Accessibility links

logo-print

1 ივნისიდან საქართველო ადვოკატის ინსტიტუტის გარეშე რჩება


ადვოკატურის შესახებ კანონის მიხედვით, ადვოკატის სტატუსის სურვილის მქონე პირს 2003 წლის 1 ივნისამდე სპეციალური გამოცდა უნდა ჩაებარებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქმედი ადვოკატიც კი

დაკავებული თუ დაზარალებული მოქალაქის დაცვის უფლებას კარგავს. საქართველოს სახელმწიფო მმართველობითი სტრუქტურების წყალობით, ვერ მოხერხდა გამოცდების ორგანიზება და ეს პრობლემა პარლამენტის საგანგებო სესიის დღის წესრიგის მიღმაც დარჩა. შესაბამისად, 1 ივნისის შემდეგ საქართველოში ადვოკატები აღარ იარსებებენ და ადამიანის უფლებების დაცვაც თითქმის შეუძლებელი გახდება.

[დავით ხაჟალიას ხმა] „შეიძლება ორშაბათ დილით რომელიმე ჩვენგანი ან ჩვენი ახლობელი გამოვიდეს სახლიდან, პოლიციამ დააკავოს ის, წაიყვანოს პოლიციაში და არავითარი უფლებამოსილება ჩვენ აღარ გაგვაჩნია და არც არავის საქართველოში, რომ მივიდეს და, ელემენტარულად, განახორციელოს უფლების დაცვა."

ასეთ შეშფოთებას გამოთქვამს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრი დავით ხაჟალია. შეშფოთების საფუძველს კი ის სამართლებრივი ვაკუუმი იძლევა, რომელიც 1 ივნისის შემდეგ გაჩნდება.

დაინტერესებული საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე იყო ცხადი, რომ საქართველოს ხელისუფლების უუნარობის გამო ადვოკატთა გამოცდების ჩატარება სერიოზულ პრობლემებს წააწყდებოდა. სწორედ ამიტომ საქართველოს პარლამენტში მომზადდა კანონპროექტები, რომლებიც გამოცდების ვადის 2 ან 3 წლით გადაწევას ითვალისწინებს. თუმცა ბოლო თვეების მანძილზე კვორუმის უქონლობის გამო ქმედობაუუნარო საკანონმდებლო ორგანომ ამ ელემენტარული კანონშემოქმედებითი ფუნქციის შესრულებაც ვერ შეძლო. საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაქარია ქუცნაშვილი გასული კვირის საპარლამენტო სხდომაზე კანონპროექტის ჩავარდნას ოპოზიციურ ფრაქციებს აბრალებს:

[ქუცნაშვილის ხმა] „79 კაცზე მეტი დარბაზში იჯდა, 117 ფიქსირდებოდა. ამათ რომ დატოვეს დარბაზი, ფაქტობრივად, ჩაიშალა სხდომა და ადვოკატურის შესახებ კანონზე კენჭისყრა არ ჩატარებულა. და ეს სტენოგრამაში დაფიქსირებულია. ვთხოვდი, რომ ჩაგვეტარებინა კენჭისყრა: 1 ივნისს ვადა იწურება, შეიქმნება ვაკუუმი და რამდენიმე დღე სათუო ხდება დაცვის ქვეშ მყოფ პირთა საკითხი."

ზაქარია ქუცნაშვილს იმედი აქვს, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგ სესიაზე, რომელიც 3 ივნისს გაიმართება, ადვოკატურის კანონში ცვლილებების შეტანა მოხერხდება. ამის შემდეგ კანონი, სავარაუდოდ, 4 ივნისს ამოქმედდება, მანამდე კი საქართველოში ადვოკატურის ინსტიტუტი არ იარსებებს. ამ მდგომარეობით შეშფოთებულ იურისტებსა და ადამიანის ულებათა დამცველებს ხელისუფლებიდან აიმედებენ, რომ სასამართლო პროცესებს რამდენიმე დღით გადადებენ, თუმცა ეს სულაც არ არის საკმარისი. ადვოკატ ეკა ბესელიას განცხადებით:
[ბესელიას ხმა] „ეს არის აბსოლუტური სიყალბე, იმიტომ რომ არის კატეგორია საქმეების, აღმკვეთი ღონისძიების საკითხები იხილება, როდესაც წუთებით და წამებით განისაზღვრება პატიმრობის ვადები. ამ საქმეებს არავინ არ გადაავადებს. 72 საათიან ვადებზეა ლაპარაკი წინასწარი დაკავების საკანში, სადაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ადვოკატის მონაწილეობა. მოხდება ამ საქმეების განხილვა და ადამიანთა საპატიმრო საკითხების გადაწყვეტა ადვოკატის გარეშე."

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი ლიდერის თინათინ ხიდაშელის აზრით, ადვოკატის ინსტიტუტის დროებითი შეჩერებით ვერც პროკურატურა და ვერც ხელისუფლების სხვა სტრუქტურები ვერ იხეირებენ, ეს ვაკუუმი მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებში შედის.
[ხიდაშელის ხმა] „30 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც, აი, ამ წლების განმავლობაში წარმოებული ბრძოლა ადამიანის დაკავებისთანავე ადვოკატის უფლებისათვის მოგებული იქნა და კონსტიტუციის მუხლი ამოქმედდა. და დღეს ეს არის რაღაც ანგარიშსწორება და პასუხის გაცემა ამაზე. გვეუბნებიან, რომ არათუ წინასწარი დაკავებისას, არამედ საერთოდ აღარ ექნებათ ამ ადამიანებს ადვოკატით სარგებლობის უფლება."

ასეთმა ვითარებამ, ქვეყნის შიგნით სამართლებრივი კრიზისის გარდა, სრულებით შესაძლებელია, საერთაშორისო ურთიერთობების გართულებაც გამოიწვიოს. საქართველოშო ადამიანის უფლებათა დაცვის დაბალი ხარისხის გამო ქვეყნის ხელისუფლებას არაერთხელ დაუმსახურებია ევროპული სტრუქტურებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მკაცრი კრიტიკა.
XS
SM
MD
LG