Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მიმდინარეობს სამხედრო გაწვევა სამოქალაქო ხელისუფლების პასუხისმგებლობით


შეიარაღებულ ძალებში მოქალაქეთა

გაწვევის პრობლემის მოწესრიგება ნატოელმა ექსპერტებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგებში საქართველოს გაწევრიანების ერთ-ერთ მთავარ პირობად დაასახელეს. არადა, გასული წლის საშემოდგომო გაწვევა საქართველოში ყველაზე ცუდი მაჩვენებლით დასრულდა: სამხედრო ძალებმა გასაწვევი პირადი შემადგენლობის 50 პროცენტიც ვერ მიიღეს. ამ ფონზე გამოცხადდა საქართველოში 27 მაისს მორიგი სამხედრო გაწვევა, რომელსაც, პირველად დამოუკიდებელი ქვეყნის არსებობის მანძილზე, ადგილობრივი სამოქალაქო ხელისუფლების ორგანოები ჩაატარებენ. იმის დასადგენად, თუ როგორ მიმდინარეობს საგაზაფხულო გაწვევა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, თბილისის რამდენიმე გასაწვევი უბანი შემოვიარე.



საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, ქვეყნის ადგილობრივმა რაიონულმა სამხედრო განყოფილებებმა ორი თვის განმავლობაში საქართველოს სამხედრო ძალებში 19-და 27-წლამდე მამრობითი სქესის 7500 მოქალაქის გაწვევა უნდა უზრუნველყონ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი გაწვევის გეგმა, გასულ წლებთან შედარებით, რამდენადმე შემცირებულია, რაც საქართველოს სამხედრო ძალებში "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამისთვის დაქირავებულ კონტრაქტორთა, ანუ პროფესიონალ ჯარისკაცთა, მიღებით არის განპირობებული.

გაწვევის გეგმის შემცირების პარალელურად, ჯერ გასული წლის ივლისში, ხოლო, ბოლოს, მიმდინარე წლის მაისში მიღებული იმ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, რომელმაც თითქმის ყველა კატეგორიის წვევამდელისთვის გააუქმა ე.წ. გადავადების შეღავათები, გასაწვევი რესურსის რაოდენობა გაიზარდა და ამჟამად იგი, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 90-დან 120 ათასის ფარგლებში მერყეობს.

თუმცა, ასეთი თანაფარდობის პირობებშიც კი, ხელისუფლება ბოლომდე არ არის დარწმუნებული, რომ გაუქმებული სამხედრო კომისარიატების ნაცვლად შექმნილი ადგილობრივი სამხედრო განყოფილებები თავს იოლად გაართმევენ სახელმწიფოებრივ ამოცანას და ცოცხალი ძალით წელს მაინც სრულად დააკომპლექტებენ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს.

ასეთი სკეპტიციზმის საფუძველი წვევამდელთა მოუწესრიგებელი აღრიცხვიანობა და ის მანკიერი პრაქტიკაა, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოები, "ჩაწყობითა" და ნაცნობობით, პასპორტს აძლევენ წვევამდელებს, იღებენ მათ სამუშაოდ და საზღვარგარეთ წასვლის საშუალებასაც აძლევენ. ასეთი განუკითხაობის შესაჩერებლად, წელს საქართველოს პარლამენტმა მწვანე შუქი აუნთო სახელმწიფო კანცელარიიდან პრეზიდენტის ხელმოწერით შესულ კიდევ ერთ საკანონმდებლო ცვლილებას. საქართველოში სამხედრო გაწვევის კოორდინატორის, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული რეგიონალური მართვისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ირაკლი ბოჭორიძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები კანონის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევებში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებასა და ფულადი ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს.

[ირაკლი ბოჭორიძის ხმა] "დაახლოებით 18 ათას კაცზე მეტია ჩვენი ქვეყნიდან გასული. ანუ გამკაცრება ადმინისტრირების თვალსაზრისით ითვალისწინებს იმას, რომ სამსახურში არ უნდა მიიღონ წვევამდელი, რომელსაც წესრიგში არა აქვს დოკუმენტაცია, ასევე არ უნდა მოხდეს პირადობის მოწმობის და პაპორტის გაცემა იმ წვევამდელებზე, რომელთაც მიწერის მოწმობა არ გააჩნიათ."

