Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დსთ-ს არაფორმალური სამიტის შედეგი უცნობია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი შაბათ საღამოს პრეზიდენტი შევარდნაძე პეტერბურგიდან თბილისში ბრუნდება. ამ დღეებში ნევისპირა ქალაქისადმი მიპყრობილი განსაკუთრებული ყურადღების მიუხედავად, უცნობია,

თუ რა შედეგი მოჰყვა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს პეტერბურგში, რომელიც შაბათს 40 ქვეყნის პრეზიდენტს მასპინძლობდა. უფრო კონკრეტულად, გაუგებარია, მიიღო თუ არა რაიმე გადაწყვეტილება დსთ-ს პრეზიდენტების არაფორმალურმა შეხვედრამ, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა დსთ-ს წევრი სახელმწიფოს ყველა პირველი პირი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის გარდა.

წელს, მარტში, სოჭში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი აცხადებდა, რომ რუსეთ-საქართველოს არცთუ იოლ ურთიერთობებში ახალი იმპულსი გაჩნდა. თუმცა უკვე მაისში პრეზიდენტი შევარდნაძე ჭოჭმანობდა, გამგზავრებულიყო თუ არა პეტერბურგის 300 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ასეთი დილემის წინაშე იგი მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც გახმაურდა ცნობა პეტერბურგში სოხუმის ხელისუფლების დელეგაციის ყოფნის თაობაზე. თუმცა ეს "ინციდენტი", რუსული მხარის მონდომებით, მალე ამოიწურა: სოხუმის ხელისუფლება სასწრაფოდ პეტერბურგიდან გამოემგზავრა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ სოხუმის ხელისუფლების დელეგაცია პეტერბურგის სამასი წლისთავის იუბილეზე ოფიციალურად არ ყოფილა მიწვეული და რომ მოწვევა სოხუმის ხელისუფლებას რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციამ გაუგზავნა....გულახდილად რომ ითქვას, ეს ვერსია მაინცდამაინც დამაჯერებლად არ გამოიყურება, რადგან საეჭვოა, პეტერბურგში ჩასასვლელად საკმარისი იყოს არასამთავრობო ორგანიზაციის მიწვევა იმ დღეებში, როცა ქალაქს 40 ქვეყნის პრეზიდენტი სტუმრობს. თუმცა ქართული მხარისთვის ეს ახსნა-განმარტება დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა და პრეზიდენტი შევარდნაძე პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც, სხვა არაერთი ღონისძიების გარდა, მონაწილეობა მიიღო დსთ-ს წევრი სახელმწიფოების არაფორმალურ შეხვედრაში. წინასწარი ცნობებით, სწორედ ამ სამიტზე უნდა განხილულიყო რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების სოჭის შეხვედრისას მიღებული გადაწყვეტილება, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მყოფ რუსეთის სამშვიდობო ნაწილებს მანდატი ავტომატურ პირობებში გაუგრძელდეთ მანამ, სანამ ცისფერჩაფხუტიანების გაყვანას კონფლიქტში მონაწილე რომელიმე მხარე არ მოითხოვს. პეტერბურგიდან მოსული ინფორმაციით, ეს საკითხი იქ არ განხილულა, რადგა ქართულმა მხარემ ვერ მოასწრო აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება. რაც შეეხება შეხვედრებს, თავიდანვე ნათელი იყო, რომ მასპინძლის ამპლუაში მყოფი ვლადიმირ პუტინი ვერ შეძლებდა "მახლობელი საზღვარგარეთიდან" ჩასულ პრეზიდენტებთან ერთი ერთზე შეხვედრას. სამაგიეროდ, თბილისში ვარაუდობდნენ, რომ შესაძლებელი იქნებოდა პეტერბურგში ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების ხანმოკლე შეხვედრის ორგანიზება. როგორც ჩანს, ეს ვერ მოხერხდა. ოფიციალური ცნობებით, პეტერბურგში პრეზიდენტი შევარდნაძე პირისპირ მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს შეხვდა.
სამაგიეროდ, პრეზიდენტებმა ერთად გაისეირნეს ნევის პროსპექტზე, რაც, ალბათ, მეტად სასიამოვნო იქნებოდა. გაცილებით სასიამოვნო, ვიდრე 31 მაისს თბილისში მომხდარი ინციდენტი - მეხუთე საპყრობილიდან პატიმრების გაცქევას ვგულისხმობ. ჯერჯერობით დანამდვილებით ცნობილი არ არის გაქცეულთა ზუსტი რაოდენობა. დაუზუსტებელი ცნობებით კი, სეირნობისას დამცავი კედლის განგრევის მეშვეობით, ციხიდან 15-მდე პატიმარი გაიქცა. შესაბამისად, შაბათს თბილისში დაბრუნებულ პრეზიდენტს ქალაქში პოლიციის რეიდები დახვდება, თუკი გაქცეულები მანამდე არ დააკავეს.
XS
SM
MD
LG