოთხოვნებიდან ევროკავშირისთვის არცერთი არაა მისაღები, ხოლო უვიზო რეჟიმის საკითხმა შესაძლოა ჩაშალოს კიდევაც სანკტ-პეტურბურგში დანიშნული შეხვედრა. რუსეთი მოითხოვს, რომ 2007 წელს ევროკავშირში გაუქმდეს სავიზო რეჟიმი.

აი რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა დიეგო დე ოხედამ [დიეგო დე ოხედას ხმა]: "ჩვენის აზრით აქ საკითხის არსია მთავარი. თქმა არ უნდა, რომ კარგი იქნებოდა სავიზო რეჟიმის გაუქმება. ამ რეჟიმის მოქმედება, დღეს, აუცილებლობითაა გამოწვეული. დღევანდელი ვითარება ავალდებულებს რუსეთს უკეთ გააკონტროლოს თავისი სამხრეთი და აღმოსავლეთი საზღვრები, გააფართოვოს ჩვენს პოლიციასა და სასამართლოებთან თანამშრომლობა, ხელი მოაწეროს ჩვენთან არალეგალური იმიგრანტების უკან დაბრუნების, აგრეთვე კიდევ სხვა რამდენიმე შეთანხმებას, რომელთაგან ზოგი სწრაფად შეიძლება დაიდოს, სხვებს კი მეტი დრო და ძალისხმევა დასჭირდება".

ევროკავშირს სურს, რომ რუსეთთან დაიდოს ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ყველა არალეგალურ იმიგრანტს იმ ქვეყანაში დააბრუნებენ, საიდანაც მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესძლეს შეღწევა. მაგრამ, ოფიციალური პირები ბრიუსელში აღნიშნავენ, რომ რუსეთი ყოველნაირად აყოვნებს ამ საკითხში პროგრესის მიღწევას.

ევროკავშირი მოუწოდებს ამასთანავე რუსეთს უფრო აქტიურად ითანამშრომლოს გარემოს დაცვის სფეროში, უზრუნველყოს თავისი ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოახდინოს გლობალური დათბობის შესახებ დადებული კიოტოს შეთანხმების რატიფიკაცია.

საკამათოა მხარეებს შორის ევროკავშირის გაფართოების საკითხიც. მოსკოვი პრინციპში მიესალმება ახალი წევრების მიღებას, მაგრამ კომპენსაციას მოითხოვს იმ მოსალოდნელი "უარყოფითი შედეგებისთვის", რაც შესაძლოა ევროკავშირის გაფართოებამ გამოიწვიოს. ევროკავშირი ამის კატეგორიული წინააღმდეგია.

რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე სანკტ-პეტერბურგში განხილულ იქნება სხვა საკითხებიც, სახელდობრ ნარკოტიკების არალეგალური ტრანსპორტირება ავღანეთიდან, კონფლიქტი დნესტრისპირების რეგიონში და ჩეჩნეთის ომი. როგორც ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, თუ სამიტზე ერთობლივი დეკლარაცია იქნა მიღებული, მასში უცილობლად იქნება მოხსენიებული ჩეჩნეთის კონფლიქტი.
XS
SM
MD
LG