Accessibility links

logo-print

ილუზიონიზმი, მოგეხსენებათ, იმიტაციაა


ილუზიონიზმი, მოგეხსენებათ, იმიტაციაა

და ყველა ნორმალური ილუზიონისტი ამქვეყნად აღიარებს, რომ ილუზიონისტის ხელოვნება პუბლიკის მხედველობის მცდარობას ემყარება. ამ მხრივ, გამონაკლისი არც ქართველი ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორიაა. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ამ კაცმა, რომელიც გვარწმუნებს, რომ შეუძლია "ქართლის დედაც" კი გააქროს (თუკი ამის საშუალებას მისცემენ), მტკვრის სანაპიროზე თავმოყრილი პუბლიკა "გააცურა". რატომ აირჩია ტრიუკისთვის მან 26 მაისი, ზუსტად არავინ იცის. ფაქტია, რომ ვადაჭკორიამ, რომელიც ლითონის სკივრით ჩაუშვეს მტკვარში, ყველა ერთნაირად ვერ გაახარა. ზოგიერთ მაყურებელს არა ფოკუსის, არამედ "სიმართლის" ნახვა მოუნდა. ბავშვები ყვიროდნენ:

[ბავშვის ხმა] "მოგვატყუა, ამდენი ხალხი მოიყვანა აქა."

ხალხის შეგროვება კი სადღესასწაულოდ არამარტო ქართველმა არტისტებმა მოინდომეს. ხალხი შეაგროვეს (სხვათა შორის, ისევ მტკვრის სანაპიროზე) არტისტიზმით განთქმულმა პოლიტიკოსებმაც. ილუზიონისტ ვადაჭკორიას მსგავსად, წინასაარჩევნოდ ისინიც "სასწაულებს" ქმნიან ან გვპირდებიან "სასწაულებს". 26 მაისს, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილმა თავისი ახალი ინიციატივა გაგვაცნო: საკრებულოს თავმჯდომარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს - ბულვარად გადაქცევას უპირებს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "გაიხსნება კაფეები, იქნება მტკვარზე ასასვლელი, ივლის კატერები, რომლებიც დიდუბიდან, საბურთალოდან მოიყვანენ ხალხს, ერთი სიტყვით, თბილისში გაჩნდება სანაპირო და ბულვარი."

"ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,/ და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?" - კითხულობდა ბარათაშვილი, როცა "მტკვრის პირზედ", "სევდიანი, ფიქრთ გასართველად’’ "წარვიდოდა" ხოლმე... წინასაარჩევნოდ "სოფლისთვის ზრუნვა" ყველამ მოინდომა... საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 2 ნოემბრამდე აღარ განმეორდება, ამიტომ პოზიციამ და ოპოზიციამ ერთდროულად გადაწყვიტეს "არ აკმარონ" თბილისელებს "ნატვრის ასრულება", ე.ი. წელს უფრო გაახარონ, ვიდრე წინა წლებში. იმ დროს, როცა საკრებულოს თავმჯდომარე "მტკვრის პირას" ნარდს თამაშობდა, ლეიბორისტები კი კრწანისის წმინდა მიწაზე ლოცულობდნენ, ახალგაზრდა აქტივისტებმა დროშებით შემკული საბარგო მანქანით ჩამოუარეს თბილისს და ახალი "გიხაროდენ", ე.ი. "ახალი საქართველოს" ახალი ჰიმნის ჩანაწერი დაარიგეს. სიმღერის ავტორი ჯემალ სეფიაშვილი თურმე უარყოფს, რომ ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზე დაწერილ ჰიმნს უშუალო კავშირი აქვს სახელისუფლო ბლოკთან... თუმცა ფაქტია, რომ სიმღერის მოტივი ძალიან ჰგავს სახელგანთქმულ "გიხაროდენ"-ს და, რაც მთავარია, ჰიმნი პირველად შესრულდა ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ კონცერტზე, რომელიც 26 მაისს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. აქ კი ღიად განაცხადეს (თანაც, ორჯერ), რომ ღონისძიების სული და გული საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეა. სტუდენტური დღეების დახურვისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების წამყვანი აჩი ფურცელაძე დაჟინებით მოითხოვდა აპლოდისმენტებს ხელისუფლების წარმომადგენელთა გვარების დასახელებაზე:

[აჩი ფურცელაძის ხმა] "და, რაც მთავარია, უკვე მერვე წელია ჩვენში სტუდენტური დღეები ტარდება და ეს არის ერთი ადამიანის დამსახურება - საქართველოს პრეზიდენტის, ბატონი ედუარდ შევარდნაძის.... აპლოდისმენტები... "ხელები მოვამზადოთ, ხელები - ხელები მარტო საჩხუბრად არ გვინდა, ხელები ტაშისთვის... მაშ, ასე, ძალიან დიდი მადლობა საქართველოს პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს... ავთანდილ ჯორბენაძეს."

