Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირაში ქართულმა პრესამ არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას და საკითხს დაუთმო


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გასულ კვირაში ქართულმა პრესამ არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას და საკითხს დაუთმო ყურადღება - დამოუკიდებლობის დღესასწაულით დაწყებული და საპარლამენტო პერიპეტიებით დამთავრებული.


სათაურით "საქართველოს დამოუკიდებლობის დღე: დღესასწაულთა შორის უპირველესი", 28 მაისის გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" ბეჭდავს წერილს, სადაც ნათქვამია:


"26 მაისი - მთელი საქართველოსა და ყოველი ქართველისათვის საოცრად ძვირფასი დღესასწაული, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ, სხვა ოფიციალურმა პირებმა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მონახულებით დაიწყეს".


დამოუკიდებლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ბევრ სხვა ღონისძიებასთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანის შესახებ წერილში ვკითხულობთ:


"26 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მინისტრმა დავით თევზაძემ დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბში გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს-ტრენაჟორის პრეზენტაცია მოაწყვეს. პრეზენტაციას უცხოური გენერალიტეტი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ მაილსი დაესწრნენ.
აღნიშნული ხელსაწყო სამინისტრომ დაახლოებით ერთი თვის წინათ ბულგარეთში შეიძინა და მასში 100 ათასამდე დოლარი გადაიხადა. საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ბრძოლის სწავლების სიმულატორს წარმოადგენს და ოფიცრებს გამოუმუშავებს დამიზნებისა და სროლის უნარ-ჩვევებს. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში ისინი შეძლებენ მიზანში ზუსტად ამოიღონ და ჩამოაგდონ დამრღვევი ობიექტი".
"საქართველოს პრეზიდენტმა და ქვეყნის მთავარსარდალმა ედუარდ შევარდნაძემ მაღალი შეფასება მისცა გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს და მასთან დაკავშირებულ წვრთნებს: "რაც ვნახე, შთამბეჭდავია და იმედს მაძლევს, რომ ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები, საჭიროების დროს, სამშობლოს დავალებას შეასრულებენ".


29 მაისის გაზეთ "24 საათის" თქმით, "ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დარგი - ენერგეტიკა, ფაქტობრივად, მთლიანად რუსეთის გავლენის სფეროში ექცევა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტი პირადად შეხვდა "გაზპრომის" მმართველობის საბჭოს თავმჯდომარეს ალეკსეი მილერს და გაზის რუსული გიგანტის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის თაობაზე ესაუბრა".
გაზეთი წერს:


"…პრეზიდენტისაგან გამოსული ალეკსეი მილერი საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციისა და "გაზპრომის" მიერ ერთობლივი საწარმოს შექმნის თაობაზე საკმაოდ თავდაჯერებული საუბრობდა. მისი თქმით, ეს საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და შეთანხმებას "უახლოეს თვეში" (სავარაუდოდ, უკვე ივნისში) მოეწერება ხელი.
შეთანხმების მიხედვით, "გაზპრომი" აიღებს ვალდებულებას, განახორციელოს საშუალოვადიანი ინვესტიცია და აღადგინოს საქართველოს მაგისტრალური გაზსადენები, რომლებიც საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციამ ერთობლივი საწარმოს საწესდებო კაპიტალში თავის წილად უნდა ჩადოს. მილერი საქართველოსთან "ხანგრძლივ თანამშრომლობას" გეგმავს.
მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გახდება საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების მფლობელი, გაზის რუსულ გიგანტს გზა ხსნილი ექნება როგორც საქართველოს, ასევე აღმოსავლეთ თურქეთის ენერგობაზრისკენ. ამდენად, მისი დაინტერესება საქართველოთი არის იმ საერთო სტრატეგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელსაც მსოფლიოში გაზის უდიდესი კომპანია ამ ბოლო დროს მისდევს".


"24 საათის" მიხედვით, "უკვე კარგად ჩანს, რომ საქართველომ ენერგეტიკულ პოლიტიკაში დასავლური ორიენტაცია მკვეთრად შეიცვალა და საერთო ენის ძებნა რუსეთთან დაიწყო".
გაზეთის თქმით:


"ამ პოლიტიკის შედეგად, საქართველო, შეიძლება ითქვას, საბოლოოდ მოექცევა რუსეთის გავლენის სფეროში: გაზის მოწოდების საკითხში საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება 2006 წლამდე, ანუ მანამ არ შეიცვლება, სანამ ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი არ ამოქმედდება და აზერბაიჯანული გაზის, თურქეთის გავლით, ევროპისთვის მიწოდება არ დაიწყება. "გაზპრომის" საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების მეწილედ შემოსვლა კი ნიშნავს, რომ ამ პერიოდამდე კავკასია მთლიანად გაზის მოწოდების მხოლოდ რუსულ წყაროზე იქნება დამოკიდებული".


