Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ბუში ევროპას, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს ეწვევა


ანდრო ეული, პრაღა პარასკევს 30 მაისს დაიწყო შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის რვადღიანი მოგზაურობა საზღვარგარეთ, რომლის დროსაც იგი პოლონეთს, რუსეთს, საფრანგეთსა და ახლო აღმოსავლეთს ეწვევა.

თავდაპირველი განრიგის მიხედვით ბუშს, პოლონეთსა და რუსეთში შეჩერების შემდეგ "დიდი რვიანის" ლიდერთა მორიგ სამიტზე უნდა დაესრულებინა ეს ვიზიტი საფრანგეთის ქალაქ ევიანში. მაგრამ თეთრმა სახლმა მოგვიანებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონიც ჩართო ჯორჯ ბუშის სამოგზაურო განრიგში.

როგორც თეთრი სახლის პრეს-მდივანმა არი ფლაიშერმა აცნობა ჟურნალისტებს, პოლონეთში, რუსეთსა და საფრანგეთში სტუმრობის შემდეგ ჯორჯ ბუში იორდანიაში გაემგზავრება, სადაც სამმხრივ მოლაპარაკებას გამართავს ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრებთან: არიელ შარონსა და მაჰმუდ აბასთან.

ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, კონდოლიზა რაისის თქმით, მას შემდეგ, რაც ერაყში ომი დათავრდა, პალესტინელთა ხელმძღვანელობაში მოხდა ცვლილება, ისრაელის მთავრობამ მოიწონა "საგზაო რუკის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა განხადებები გააკეთა იმის შესახებ, რომ პალესტინელ ხალხთან თანაარსებობაში ხედავს მომავალს, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების ახალი შესაძლებლობა შეიქმნა.

ოთხშაბათს, ბუში იორდანიის მეფე აბდულას შეხვდება წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ აქაბაში, ხოლო შემდეგ შარონსა და აბასთან ერთად ახლო აღმოსავლეთის ახალი სამშვიდობო გეგმის განხორციელების შესაძლებლობას განხილავს.

ჯორჯ ბუში ორშაბათს, ანუ დამთავრებამდე ერთი დღით ადრე დატოვებს "დიდი რვიანის" ლიდერთა ლიდერთა სამიტს საფრანგეთის ქალაქ ევიანში, რათა არაბული ქვეყნების ლიდერებს შეხვდეს, მეორე დღეს, ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში. ამდენად, პრეზიდენტი ბუში ევიანის ფორუმის მონაწილეთა საპატივცემულოდ გამართულ სადილს, აგრეთვე დასკვნითი კომუნიკეს წაკითხვას არ დაესწრება.

ევიანის სამიტზე ჯორჯ ბუში, პირველად უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე, პირისპირ შეხვდება საფრანგეთის პრეზიდენტს ჟაკ შირაკს, რომელიც ერაყთან ომის დაწყების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რის გამოც საგრძნობლად დაიძაბა ურთიერთობა ვაშინგტონსა და პარიზს შორის. მსოფლიო ეკონომიკა, სამშვიდობო პროცესი ახლო აღმოსავლეთში, ანტიტერორისტული ომი, აღდგენითი პროცესი ერაყში და სოფლის მეურნეობა, ამ საკითხების განხილვას დაეთმობა ძირითადად "დიდი რვიანის" ლიდერთა შეხვედრა უმაღლეს დონეზე, რომელიც პირველიდან სამი ივნისის ჩათვლით გაიმართება საფრანგეთის ქალაქ ევიანში.

ევიანის სამიტის მონაწილენი მესამე მსოფლიოს ქვეყნებში სიღატაკის, აგრეთვე აფრიკაში შიდსის ეპიდემიასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც განიხილავენ.
XS
SM
MD
LG