Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეათე სტუდია


ბიძინა რამიშვილი: ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 489-ე გამოშვებას.

დღეს გესაუბრებით იმაზე, თუ რას ნიშნავს, იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე; კვლავ გესაუბრებით ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ; შემოგთავაზებთ სიუჟეტს ევერესტის დაპყრობის 50 წლისთავთან დაკავშირებით; პროგრამას დავასრულებთ საუბრით შვეციაში ქართული სათვისტომოს წევრებთან საუბრით.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


რას ნიშნავს, იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

ბიძინა რამიშვილი:
ბოლო რამდენიმე თვეა, ქართულ პოლიტიკაში ყველაზე "ცხელ" პრობლემად ისევ და ისევ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებული საკითხები რჩება. რა პრინციპით უნდა დაკომპლექტდეს ეს ორგანო, რომ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი? უნდა არსებობდეს თუ არა სისხლის სამართლის სასჯელი არჩევნების გაყალბებისთვის? ვის უნდა დაეკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა არჩევნების გაყალბების მცდელობაზე? - იმედია, ამ კითხვებს პასუხი მომავალ კვირას პარლამენტის სესიაზე გაეცემა. დღეს კი შევეცდები ვუპასუხო კითხვას: რას ნიშნავს, იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე? ამ თემაზე მასალა თამარ ჩიქოვანმა მოამზადა.

[ჯუმბერ ლომინაძის ხმა] "როდესაც ვუყურებ განვლილ პერიოდს, რაღაცნაირად ანალიზს ვაკეთებ. ცხადია, ბევრი რამ ვნახე. ბევრი რამეც გავიგე. ბევრი ცუდიც დავინახე. ჩემს ცხოვრებაში ეს გარკვეული ეტაპი იყო. ფაქტიურად, ექვსი წელიწადია, ვარ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე."

თამარ ჩიქოვანი:
ეს ჯუმბერ ლომინაძე გახლავთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი, 180-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ამერიკის ფიზიკური და საერთაშორისო ასტრონომიული საზოგადოებების წევრი, რომლისთვისაც სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ამ 6 წლის წინ პრეზიდენტ შევარდნაძის შეთავაზება, სათავეში ჩასდგომოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. საინტერესოა, რატომ დასთანხმდა აკადემიკოსი ამ შეთავაზებას. ჯუმბერ ლომინაძის განმარტებით:

[ჯუმბერ ლომინაძის ხმა] " მაგალითი! მაგალითი არის გადამწყვეტი. - ჩემზე იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ 90-იან წლებში საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი თავმჯდომარე იყო აკადემიკოსი ირაკლი ჟორდანია. შემდეგ იყო მერაბ ალექსიძე, შესანიშნავი მეცნიერი. და ჩემ წინ თავმჯდომარე იყო ვანო კიღურაძე, ჩემი მეგობარი, შესანიშნავი მეცნიერი და პიროვნება. და ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა, მით უმეტეს, დამპირდნენ, რომ ხელი არ შემეშლებოდა სამეცნიერო საქმიანობაში - მე მაშინ ვიყავი აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორი."

პოლიტიკისა და მეცნიერების შეთავსების ამ ცდის შედეგი ის გახლავთ, რომ ჯუმბერ ლომინაძე საბოლოოდ დარწმუნდა ჯერ კიდევ ბავშვობაში გაგონილი მოსაზრების ჭეშმარიტებაში - რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, მაგრამ რომ არსებობენ ღირსეული პოლიტიკოსები. მისი იდეალი პოლიტიკაში სერ უინსტონ ჩერჩილია, პოლიტიკოსი, რომელიც ერთნაირად ღირსებით აღსავსე იყო როგორც გამარჯვების, ისე დამარცხებისას. არ ესმის პოლიტიკოსების, რომლებიც პრინციპებზე უარს ამბობენ, რადგან დარწმუნებულია, რომ სტრატეგია არ შეიძლება შეიცვალოს. შეიძლება შეიცვალოს ტაქტიკა. ამავე დროს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თვმჯდომარეობისას კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ პოლიტიკა კომპრომისის ხელოვნებაა. მისი მეგობრები კი ამ ექვსი წლის მანძილზე, სიბრალულთან ერთად, გაკვირვებას ვერ მალავენ ჯუმბერ ლომინაძის ამტანობით. მიუხედავად იმ დამსახურებული და, უფრო მეტად, დაუმსახურებელი ბრალდებებისა პირადად მის მიმართ, იგი ამბობს:

[ჯუმბერ ლომინაძის ხმა] " მე, რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ერთის თქმა შემიძლია ძალიან დაბეჯითებით და უკან დახევის გარეშე: მე რომ არ ვყოფილიყავი, გაცილებით უარესი იქნებოდა."