30 მაისის გაზეთი "ხვალინდელი დღე" წერს, რომ "ქრისტიანულ-დემოკრატიულმა პარტიამ არძინბას ხელისუფლების დასჯის ახალ გზას მიაგნო: უნდა შეიქმნას საერთაშორისო ტრიბუნალი, რისთვისაც გაეროს სანქციაა აუცილებელი. შესაბამისი მოთხოვნით გაეროს უნდა მიმართოს ჰააგის სასამართლომ. დასკვნას ტრიბუნალის შექმნასთან დაკავშირებით ევროსაბჭოც გასცემს. ქრისტიან-კონსერვატორები ამ საკითხის თაობაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან პასუხს ელიან".
გაზეთი წერს:

"ქრისტიანულ-კონსერვატორების იდეა ჰააგის ტრიბუნალის შესახებ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სამუშაო გეგმა-პროექტის შემადგენელი ნაწილია. თავდაპირველად მას პოლიტოლოგთა დიდი სკეპტიციზმი და წინააღმდეგობა შეხვდა. ექსპერტები, რომლებიც ამჟამად რომის სტატუტის მხარდაჭერით გამოდიან, იდეას დიდ შეცდომად მიიჩნევდნენ. ამჟამად ჰააგის სასამართლოს პერსპექტივებს სახელისუფლებო სტრუქტურებიც თანაუგრძნობენ. კერძოდ, განსაკუთრებულ საქმეთა და თავდაცვის მინისტრები მას მხარს ცალსახად უჭერენ. აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმა-პროექტმა გაეროს წარმომადგენლობისა და აშშ-ის ელჩის მოწონებაც დაიმსახურა.
პარტიაში ამბობენ, რომ თუკი ევროსაბჭო მიიღებს დადგენილებას, აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით საერთაშორისო ტრიბუნალი შეიქმნას, მას რუსეთი ვეტოს ვეღარ დაადებს. რუსეთი უძლური იქნება, იდეა დაბლოკოს, თუკი ის კონფლიქტის მონაწილე მხარედ აღიარეს".


პეტერბურგის 300 წლისთავთან დაკავშირებით 31 მაისის გაზეთი "24 საათი" წერს, რომ "რუსეთის ჩრდილოეთის დედაქალაქში 30 მაისს დსთ-ის პრეზიდენტების სამიტი დაიწყო. პრეზიდენტები ევროპის ყველაზე ფეშენებელური საზღვაო ლაინერის ბორტზე შეიკრიბნენ".
გაზეთი გვამცნობს, რომ რუსეთში საქართველოს ელჩის ზურაბ აბაშიძის თქმით:


"საქართველოს პრეზიდენტი ერთი ერთზე მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტს რობერტ კოჩარიანს ხვდებოდა. ამ შეხვედრას ჩვენ არ დავსწრებივართ. ალბათ, იქ საუბარი თბილისში კოჩარიანის ვიზიტზე იყო".
"რაც შეეხება საქართველო-რუსეთ-სომხეთის ურთიერთობის ყველაზე აქტუალურ თემას - სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას - ეს საკითხი მრავალ კითხვას ბადებს. მოგვიანებით გაირკვა, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ და კოჩარიანმა თბილისში სომხეთის პრეზიდენტის მოსალოდნელ ვიზიტზე ისაუბრეს და რომ რკინიგზის საკითხი საერთოდ არ განხილულა".


ახლა კი საპარლამენტო ცხოვრების შესახებ გესაუბრებით.
პრესაში დაახლოებით ერთნაირად შეფასდა ვითარება, რომელიც საგანგებო სხდომის ჩატარებამდე სუფევდა. მაგალითად, 30 მაისის "მთავარი გაზეთი" წერს:


"თუ ხელისუფლება ცესკო-ს დაკომპლექტების თაობაზე დათმობაზე არ წავიდა, ოპოზიცია ივნისის დასაწყისში გრანდიოზული საპროტესტო აქციებით იმუქრება. როგორც ჩანს, ოპოზიციას მოუწევს მუქარის შესრულება, რადგან პარლამენტში კონსულტანციები საარჩევნო კოდექსის შესახებ ჯერჯერობით უშედეგოა".


31 მაისის გაზეთი "რეზონანსი" კი აღნიშნავს, რომ "პარლამენტში დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია. გუშინ პარლამენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის შემუშავების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა".
გაზეთის თქმით:


"იმის გამო, რომ საკანონმდებლო ორგანომ კენჭისყრის შედეგად ცესკოს არსებული შემადგენლობა არ გააუქმა, ოპოზიციამ დარბაზი დატოვა და ქუჩის აქციებით დაიმუქრა. პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი აქციის გამართვის ზუსტ თარიღს "ნაციონალები", "დემოკრატები", "ახლები" და "ტრადიციონალისტები" ჯერჯერობით ვერ ასახელებენ.
მიუხედავად ხანგრძლივი კონსულტაციებისა, ოპოზიციამ და სახელისუფლებო ფრაქციებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს". "საღამოს 6 საათზე, რიგგარეშე სხდომის გახსნისთანავე, "დემოკრატების" ლიდერმა გიორგი ბარამიძემ არსებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობის გაუქმება მოითხოვა. მის მოთხოვნას სხვა ოპოზიციური ფრაქციები, მათ შორის, "მრეწველებიც" შეუერთდნენ".
ოპოზიციური ფრაქციების მოთხოვნის საპასუხოდ, სახელისუფლებო ფრაქციებმა ალტერნატიული ვარიანტი წარმოადგინეს. მათი განცხადებით, არსებული ცესკოს შემადგენლობის გაუქმებასთან ერთად, ავტომატურად უნდა მიღებულიყო ახალი წესი, რომელიც ოპოზიციას ცესკოში უმრავლესობას სთავაზობდა. ამ წინადადებას პარლამენტარები არ დაეთანხმნენ".
"ამ მოდელთან დაკავშირებით ოპოზიციის უარყოფითი განწყობა ერთმა მუხლმა გამოიწვია. მასში აღნიშნულია, რომ იმ პარტიებს, რომლებიც ბლოკში გაერთიანდებიან, მხოლოდ ერთი წარმომადგენლის დანიშვნის უფლება მიენიჭებათ. ოპოზიციამ, რომელიც, როგორც ჩანს, საარჩევნოდ ერთ ბლოკში გაერთიანებას, მართლაც, ფიქრობს, აღნიშნული წინადადება გააპროტესტა".
XS
SM
MD
LG