Accessibility links

logo-print

ვის აძლევს ხელს აგრესიული საარჩევნო კამპანია


მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთი თვე რჩება. თუმცა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ერთ ნაწილს შორის დაპირისპირება უკვე გასცდა ვერბალური ბრძოლის საზღვრებს.

"აკრძალული ილეთების" გამოყენებას ორივე მხარე პროვოკაციად მიიჩნევს და აგრესიის წყაროდ მუდამ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ასახელებს. საზოგადოებას უჭირს, გაარჩიოს მტყუან-მართალი.

ვის აძლევს ხელს აგრესიული საარჩევნო კამპანია?

აგრესიული საარჩევნო კამპანია ხელს აძლევს დაპირისპირებაში ჩართულ ორივე მხარეს. და, აი, რატომ: დავუშვათ, ორი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა ხელჩართული ბრძოლა გამართეს რომელიმე ქალაქის ცენტრში. ეს ექსტრემალური სიტუაციაა, ჟურნალისტების ენაზე - "ნიუსი". არჩევნების წინ ყველა პარტია ცდილობს, რაც შეიძლება ხშირად შექმნას საგანგებო ახალი ამბავი, რომელიც საინფორმაციო პროგრამების პირველი სიუჟეტის თემად იქცევა.

პოზიტიური ღონისძიებები ასეთი საგანგებო "ნიუსის" საფუძველი იშვიათად ხდება: ამა თუ იმ პარტიის მიერ ჩატარებული ყრილობის დღეს ან რაიმე გამორჩეული ინიციატივის განხორციელებისას. რაც შეეხება აგრესიის გამოვლენას და ხელჩართულ ბრძოლებს, ამგვარი ქმედება პრესის და საზოგადოების ყურადღების მიპყრობის ყველაზე ნაცადი გზაა. პარალელურად, დაპირისპირებული მხარეები ორი ამოცანის შესრულებას ცდილობენ: ვითარების გამწვავება უნდა დაბრალდეს პოლიტიკურ ოპონენტს და საკუთარ აგრესიას გამართლება უნდა მოეძებნოს ხალხის ინტერესებზე დაყრდნობით. დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს, რომ ყოველი ხელჩართული ბრძოლის შემდეგ პოლიტიკური ლიდერები სწორედ ამ ორი კუთხით აფასებენ მომხდარს.

დღეს უკვე აშკარაა, რომ ყველაზე აგრესიულ საარჩევნო კამპანიას ნაციონალური მოძრაობა ატარებს. მისი აქტივისტები ენერგიულად უპირისპირდებიან სახელისუფლო ბლოკის ლიდერებს საქართველოს ყველა კუთხეში. ამგვარი ქმედება ყურადღების ეპიცენტრში აქცევს როგორც სახელისუფლო ბლოკს, ასევე - ნაციონალურ მოძრაობას და, საბოლოოდ, ორივე ძალისთვის ხელსაყრელია.

როდესაც თითქმის ყოველდღე საინფორმაციო სიუჟეტები რომელიმე პარტიის აქტიურობის შესახებ იუწყებიან, მოსახლეობას რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ძლიერი პარტიაა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აქტიურობა გამოხატულია მცირერიცხოვანი ჯგუფების აგრესიით, ეს პარტია გაცილებით მეტ ადგილს იკავებს ამომრჩევლის ცნობიერებაში, ვიდრე სხვა, ნაკლებად ხმაურიანი პარტიები.

მაგრამ ძალის მუდმივმა დემონსტრირებამ, შესაძლოა, მეტად უარყოფითად განაწყოს ამომრჩეველი. ნიშანდობლივია, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ დადებითი "ნიუსების" გზა აირჩია, როდესაც სასამართლო განხილვების საფუძველზე ბევრჯერ მოექცა საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში. ნაციონალური მოძრაობა კი უარყოფითი "ნიუსების" საშუალებით იზიდავს საზოგადოებას. არავინ იცის, რომელი პარტია მოიპოვებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მეტ მხარდაჭერას: ის, რომელიც ხელისუფლებას სასამართლო დარბაზში უპირისპირდება თუ ის, რომელიც ქუჩაში აქტიურობს. ამ შეკითხვასაც პასუხს არჩევნები გასცემს.
XS
SM
MD
LG