Accessibility links

logo-print

დემოკრატია და ბიუროკრატია


საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს მოჰყვა, მმართველ ბიუროკრატიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის

არსი ედუარდ შევარდნაძემ გამოხატა ცნობილი გამოთქმით: "ჩატეხილი ხიდი".

"ხიდჩატეხილობის" პრობლემა გაცილებით მწვავე ფორმებს იძენს ქვეყანაში, რომელიც თავის წიაღში დემოკრატიის დამკვიდრებას ცდილობს. თავისუფალი არჩევნები ამ პრობლემის გადაჭრის ყველაზე მოკლე და ნაყოფიერი გზაა.

მინდა დემოკრატიისა და ბიუროკრატიის თანაარსებობის პრობლემაზე გესაუბროთ.

როდესაც ილია ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანს?!" ვკითხულობთ, ადვილად ვხვდებით, რომ ლუარსაბ თათქარიძის ფიზიკური სიზარმაცე მხოლოდ გარეგნული ხატია მისი მთავარი პრობლემისა: სულიერი და გონებრივი სიზარმაცისა. ზუსტად ამგვარადვე, თუ ქვეყანაში ბიუროკრატია თავის მოვალეობებს არ ასრულებს და უფლებებს აჭარბებს, ეს რეალობა მხოლოდ გარეგნული ხატია ქვეყნის მთავარი პრობლემისა. ამ პრობლემას ფილოსოფოსმა და პოლიტოლოგმა გია ნოდიამ "სინდისის სიზარმაცე" უწოდა.

წესით და რიგით, ბიუროკრატია იმ ადამიანთა ერთობაა, რომლებიც საზოგადოების მართვასთან დაკავშირებულ ამოცანებს წყვეტენ. ბიუროკრატია სახელმწიფოს თანამდევი და აუცილებელი ატრიბუტია. მაგრამ, მეორე მხრივ, სადაც არის მმართველი ფენა, იქვეა საფრთხეც, რომ ადამიანთა ეს ერთობა უკანონოდ გამოიყენებს მის ხელში კანონიერად მოქცეულ ძალაუფლებას, საკუთარ ინტერესებს საზოგადოების ინტერესებზე მაღლა დააყენებს.

ერთადერთი, ვისაც შეუძლია და ევალება მუდმივად აკონტროლოს ბიუროკრატია, თავად საზოგადოებაა. დემოკრატია სწორედ ამას ჰქვია და ამისთვის არის საჭირო. სადაც საზოგადოების მხრიდან კონტროლი არ არსებობს, მმართველი ბიუროკრატია პრივილეგიებს იგროვებს, შემდეგ კი თავდადებით იბრძვის მათ შესანარჩუნებლად და ყოველგვარი გარდაქმნის მთავარი მტერი ხდება.

თუ საარჩევნოდ შექმნილი სახელისუფლო ბლოკის შემადგენლობას დავაკვირდებით, იქ ადვილად შევნიშნავთ ბიუროკრატიის სიჭარბეს. ერთი მხრივ, ბიუროკრატიას პარტიული მიზნები არ უნდა ჰქონდეს და არჩევნებთანაც არაფერი უნდა აკავშირებდეს. მეორე მხრივ, თუ ამჟამინდელი მმართველი ფენა მთელი ძალისხმევით არ იბრძოლებს ხელისუფლების გასამარჯვებლად, მას ორი საფრთხე დაემუქრება: დაკარგავს პრივილეგიებს, რომლებიც წლების განმავლობაში შეუკოწიწებია და მხილებულ იქნება კორუფციულ საქმიანობაში. ამიტომ, ბუნებრივია, ამა თუ იმ დარგის და ადგილობრივი მმართველობის ხელმძღვანელები თავგანწირვით იცავენ და დაიცავენ საზოგადოებრივი ცხოვრების დღეს არსებულ წესს. ისიც გასაგები ხდება, რატომ მოუწოდებენ ყველა რანგის თანამდებობის პირებს, მმართველ პარტიაში გაწევრიანდნენ და რატომ ამბობს ხშირად სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, რომ ორ სკამზე ჯდომის ხანა დასრულდა. წესით, ის ადამიანები, ვისკენაც ამგვარი მუქარა მიემართება, არც ერთ და არც ორ პარტიულ სკამზე არ უნდა ისხდნენ. ისინი თავის პროფესიულ ვალს პარტიული ხედვის გარეშე უნდა აღასრულებდნენ. მაგრამ საქართველოს დღევანდელი რეალობა ისაა, რომ ბიუროკრატია ისევ პარტიული ინტერესების ტყვეა, როგორც საბჭოთა კავშირის დროს. და ბოლო ათი წლის განმავლობაში არჩევნები ამ რეალობას ვერ ცვლის.

შესაბამისად, საზოგადოების დიდ ნაწილს არჩევნების მიმართ ნიჰილიზმი უჩნდება. ბევრი ფიქრობს, რომ მისი ხმა არაფერს შეცვლის, რომ ხელისუფლება მაინც თავისას გაიტანს, რომ ერთი მოქალაქის არჩევანი ჩირადაც არ ღირს.

გამოდის, ხელისუფლება, თავისი ბიუროკრატიით, ყოვლისშემძლე ურჩხულია, საზოგადოება კი - მისი მსხვერპლი. ასეთი პასიური პოზიცია ხელისუფლების კარგი მოკავშირეა. თუ ყურადღებით მოვუსმენთ, მოქალაქეთა კავშირის წევრების და მათი მომხრეების საუბარში ხშირად აღმოვაჩენთ ეჭვს და შიშს, რომ 2 ნოემბერს არჩევნებზე ხალხი არ წავა. ასეთი ეჭვები და შიში, სინამდვილეში, შენიღბული აგიტაციაა არჩევნების როლის დასაკნინებლად რიგითი მოქალაქის ცნობიერებაში.

მაგრამ რაც უფრო პასიური იქნება საზოგადოება, მით მეტად იაქტიურებს ბიუროკრატია. რაც მეტად შემცირდება მოქალაქის როლი სახელმწიფოს მართვაში, მით მეტად გაიზრდება ბიუროკრატის ძალაუფლება და კეთილდღეობა. ასე იყო ყველგან ყოველთვის და ასე იქნება საქართველოშიც. არ არსებობს კარგი და ცუდი ბიუროკრატია. არსებობს საზოგადოება, რომელიც ახერხებს ან ვერ ახერხებს გააკონტროლოს მმართველი ფენის საქმიანობა. ხელისუფლება საზოგადოების ნაწილია და საზოგადოება მთლიანად აგებს პასუხს თავისი ხელისუფლების მოქმედებაზე. სხვაგვარად ფიქრი არის სწორედ ის მოვლენა, რომელსაც გია ნოდიამ სინდისის სიზარმაცე უწოდა. ეს მოვლენა განსაკუთრებით მავნეა ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის და მისი რიგითი წევრისთვის ოთხ წელიწადში ერთხელ - არჩევნების დღეს.
XS
SM
MD
LG