მაინც, რატომ ვერ ხერხდება საქართველოში გაუყალბებელი არჩევნების ჩატარება? ჯუმბერ ლომინაძის განმარტებით, არჩევნები - ეს ურთულესი პროცესია, რომელიც არც ერთ დღეში იწყება და არც ერთ დღეში მთავრდება. როგორც წესი, საარჩევნო კანონს პარლამენტი არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე იღებს, რაც ართულებს საუბნო და საოლქო კომისიების წევრების დანიშვნას. მუდმივი პრობლემაა დაფინანსების საკითხი - არადა, არჩევნები საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. პრობლემაა ამომრჩევლის სიები და ა.შ. და ა.შ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წილ პასუხისმგებლობას თავმჯდომარე არ უარყოფს, მაგრამ აცხადებს:

[ჯუმბერ ლომინაძის ხმა] " თვითონ პარტიის წარმომადგენლებიც არიან დამნაშავე გაყალბებაში. დასამალი ხომ არ არის: პარტია, რომელიც მოწადინებულია მეტი ხმა მიიღოს, ყველაფერს აკეთებს - იქ მოსყიდვაც არის, კანონის მიღმა მდებარე საშუალებების გამოყენებაც. ასე რომ, როდესაც საარჩევნო კომისიას ადანაშაულებენ და საუბნო და საოლქოებს, მათაც აქვთ პასუხისმგებლობა ასაღები. და ერთმა დეპუტატმა თქვა: თვითონ, ვინც ყველაზე მეტს ყვირის და აქეთ გვიკიჟინებს, თვითონ გააფუჭეს ეს ხალხი."[სტილი დაცულია]

ამჟამად კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით. მას თავისი გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს:

[ჯუმბერ ლომინაძის ხმა] " მე ვუცდი, რომ ახალი ადმინისტრაცია მოვა და ცივილიზებულად გადავცემთ ჩვენს უფლებამოსილებას. მაგრამ თუ ეს არ მოხდა და დარჩა ძველი კომისია, მე აღარ დავრჩები. ერთი სიტყვით, ნოემბრის არჩევნებში მე მონაწილეობას ვერ, უფრო ზუსტად, არ მივიღებ".

ერთი დაზუსტება: ჯუმბერ ლომინაძე ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თვმჯდომარე, თორემ რიგითი ამომრჩევლის უფლების გამოყენებაზე უარის თქმას იგი, ბუნებრივია, არ აპირებს.

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგებაზე კვლავ მხოლოდ ექპერტები ზრუნავენ

ბიძინა რამიშვილი:
მარტის დასაწყისში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტის სოჭის შეხვედრაზე გამოთქმული სამშვიდობო ინიციატივები ჯერჯერობით ამაოდ ელოდება ცხოვრებაში გატარებას. მაგრამ ეს უმოქმედობა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კონფლიქტის უსაფრთხოების ზონაში რამდენიმე ძალადობის ფაქტი მომხდარიყო. მიუხედავად კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების პროცესის სტაგნაციისა, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც მრავლად არიან ექსპერტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჯერ კიდევ არ ამოწურულა კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი გზები და რომ, უბრალოდ, საჭიროა ამის უფრო ენერგიულად შეხსენება ხელისუფლებისთვის. ეს ექსპერტები 28-29 მაისს თბილისში, საერთაშორისო სემინარზე, შეიკრიბნენ და ერთმანეთს კონფლიქტის მოწესრიგების ახალ მოდელებსა და მათი ადაპტაციის პერსპექტივებს უზიარებდნენ. მოუსინეთ კობა ლიკლიკაძეს.

ბიძინა რამიშვილი:
რაც უფრო მეტად შორდება ერთმანეთს კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისისა და სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლების პოზიციები (შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს აფხაზეთის სტატუსის გარკვევას ერთიანი საქართველოს ფარგლებში, სეპარატისტული სოხუმი კი დე-ფაქტო არსებული სტატუსის ყოველგვარი რევიზიის წინააღმდეგია), მით უფრო თვალშისაცემად ფართოვდება იმ ექსპერტების წრე, რომლებიც ცდილობენ ზემოქმედება მოახდინონ კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესზე.