მიუხედავად ასეთი წინასწარი სამზადისისა, სამოქალქო-სამხედრო განყოფილებებად გადაკეთებულ სამხედრო კომისარიატებში გაწვევის პირველ დღეებში დიდი ხალხმრავლობა არ შეიმჩნეოდა. ოთხშაბათს თბილისის პრესტიჟულ ვაკე-საბურთალოს სამხედრო განყოფილებაში სულ სამი წვევამდელი და მათი მშობლები მოვიდნენ, რომლებსაც აინტერესებდათ იმის გაგება, თუ სად შეიძლება გადავადების ოფიციალური მოსაკრებლის 200 ლარის გადახდა. თითქმის იგივე სურათი განმეორდა მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, რომლის ტერიტორიაზეც ქვეყნის თითქმის ყველა ადმინისტრაციული შენობაა განლაგებული. მხოლოდ პერიფერიულ გლდანი- ნაძალადევის რაიონში აღმოვაჩინე წვევამდელი, რომელიც გამწვევ განყოფილებაში უწყებით იყო მოსული და სამედიცინო კომისიის გავლის შემდეგ სამხედრო ნაწილში ჩარიცხვას ელოდა. სანამ იგი კომისიას გადიოდა, დედამისმა, ქალბატონმა ცირამ, რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში განაცხადა: სხვადასხვა დროს ჩვენი ოჯახის ყველა მამაკაცმა გაიარა სამხედრო სამსახური და ამიტომ ჩემს ვაჟსაც არ დასჭირვებია დიდი ხვეწნა-მუდარა კონსტიტუციური მოვალეობის შესასრულებლად, მით უფრო, რომ იგი მომავალში პროფესიონალ სამხედროდ გახდომას და "წვრთნისა და აღჭურვის" მსგავს პროგრამაში ჩართვაზე ოცნებობსო.

[წვევამდელის მშობლის ხმა] "მე სიამაყის გრძნობა მეუფლება და ყველა ახალგაზრდას, ვინც გასაწვევია სამხედრო სამსახურში, ასე სიამაყის გრძნობა უნდა ეუფლებოდეს."

მაგრამ ასეთი პათოსი ხომ გამონაკლისია საქართველოში. სამხედრო ნაწილებში არსებული ბევრი მოუგვარებელი საყოფაცხოვრებო პრობლემისა და არასაწესდებო ურთიერთობების გამო, ბევრი მშობელი კვლავ ყველა ღონეს ხმარობს, რათა საკუთარი შვილი დაიხსნას სამხედრო ვალდებულებისგან, რისთვისაც უკვე აღარ უწევთ კორუფციულ გარიგებაზე წასვლა გამწვევი განყოფილებების წარმომადგენლებთან. კანონის მიხედვით, ყველა მოქალაქეს შეუძლია 200 ლარიანი მოსაკრებლის გადახდით მოიპოვოს ერთწლიანი გადავადების უფლება, ან აირჩიოს არასამხედრო, ალტერნატიული სამსახურის ფორმა, რომლითაც შარშან, რელიგიური მოტივით, 140-მა მოქალაქემ ისარგებლა.

წინა ორი გაწვევის დროს გადავადების მოსაკრებელი 2200-მა წვევამდელმა გადაიხადა, საიდანაც შემოსული თანხის 80 პროცენტი, დაახლოებით 400 ათასი ლარი, თავდაცვის უწყების ანგარიშზე ჩაირიცხა. თუმცა სამხედრო ექსპერტების მიერ ჩატარებული გამოკვლევა ადასტურებს, რომ ამ ფულის პოტენციური გადამხდელი გაცილებით მეტი იყო, მაგრამ კომისარიატის მუშაკებმა შეძლეს ტრადიციული კორუფციული გარიგებით ამ თანხისთვის მისამართი შეეცვალათ.

აქედან გამომდინარე, თუ როგორ გაუძლებენ მამონას ცდუნებას ადგილობრივი განყოფილებები, რომლებიც უპირატესად ძველი კომისარიატების თანაშრომელთაგან არის დაკომპლექტებული, კვლავაც რიტორიკულ შეკითხვად რჩება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG