Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მშობლიურ სანკტ-პეტერბურგს 300 წელი შეუსრულდა, და როგორც გაზეთები აღნიშნავენ, "ჩრდილოეთის დედაქალაქში"

ამ გრანდიოზულ ზეიმზე პუტინის მიერ მიწვეულმა მსოფლიოს ლიდერებმა არ უნდა დაივიწყონ თავიანთი მასპინძლის ბნელი წარსული. სტატიაში, რომელიც გაზეთმა" ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნმა" გამოაქვეყნა, ნიუ-იორკში დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის, "ჰიუმენ რაიტს უოჩის" ერთ-ერთი ლიდერი დიდერიკ ლოჰმენი წერს:

"1999 წელს, რუსეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა პუტინმა ჯარი გააგზავნა ჩეჩნეთში, რათა, ოფიციალური ვერსიის თანახმად, მშვიდობა და წესრიგი დაემყარებინა კავკასიის ამ მშფოთვარე რესპუბლიკაში. მაგრამ ფედერალური ჯარის ბარბაროსობამ მეტი იმპულსი მისცა ჩეჩენი ხალხის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას. ოთხმა წელმა განვლო მას შემდეგ, მაგრამ ჩეჩნეთში პარტიზანული ომი გრძელდება დღემდე მეამბოხეებსა და ფედერალურ ჯარს შორის, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება უმეტესწილად. ასობით მშვიდობიანი მოსახლე, ვინც რუსმა ჯარისკაცებმა დაატყვევეს განვლილი სამი წლის მანძილზე, უგზო-უკვლოდ დაიკარგა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში მათი დასახიჩრებული გვამებიც ნახეს. იანვრიდან მოყოლებული, ყოველთვიურად ჩეჩნეთში 60-ზე მეტი ადამიანი იკარგება. მაგრამ პუტინი უარყოფს მისი ჯარის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას და აცხადებს, რომ ჩეჩნეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია ვაშინგტონის ინიციატივით დაწყებული ანტიტერორისტული ომის კონტექსტში უნდა იქნეს განხილული. არავის სურს ზეიმის ჩაშლა, მაგრამ სანკტ-პეტერბურგში ჩასულმა ლიდერებმა თვალი უნდა გაუსწორონ რეალობას და აღიარონ, რომ ფედერალური ჯარი ბარბაროსობას სჩადის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩეჩნეთში".

სანკტ-პეტერბურგში ჩასული პრეზიდენტი ბუში, წერს გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი", აღფრთოვანებული დარჩება ქალაქის მოკრიალებული ქუჩებითა და ცოცხალი ფერებით, მაგრამ ვერ დაინახავს თუნდაც ერთ უსახლკაროს, ვინაიდან ქალაქის დაარსების სამასი წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით, უსახლკაროები მოაშორეს სანკტ-პეტერბურგის ქუჩებს, მაცხოვრებლებს ურჩევდნენ, დროებით დაეტოვებინათ ქალაქი; ზოგიერთი შენობა, რომელთა რესტავრაცია ვერ მოესწრო, ვეებერთელა პლაკატებითაა გადაფარული. აეროპორტიდან ქალაქში მიმავალი გზის გასწვრივ ღობე ააშენეს, რათა მაღალმა სახეებმა ვერ დაინახონ სიღატაკე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პოტიომკინის სოფლების ტრადიცია გრძელდება, და არა მარტო პეტერბურგში. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"თეთი სახლის ადმინისტრაციამ ამ ბოლო დროს წამოაყენა წინადადება, რომ გასულ წელთან შედარებით სამჯერ და უფრო მეტადაც შეუმცირდეს რუსეთს მიმდინარე წელს დახმარება, რასაც ალბათ იმ პროგრამების გაუქმება მოჰყვება, ყველაზე მეტად რომ ესაჭიროება დღეს რუსეთს. იგულისხმება დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამები. სახელმწიფო დეპარტამენტმა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ საბიუჯეტო კომიტეტს აცნობეს, რომ დროა მოემატოს რუსეთს სტატუსი, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ იქ, უკვე დამკვიდრდა დემოკრატია. სინამდვილეში, მართალია რუსეთი, გაცილებით უფრო ღია საზოგადოებას წარმოადგენს დღეს, ვიდრე უწინ, თუმცა მასმედიის მრავალი საშუალება, იქ, კვლავაც ხელისუფლების კონტროლქვეშაა, სასამართლო სისტემა კორუმპირებულია, ხოლო პრეზიდენტის ოპონენტებს სულ უფრო უძნელდებათ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმა."

"სანკტ-პუტინბურგი" - ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია გაზეთ "ქრისჩიენ საიანს მონიტორში". სტატიაში ვკითხულობთ:

"50 ქვეყნის ლიდერი ჩავიდა 300 წლისთავის აღსანიშნავ ზეიმზე სანკტ-პეტერბურგში, ამ ლამაზსა და ტრაგიკულ ქალაქში, რომელიც სიმბოლოა იმ პოლიტიკური ვითარებისა, "ჩრდილოეთის დედაქალაქში" დაბადებული რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რომ იმყოფება. პეტერბურგის ახალშეღებილი და მოელვარე ფასადების მიღმა ჩამონგრეული კომუნალური სახლები, გაჩანაგებული ეკონომიკა და კორუფცია იმალება. ურყევი პრეზიდენტ პუტინის მიღმა იმალება ადამიანი, რომელიც ყოველნაირად ცდილობს საკუთარ კონტროლქვეშ მოაქციოს ვითარება იმ დროს, როცა სხვადასხვა ძალების, რეფორმატორების, რეგიონების ურჩი ლიდერებისა თუ ოლიგარქების ინტერესებია დაპირისპირებული."

როგორც საფრანგეთის გაზეთი "ლიბერასიონი" შენიშნავს, პეტერბურგის სამიტი თავის მნიშვნელოვან დიპლომატიურ წარმატებად უნდა მიიჩნიოს პრეზიდენტმა პუტინმა, ვინაიდან მას, მსოფლიოს ლიდერები ესტუმრნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები.
XS
SM
MD
LG