ამ თვალსაზრისით, მაისის ბოლოს თბილისში გამართული ორდღიანი საერთშორისო სემინარი, მართლაც, უპრეცედენტო იყო. მხოლოდ მის ორგანიზებაში ექვსმა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციამ მიღო მონაწილეობა, მათ შორის, როგორც დღის წესრიგში იყო მითითებული, ფლამანდიის ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის დეპარტამენტმაც. როგორც ყოველთვის, აფხაზეთის პრობლემატიკის განხილვაში თავისი წვლილი შეიტანა ბრიტანულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ "შერიგების რესურსები", რომელიც, ქართველი და აფხაზი არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ მედიის წარმომადგენლების შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციაა. ამ წარმატების მიზეზი მეტად მარტივი ასახსნელია: ჯერ ერთი, ორგანიზაცია აბსოლუტურად თავისუფალია ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოებისგან და, მეორე, მისი წევრები კი არ უკიჟინებენ ვინმეს, თუ რა ცუდია კონფლიქტი, არამედ გრანტებით მიღებული და შემოწირული თანხებით სხვადასხვა ქართულ-აფხაზური ფოკუს ჯგუფები ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩაჰყავთ და იქ მოკონფლიქტე მხარეთა წარმომადგენლებს ოლსტერის კონფლიქტის მაგალითზე აჩვენებენ, რომ ურთიერთმისაღები პრინციპების შემუშავება ყველაზე ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი დაპირისპირების შემდეგაც კი შესაძლებელია.

თუმცა, როგორც ჩვენთან საუბარში განაცხადა ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების" წარმომადგენელმა ჯონათან კოენმა, ასეთი შეხვედრები კარგი საშუალებაა მხარეთა შორის ურთიერთობის აღსადგენად, მაგრამ სულაც არ არის საკმარისი მხარეთა შორის ნდობის აღსადგენად, რის გარეშეც შეუძლებელია კონფლიქტის მოგვარება.

[ჯონათან კოენის ხმა] " ნდობა არ მოდის მხოლოდ შეხვედრებით და გაცნობის შედეგად, ნდობის რეალურად ადგენა შეუძლიათ პოლიტიკოსებს, რომლებსაც საზოგადოებაზე დიდი გავლენა აქვთ. სამწუხაროდ, ბევრი კონფლიქტი სწორედ მაშინ იწყება, როცა ადამიანები კარგავენ ერთმანეთის ნდობას, როცა ერთი მხარე ხედავს, რომ მეორე მისი ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას ღებულობს. ამიტომ შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს ნდობის აღდგენას. სამაგიეროდ, ნამდვილად ქმნის ატმოსფეროს, პოლიტიკურ კულტურას, რომელშიც ნდობის აღდგენა შესაძლებელია."

სამწუხაროდ, ოლსტერის შეხვედრებისგან განსხვავებით, თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო სემინარზე, რომელზეც აფხაზეთთან მიმართებაში განიხილებოდა საკითხთა ფართო წრე, ფისკალური საკითხებით დაწყებული და ლინგვისტური ავტონომიის პრობლემებით დამთავრებული, ვერ გახდა შესაძლებელი იმ ატმოსფეროს შექმნა, საიდანაც შეიძლება დაიწყოს ფიქრი ნდობის აღდგენაზე, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სემინარის მუშაობაში არ ღებულობდა მონაწილეობას სეპარატისტული აფხაზეთის მხარე, რომელმაც ამ სემინარში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. თუმცა, როგორც რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში ბრძანა აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ, საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს პრეზიდენტის მთავარმა სახელმწიფო მრჩეველმა, თავდაპირველად სემინარის გამართვა აფხაზეთშიც კი ყოფილა განზრახული.

