Accessibility links

logo-print

მსოფლიოს, სამრეწველო თვალსაზრისით, 7 უდიდესი სახელმწიფოსა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა საფრანგეთში


აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ერაყის ომის თაობაზე მძაფრი უთანხმოების შემდეგ პირველ შეხვედრას გამართავს ზოგიერთ ევროპელ პარტნიორთან. ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების

ფართო სპექტრს განიხილავენ ისინი კვირას საფრანგეთის ქალაქ ევიანში. გარე სამყარო დიდ ყურადღებას აქცევს ეკონომიკურად მსოფლიოს ყველაზე დიდი 7 ქვეყნისა და რუსეთის მთავრობათა ხელმძღვანელების პირად ურთერთობას, მაგრამ მათ სალაპარაკო აქვთ, პირველ რიგში, სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებზე. როგორც ითქვა, დიდ ინტერესს იწვევს შეკრებილთა იმ ნაწილის ურთიერთობა, რომელსაც, მოკავშირეობის მიუხედავად, შიდაუთანხმოება ჰქონდა. ლაპარაკია, პირველ რიგში, ჯორჯ ბუშთან საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის დამოკიდებულებაზე. გერჰარდ შრიოდერისა და აშშ-ის პრეზიდენტის ურთიერთობა კვლავაც ცივია, მაშინ, როცა ჟაკ შირაკისა და მისი ვაშინგტონელი სტუმრის პარტნიორობას კარგი პირი უჩანს. თეთრი სახლის წარმომადგენელმა არი ფლაიშერმა ასე თქვა: [ფლაიშერის ხმა] "მგონია, რომ ამ შეხვედრას პრეზიდენტი ბუშიც მოუთმენლად ელის. ფაქტია, რომ ჩვენი ურთიერთობები დაიძაბა. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ შშ-ც და საფრანგეთიც ყურადღებით ეკიდება შეხვედრას და თქვენ მოწმე იქნებით ორი ლიდერის, როგორც მოკავშირის, საუბრისა". შეხვედრაზე იქნებიან: იაპონიის, რუსეთის, კანადის, ბრიტანეთის, იტალიის სახელმწიფოთა მეთაურები. ამათ გარდა, საფრანგეთმა, მასპინძელმა ქვეყანამ, სამიტზე მიიწვია სხვა, განვითარებადი ქვეყნების, ლიდერები, სულ - 24 პოლიტიკოსი, რომლებიც სამდღიანი შეხვედრის პირველ დღეს დაესწრებიან მოლაპარაკებას.

სამიტი ეწყობა იმ დროს, როცა დიდი რვიანის წევრებს ეკონომიკურად არ ულხინთ. ევროპაში რეცესიას, ეკონომიკურ უკანსვლას, მიუახლოვდა გერმანია და იტალია. ნიდერლანდებმა აღიარა, რომ მისი ეკონომიკა უკან მიდის. იაპონიის ეკონომიკა სულს ღაფავს. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ეს ქვეყანა მძიმე საფინანსო დეფიციტს განიცდის. ლონდონის "ევროპის ეკონომიკური რეფორმის" სახელით ცნობილ ორგანიზაციაში მუშაობს ეკონომიკური ანალიტიკოსი კატინკა ბარიში, რომელსაც მიაჩნია, რომ ევიანის შეხვედრაზე ეკონომიკური საკითხების ირგვლივ მსჯელობა ტრანსატლანტიკის პარტნიორებს დაეხმარება პოლიტიკური დაძაბულობის დაძლევაში.
[ბარიშის ხმა] "აზრთა აშკარა სხვადასხვაობაა საგარეო პოლიტიკაში ერაყის გამო, მაგრამ ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში ამერიკელებს და ევროპელებს სერიოზული საერთო ინტერესები აქვთ, რადგან ერთმანეთის უდიდესი სავაჭრო პარტნიორები არიან. და მით უფრო მნიშვნელოვანია, როცა საგარეო ინვესტიციების დიდი რაოდენობა, ატლანტიკის გავლით, ორივე მიმართულებით მოძრაობს. ასე რომ, მხარეები დაინტერესებულები უნდა იყვნენ ურთიერთობათა გამოსწორებით". ბარიში ამბობს, რომ დიდი რვიანის ლიდერებზე დიდია ზეწოლა, მსოფლიო ვაჭრობის თაობაზე დოჰაში დაწყებული მოლაპარაკება განაახლონ, რათა ვაჭრობის ლიბერალიზაციის პრობლემის გადაჭრა დაჩქარდეს. ბარიშის თქმით, შემდეგი თემა, რომელსაც დიდი რვიანის შეხვედრაზე ეკონომიკის თაობაზე დისკუსიისას შეეხებიან, სუსტი დოლარია. ევროსთან შედარებით დოლარის დასუსტება უცხოურ ბაზარზე ევროპაში წარმოებულ საქონელს აძვირებს, რითაც უარესდება ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკური მაჩვენებლები. ევიანის სამიტი ეგრეთ წოდებულ მესამე სამყაროს პრობლემატიკასაც შეეხება, კერძოდ, აფრიკაში შიმშილობისა და სიღრიბის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე შიდსის საკითხს. პრეზიდენტი ბუში შეხვედრის სხვა მონაწილეებს წარუდგენს შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის 15-მილიარდიან პროგრამას. საფრანგეთში შეკრებილი პოლიტიკოსები იმსჯელებენ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებზე, ასევე ტერორიზმთან ბრძოლაზე.
XS
SM
MD
LG