რესპუბლიკის მოედანზე, ეგრეთ წოდებულ "ანდროპოვის ყურებთან", ხალხი, მართლაც, ბლომად შეგროვდა. არ არის გამორიცხული, რომ ამ შოუს ორგანიზატორებმა მეორე დღეს ხელისუფლებას პატაკი ჩააბარეს და სადღესასწაულო კონცერტი სახელისუფლო ბლოკის მხარდამჭერთა აქციად "მონათლეს"... თუმცა უმრავლესობა აქ ტაშის დასაკვრელად არ მოსულა - ახალგაზრდებს თავიანთი კერპის, მერაბ სეფაშვილის, "მუქთად" მოსმენა უფრო უნდოდათ... მაგრამ სეფაშვილი და "ქუჩის ბიჭები" სცენაზე ძალიან გვიან გამოიყვანეს - მას შემდეგ, რაც ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტების "თვითმოქმედება" მოასმენინეს... "გოდოს მოლოდინმა" ახალგაზრდები გადაღალა, ამიტომაცაა, რომ წამყვანი სცენიდან დროდადრო ასეთ რეპლიკებს ისროდა:

[აჩი ფურცელაძის ხმა] "მე ვატყობ, რომ აქ ერთმანეთს ვაწვებით და რაღაცა… ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს პრობლემას ნუ შეუქმნით... ეს სპორტსმენი ადამიანები… თუმც არამარტო სპორტსმენები არიან ამ პაკალენიაში… მე ვატყობ, იქ ჩხუბია. ჩემკენ ყურადღება, თამაშობენ, თამაშობენ. არ ღირს დღევანდელი დღის ჩამწარება, დღეს კარგი დღეა, ენა შეყავი, ენა შეყავი, ხელები არ ჩანს."[სტილი დაცულია]

ვერ გეტყვით, ვისი ენა ჰქონდა მხედველობაში კონცერტის წამყვანს, ან ვის უყოფდა ენას ეს "პაკალენია"... ერთი კი ცხადია, ხელისუფლებამ მაინც "მოასმენინა" ახალი საქართველოს ჰიმნი ახალგაზრდებს. მართალია, გოგო-ბიჭებმა ჰიმნი ფონოგრამაზე შეასრულეს, სამაგიეროდ, სცენაზე "ცოცხალი" კომპოზიტორი და პოეტი ვიხილეთ.

[ხმა: "ახალი ხმები -ახალ საქართველოს". ჰიმნი მოქალაქეთა კავშირისთვის: "ციდან მოდის სამართალი"]

დიახ, "ახალი საქართველოსთვის" სამართალი "ციდან მოდის" და არა, დავუშვათ, პარლამენტიდან და, მით უმეტეს, სასამართლოდან. "ციდან მოსულ" გადაწყვეტილებას კი ვერ გააპროტესტებ... გეტყვიან, ასე უნდა უფალსო... აი, მიდით და რამდენიც გინდათ, იმდენი ამტკიცეთ, რომ პოეტი ბესიკ ხარანაული უფრო კარგ ლექსებს წერს, ვიდრე პოეტი რევაზ ამაშუკელი... შეიძლება იზა ორჯონიკიძის ლექსები გირჩევნიათ ამაშუკელის ლირიკას... თქვენ მაინც არავინ გკითხავთ და რუსთაველის პრემიებს, რომელიც "პრეზიდენტთან არსებულია", მაინც ისე გაანაწილებენ, როგორც "ცაში აღმართულ" შენობაში, ანუ კანცელარიაში, ინებებენ.. ესეც თავისებური "ილუზიონიზმია" - რუსთაველის პრემიების კომიტეტში, როგორც ჩანს, ტრიუკების მშვენიერი ოსტატები მუშაობენ... წელს, მაგალითად, კომიტეტს ვერავინ დააბრალებს, პრემიით იმას აჯილდოებთ, ვინც ხელისუფლებასთან მეგობრობსო... რეზო ამაშუკელი გახდა რუსთაველის პრემიის ახალი ლაურეატი (ე.ი. "აჯობა" ხარანაულს და ორჯონიკიძეს), მაგრამ თეიმურაზ გოცაძე ხომ არ გახდა? ეს მხატვარიც ხომ "მოქალაქეთა" ერთგულ მეგობრადაა მიჩნეული? მერე რა, რომ რუსთაველის პრემია ვერ გაიმეტეს გასული წლის ქართული მუსიკალური ცხოვრების ნამდვილი მარგალიტისთვის - აჭარის სახელმწიფო კაპელისთვის (ამ კოლექტივის გამარჯვება დღეს, არჩევნების წინ, "ცაში აღმართული" შენობის მესვეურთა პოლიტიკურ შეცდომად აღიქმებოდა), ან ვახტანგ კახიძისთვის (ე.ი. "ახალი მემარჯვენეების" აქტივისტისთვის). ლაურეატთა სიის სათავეში ორი ისეთი განსხვავებული მწერალია, კომიტეტს ტენდენციურობაში ვერავინ ამხელს - რევაზ ამაშუკელი და გურამ დოჩანაშვილი... თანაც, ერთი პოეტი, მეორე - მწერალი... და თუ მაინც ამხელს, აუცილებლად ეტყვიან: "ენა შეყავი, ხელი აწიე და იყვირეო"... ისე, როგორც 26 მაისს მოგვიწოდა, "კულტმასობრივი" ღონისძიების წამყვანმა, რომელმაც არა მარტო პუბლიკის მხედველობის, არამედ პუბლიკის სმენის მცდარობაზეც ააგო თავისი ტრიუკები:

[აჩი ფურცელაძის ხმა] "დღეს 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, იყვირეთ! დაახლოებით ასე უნდა ყვიროდეს საქართველო, რომელიც დამოუკიდებელია, ცოტა ხანში უფრო ავყვირდებით."
XS
SM
MD
LG