[ლევან ალექსიძის ხმა] "ერთი შეხვედრა ჩავატარეთ, როგორც იქნა, გაეროს ეგიდით და ევროსაბჭოს ეგიდით, ბიჭვინთაში შარშანწინ თებერვალში და ასეთივე უნდა ჩატარებულიყო თბილისში, მაგრამ ჩაიშალა. იმიტომ რომ, რასაც ელოდენენ, ის ვერ მიიღეს. ევროსაბჭოს ექსპერტებმა ძალიან მკაცრი შეფასება მისცეს და ამიტომ არ მოდიან. ისინი არავითარი მოდელის განხილვაზე არ მოდიან. იმიტომ რომ ამბობენ, ჩვენი სტატუსი გარკვეულია; თუ უნდა საქართველოს, დადოს ხელშეკრულება დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან და მერე ვილაპარაკოთო."

თუმცა ასეთ მიდგომას არ ეთანხმება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ნამდვილი მიზეზი, რის გამოც აფხაზებმა უარი თქვეს სემინარში მონაწილეობაზე, ისაა, რომ მათი მოწვევა მხოლოდ ბოლო მომენტში გადაწყდა. ამასთან, ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ ქართველებისა და აფხაზების შერიგებას არაფერი ისე არ აფერხებს, როგორც ენგურის ორივე მხარეზე მყოფი პოლიტიკოსების ამბიციები. ხალხს შერიგების იმედი აქვს, ამბობს საქართველოს პარლამენტის წევრი აფხაზეთიდან, ადა მარშანია. რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში მარშანიამ განაცხადა, რომ, ამ მხრივ, ბევრი რამ კეთდება "სახალხო დიპლომატიის" კუთხით, რომელშიც სულ უფროი მეტი ქართველი და აფხაზი ერთვება, ოღონდ ყოველგვარი აფიშირებისა და ზედმეტი ხმაურის გარეშე.

კობა ლიკლიძაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


ევერესტის პირველად დაპყრობის 50 წლისთავი

2003 წლის 29 მაისს შესრულდა 50 წელი მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის, ევერესტის პირველი დაპყრობიდან. 1953 წელს ევერესტზე ავიდნენ ახალზელანდიელი ედმუნდ ჰილარი და ნეპალელი შერპი თენსინგ ნორგეი. "ჯომოლუნგმა: მე მადლობელი ვარ" - უთქვამს ნორგეის მწვერვალისათვის. მას შემდეგ ევერესტზე 1300-მდე ადამიანი ავიდა. დავით პაიჭაძე დღეს შეგახვედრებთ ერთ მათგანს, ირაკლი უგულავას, რომელმაც "მსოფლიოს სახურავს" 1999 წლის 26 მაისს, 25 წლის ასაკში მიაღწია. ის ევერესტთან დაკავშირებულ რამდენიმე პრობლემურ საკითხზე ილაპარაკებს.

იხ. აუდიოვერსია.


საუბარი შვეციაში ქართული სათვისტომოს წევრებთან

ბიძინა რამიშვილი:
სულ რამდენიმე დღის წინ, 26-ს მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა - თუ როგორ იზეიმეს ის საქართველოში, იმავე დღის არაერთ სიუჟეტში გიამბეთ. ამჯერად კი გვინდა მოგითხროთ ქართველთა ერთ სათვისტომოზე, რომლის წევრებსაც არც ამჯერად უღალატიათ ბოლო წლების ტრადიციისათვის: ისინი, შვეციაში მყოფი ქართველები, სათვისტომოს თავმჯდომარის, მარინა ცხონდიას სახლში შეიკრიბნენ ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად. დღეს ქალბატონი მარინა და ჩვენი კიდევ სამი თანამემამულე, სტუდენტები თამარ მათიაშვილი, სოფიო სახამბერიძე და მარიკა ბეჟაშვილი "მეათე სტუდიის" სტუმრები არიან. მათ სტოკჰოლმში ტელეფონით დაუკავშირდა მარიამ ჭიაურელი: თავდაპირველად დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მარინა ცხონდიას სთხოვა, მოეთხრო, რამდენმა კაცმა და როგორ აღნიშნა 26 მაისი სტოკჰოლმში.

იხ. უდიოვერსია.

ბიძინა რამიშვილი:
მეათე სტუდიის სტუმრები იყვნენ შვეციაში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე მარინა ცხონდია და სამი სტუდენტი - თამარ მათიაშვილი, სოფიო სახამბერიძე და მარიკა ბეჟაშვილი. მათ სტოკჰოლმში, ქალბატონი მარინას ბინაში ტელეფონით დაუკავშირდა მარიამ ჭიაურელი.


წამყვანი: თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.
XS
SM
MD
LG